“ელჩების ერთობლივ განცხადებაში პირდაპირაა ნათქვამი, რომ 8 მარტის შეთანხმება არ არის შესრულებული”

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის თქმით, საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მონაწილე ელჩების ერთობლივ განცხადებაში პირდაპირაა ნათქვამი, რომ 8 მარტის შეთანხმება არ არის შესრულებული.

„არ შეასრულა „ქართულმა ოცნებამ“, რადგან ტექსტში პირდაპირ წერია, რომ მხარეებს მოუწოდებენ 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულებას, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში კვლავ გრძელდება პოლიტიკური დევნა და გათავისუფლებული არ არის ყველა პოლიტიკური პატიმარი“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

გოცირიძის თქმით, რაც შეეხება იმას, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, აღნიშნული ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ისინი არ ენდობიან ბიძინა ივანიშვილს და არსებობს რისკები.

„ეს იმ დასკვნის გამოტანის საფუძველს გვაძლევს, რომ გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია ერთ ადამიანზე, ხმები აქვთ, უნდათ, გაიტანენ, არ უნდათ, ჩააგდებენ. 27 წარმომადგენელი შევა ოპოზიციიდან, 28-ს მოძებნიან „ქართულ ოცნებაში“ და ისეთი გადაწყვეტილება იქნება, როგორიც უნდა ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ, ამ პროცესზე პასუხისმგებლობა მთლიანად „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს ეკისრება.

ელჩების მოწოდება იმის თაობაზე, რომ სრულყოფილად იყოს შესრულებული შეთანხმება, ეს იმას ნიშნავს, რომ შეთანხმება „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა, პოლიტპატიმარი გვყავს და ფაქტობრივად, გვარის დასახელების გარეშე ითხოვენ გიორგი რურუას გათავისუფლებას. გაათავისუფლონ და კენჭისყრაში მონაწილეობას მივიღებთ“,- აღნიშნა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია-აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერებთან ვიდეო კონფერენციისას სანდო პარტნიორის რანგში განვამტკიცეთ საქართველოს ევროპული მისწრაფებები
შემდეგი სტატია“20 ივნისი იყო საკმაოდ მძიმე დღე, უფლებამოსილების გადაცდომა არის ძალიან ცუდი და ამას მოჰყვა სერიოზული რეაგირება “