ჟიგიმანტას პავილიონისი ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს პასუხობს

საქართველოს ევრო-ატლანტიკური გზის მხარდამჭერი და ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს პასუხობს. ის სირცხვილს უწოდებს მდინარაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ პავილიონისმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით იგივე განცხადება გააკეთა, რაც რუსმა პროპაგანდისტმა, ვლადიმირ პოზნერმა. პავილიონისი ტვიტერზე წერს, რომ ის მუდმივად იბრძვის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

“სირცხვილია. რუსეთ-საქართველოს ომის დროს მე ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და პასუხისმგებელი საქართველოს დახმარებაზე, რომ ამ შემაშფოთებელ აგრესიას გამკლავებოდა. ამ რთულ პერიოდში და მას შემდეგ ყოველდღე, მე ვიბრძვი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მთელ რეგიონში”,- წერს პავილიონისი.

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმირ პოზნერის და ჟიგიმანტას პავილიონისის საქართველოში ჩამოსვლის საკითხს ათანაბრებს და აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, პავილიონისმა რამდენიმე კვირის წინ იგივე თქვა, რაც ვლადიმირ პოზნერმა. ამით მდინარაძე პავილიონისის 21 თებერვლის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პავილიონისმა მთავრობას მიმართა და თქვა:

“თქვენ უკვე კარგავთ ტერიტორიებს, გინდათ, რომ მომავალიც დაკარგოთ? თუ არ გაერთიანდებით და ერთად არ იმუშავებთ, დიდი იქნება ფასი, რომლის გადახდაც მოგიწევთ”.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი: პოზნერმა საქართველო რამდენჯერმე აბუჩად აიგდო, დიახ, ასეთ ადამიანებს საქართველოში შემოსვლა უნდა ეკრძალებოდეთ
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: რაც შეეხება ჩემს ე.წ. პრორუსულობას, მდინარაძემ ჰკითხოს კობახიძეს, რატომ იდგა მამამისი, დედამისი და თავად ჩემ გვერდით, მაშინ, როდესაც მე „პაკლონნაია გარაზე“ ვიყავი, რატომ?