ე.წ. ურჩი დირექტორები უნდა დაესაჯათ, ბრძანება გასცა გახარიამ – ბაჩანა შენგელია პროკურატურას მიმართავს

ბაჩანა შენგელია პროკურატურას წერილით მიმართავს. ზუგდიდის მე-6 საჯაროს სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შვილი შინაგან საქმეთა მინისტრის გამოკითხვას ითხოვს. მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ზუგდიდში ყოფნის დროს გიორგი გახარიამ განათლების მინისტრს დაავალა, რომ მე-6 საჯარო სკოლაში ინსპექტირების სამსახური შესულიყო.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრს უკვე ჰქონდა ინფორმაცია, რომ კერზაია არ იყო „ქართული ოცნების“ აგიტატორი და არ ასრულებდა მმართველი პარტიის დაკვეთებს.

ბაჩანა შენგელია ყველა შესაბამისი პირის დაკითხვას ითხოვს, მათ შორის შს მინისტრის. მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ გიორგი გახარიას ბრალეულობა დამტკიცდება, ის პასუხისგებაში უნდა მიეცეს.

„ეს იყო პოლიტიკური დავალება, ვინაიდან ამ შემთხვევაში მათ სჭირდებოდათ ზუგდიდში მეორე ტურში გამარჯვება და ე.წ. ურჩი დირექტორები, რომლებიც მათ სასარგებლოდ, საუბარია სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ რ აწარმოებდნენ კამპანიას, უნდა დაესაჯათ სამაგალითოდ. ჩვენი ინფორმაციით, ეს ბრძანება გასცა სწორედ გიორგი გახარიამ. ამ შეხვედრას ესწრებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია და შტაბის სხვა წარმომადგენლები, რომლებმაც, ალექსანდრე მოწერელიაზე მაქვს საუბარი, დაადასტურა კიდევაც ეს ყველაფერი მოწმეთა თანდასწრებით და თქვა, რომ მას ჰქონდა კომუნიკაცია აღნიშნულთან დაკავშირებით შს მინისტრ გიორგი გახარიასთან. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ, ყველა ამ პირის დაკითხვას და დადასტურების შემთხვევაში, გიორგი გახარიას პასუხისგებაში მიცემას,“ – განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

banner
წინა სტატიაშითავისუფლებაში ელექტრონული სამაჯურით – ადვოკატის განცხადებით, მელიას დეპუტატის უფლებამოსილება ვერ შეეზღუდება
შემდეგი სტატია,,გიორგი გახარია კარგა ხანია მიზანშია ამოღებული იმიტომ, რომ პოპულარული მინისტრია”