ეკა ბესელია: პრეზიდენტი, უმჯობესია, ამ არგუმენტებს გაეცნოს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია

უმჯობესია, პრეზიდენტი იმ არგუმენტებს გაეცნოს, რაზეც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პოლიტიკური შეთანხმებაა მიღწეული, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ განუცხადა, რომელიც მიიჩნევს, რომ საარჩევნო კოდექსში ძირეული ცვლილებებია განსახორციელებელი, რაც არა 2020 წლისთვის, არამედ 2016 წელს უნდა მოხდეს.
ეკა ბესელიას თქმით, საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებულია და მუდმივი ცვლილებების პროცესში ყოფნა არასტაბილურობას შექმნის.
“ამ დროისთვის იმდენი არგუმენტი იყო ნათქვამი და იმდენზე იყო ეს პოლიტიკური შეთანხმება ახსნილი, რომ არა მგონია, რაიმე გაუგებარი იყოს. პრეზიდენტი, უმჯობესია, ამ არგუმენტებს გაეცნოს. საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებულია და მუდმივი ცვლილებების პროცესში ყოფნა არასტაბილურობას შექმნის. პოლიტიკური შეთანხმების ნაწილია ის ცვლილებები, რასაც მან ხელი მოაწერა და შესაბამისად, სურვილებით გაკეთებული განცხადებები არ ქმნის სერიოზულ პოლიტიკურ ფონს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ხელმოწერის მიუხედავად, “საარჩევნო კოდექსში” განხორციელებული ცვლილებები “არანაირად არ არის ის საარჩევნო რეფორმა, რომელზეც წლებია ვსაუბრობთ”.
ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და საზოგადოებას რამდენიმე გარემოება განუმარტა.
“დღეს მე ხელი მოვაწერე “საარჩევნო კოდექსში” განხორციელებულ ცვლილებეს, მაგრამ ამასთან დაკავშირებით მინდა გავაკეთო რამდენიმე განმარტება: პირველი – ეს ცვლილებები არანაირად არ არის ის საარჩევნო რეფორმა, რომელზეც წლებია ვსაუბრობთ. ეს ცვლილებები განპირობებულია იმ მოთხოვნებით, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით დაადგინა. შესაბამისად, ეს სრულიად ტექნიკური ტიპის ცვლილებებია და რეალურად საარჩვენო რეფორმა, რომელიც პოლიტიკურ აქტორებს შორის სრულ თანხმობას და თამაშის წესებზე ერთიან შეხედულებას დაადგენდა, ჯერ ჩვენ არ გვაქვს”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივადაზე ადრე გათავისუფლების საბჭომ 15 პატიმრის საქმეზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო
შემდეგი სტატიაბრიუსელში თვითმკვლელის ქამარი და სალაჰ აბდესლამის თითის ანაბეჭდები იპოვეს