ელჩი ყაველაშვილის წერილზე: სავსე იყო ტყუილით, შეთქმულების თეორიით, ბოლომდე ვერც წავიკითხე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატის მიხეილ ყაველაშვილის წერილს ეხმაურება, სადაც ყაველაშვილი ამბობს, რომ კარგი იქნებოდა, “ამერიკის იმიჯის დასაცავად, ნაციონალური მოძრაობის განხორციელებულ პროვოკაციებს ელჩი საჯაროდ გამიჯვნოდა”.

დეგნანის თქმით, დეპუტატის წერილი იყო სავსე ტყუილებითა და შეთქმულებების თეორიებით, რის გამოც მისი წაკითხვა ბოლომდე ვერ შეძლო.

როგორც დეგნანმა აღნიშნა, უცნაურია, რომ ქართული ოცნების ყოფილი წევრების ნარატივი ემთხვევა მმართველი პარტიის ზოგიერთი ლიდერის სიტყვებს.

“წერილი, რომელიც სავსე იყო ტყუილითა და შეთქმულებების თეორიებით, ბოლომდე ვერც წავიკითხე. ნამდვილად არ ესმის მას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობს და მხარს უჭერს არა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, არამედ ქართველ ხალხს, მხარს უჭერს ქვეყნის დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, რომლებიც კონსტიტუციის თანახმადაა შექმნილი. მაგალითად, როგორიცაა სახალხო დამცველის ოფისი და აქვთ კონსტიტუციური მანდატი, რომ დაიცვან ყველა ქართველი მოქალაქის უფლება. ნებისმიერი დემოკრატიისთვის საშიშია, როდესაც ამგვარად ხდება დამოუკიდებელი ინსტიტუტების ძირის გამოთხრა.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ საკითხზე, რომელიც უკვე მრავალჯერ ითქვა, რომ არის ტყუილი. შეერთებულ შტატებს და ევროპას არ სურთ, რომ საქართველო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩაითრიონ. ყველაფერს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია, რომ ეს ომი არ გაფართოვდეს და ის დასრულდეს. შტატები მუშაობს მშვიდობისთვის და მზადაა ითანამშრომლოს ყველასთან, ვისაც აქვს მშვიდობისთვის მუშაობის და ძალისხმევის გაწევის სურვილი.

ვფიქრობ, პრემიერმინისტრმა ნატოს სამიტზე კარგად დაინახა ის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია პუტინის მიერ გაჩაღებული სასტიკი და აგრესიული ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებისკენ. ჩემთვის ძალიან უცნაურია, რომ ქართული ოცნების ყოფილი წევრების ნარატივი რატომღაც ძალიან ემთხვევა მმართველი პარტიის ზოგიერთი ლიდერის სიტყვებს, რომლებიც იმეორებენ დეზინფორმაციას. ჩემი შეკითხვა იქნება: რა არის მათი მოტივი, როდესაც იმეორებენ ტყუილსა და ცრუ ინფორმაციას”, – თქვა დეგნანმა.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო ცვლილებების მიღება „ქართული ოცნებისთვის” ტესტია, რამდენად აპირებენ დეპოლარიზაციის პროცესის დაწყებას და რამდენად მისცემენ პატარა პარტიებს პოლიტიკაში შემოსვლის საშუალებას – ბეჟაშვილი
შემდეგი სტატია„თავისუფალი სამყარო იკვრება, რომ მოახრჩოს რუსეთი და ჩვენ ამ დროს არ უნდა ამოვვარდეთ აქედან, ეს იქნება პრაგმატულადაც და მორალურადაც მავნებლობა საკუთარი ქვეყნის წინაშე“ – გიგა ბოკერია