,,გიორგი გახარია კარგა ხანია მიზანშია ამოღებული იმიტომ, რომ პოპულარული მინისტრია”

გიორგი გახარია კარგა ხანია მიზანშია ამოღებული იმიტომ, რომ პოპულარული მინისტრია, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ზაზა ხუციშვილმა განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ზაზა ხუციშვილი „ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტს გამოეხმაურა, რომელიც გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის თაობაზე მოამზადა პარტიამ. ხუციშვილის თქმით, პასუხისმგებლობა მაშინ დგება თუ კი დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა არაკანონიერი ბრძანება გასცა, რაც ამ ეტაპზე არ იკვეთება.

„სამართლებრივი პასუხისმგებლობა მაშინ დგება თუ კი დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა არაკანონიერი ბრძანება გასცა ან ხელი დააფარა რომელიმე თანამშრომელს, ვინც დანაშაული ჩაიდინა. ასეთი რამე არ იკვეთება. გამომდინარე, რომ პოლიციელთა გადაცდომები მოხდა ძალიან დიდი ხალხმრავლობის და არეულობის დროს, ამ გამოძიებას სჭირდება გარკვეული გონივრული ვადა. რომელი ტყვია სად გაფრინდა და ვის დამიზნებით მოხვდა და ვის შემთხვევით, ამას ყველაფერს გამოძიება უნდა.

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არა პარლამენტზე ორსაათიანი შტურმი, რომელიც თავიდან ბოლომდე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო დაგეგმილი და სამართლიანად გამოსული ახალგაზრდები აიყოლიეს, ყველა პირობა მაშინვე დაკმაყოფილებული იყო. სხდომა შეწყდა და გავრილოვი 19:00 საათზე თვითმფრინავში ჩაჯდა და თავის ქვეყანაში გაფრინდა.

პოლიტიკური შეფასება გავაკეთეთ და შეცდომა ვაღიარეთ, რომელიც მოხდა. გამომდინარე იქიდან, რომ
რუსეთი თავმჯდომარე ქვეყანა იყო და ასამბლეა საქართველოში ტარებოდა დარბაზი სხვა უნდა შერჩეულიყო. ეს გაუთვლელი შეცდომა იყო, რომელზეც პასუხისმგებლობა პარლამენტის თავმჯდომარემ და იმ დეპუტატმა აიღო რომელიც ორგანიზატორი იყო“, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

​ამასთან უმრავლესობის დეპუტატი მიიჩნევს, რომ შს მინისტრის მიერ დადებული პირობა, რომ ყველა ფაქტი გამოძიებული იქნება შესრულდება.

„გიორგი გახარია კარგა ხანია მიზანშია ამოღებული იმიტომ, რომ პოპულარული მინისტრია. გახარიამ პირობა დადო, რომ ყველა ფაქტი გამოძიებული იქნება და დარწმუნებული ვარ, ეს პირობა შესრულდება. გიორგი გახარიამ პარლამენტი, მე და ჩემი კოლეგები დაგვიცვა შეტევისგან, რომელიც ორსაათიანი ინტენსიური შეტევა იყო. ამას ხელს ნუ დავაფარებთ. თუ სამართლიანები გინდათ იყოთ თქვით, რომ სერიოზული შტურმი იყო, მაგრამ დაშლის დროს ბოლო ფაზაზე გამოჩნდა, რომ რამდენიმე გადაცდომა იყო. ამაზე რეაგირება უნდა იყოს“, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

„ევროპულმა საქართველომ“ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის თაობაზე დადგენილების პროექტი მოამზადა. პროექტში ნათქვამია, რომ 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან ძალის გადამეტების გამო, რასაც მოჰყვა საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის დაზიანება, დაუყოვნებლივ უნდა დადგეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი და ძალის გადამეტების ჩამდენი სამართალდამცველების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

banner
წინა სტატიაშიე.წ. ურჩი დირექტორები უნდა დაესაჯათ, ბრძანება გასცა გახარიამ – ბაჩანა შენგელია პროკურატურას მიმართავს
შემდეგი სტატიაგახარია, წადი! – ბანერები ხიდებზე გადმოფინეს