ძალოვანი უწყებების სახელმწიფო შესყიდვებზე შესაძლოა, გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ საერთაშოროსო პრაქტიკის გათვალისწინებით, ძალოვანი უწყებების სახელმწიფო შესყიდვებზე შესაძლოა, შეზღუდვები გავრცელდეს, რათა არასანდო მომწოდებლების ჩართვა არ მოხდეს ტენდერებში.

ირაკლი სესიაშვილის თქმით, ამ შესყიდვებს აქვს სამართლებრივი და მორალური მხარე.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სამართლებრივად თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების შესყიდვები აბსოლუტურად გამართულია.

„რაც შეეხება მორალურ მხარეს – არავის გვსიამოვნებს, რომ შესაძლოა, არასანდო პირები აწვდიდნენ, მათ შორის არასაიდუმლო დანიშნულების მასალებს თავდაცვის სამინისტროს ან შსს-ს. თუ მორალურ ნაწილზე ვსაუბრობთ, მაშინ არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოს ვაშენებთ“, – აღნიშნავს სესიაშვილი.

მისივე თქმით, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, შესყიდვებზე შესაძლოა, გარკვეული შეზღუდვების დაწესება მოხდეს.

„თუ მორალურად დავიწყებთ შეფასებებს – ის, ვისაც ყველაზე მეტი პრეტენზია აქვს და პარლამენტის ტრიბუნიდან ამბობდა, დავიბაროთ შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებიო, მე უნდა მივუთითო იმ მხარეზე, რაც მათი მოქმედებით გამოიხატება ქართულ პოლიტიკაში. ჩვენ თავდაცვის სამინისტროსთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რათა გამოვნახოთ ის ფორმა, რომელიც დაემყარება საერთაშორისო პრაქტიკას, რომ თავიდან ავიცილოთ, თუნდაც არასაიდუმლო შესყიდვების დროს არასანდო ან არასაიმედო მომწოდებლების ჩართვა სხვადასხვა სახელმწიფო ტენდერში. ეს შეიძლება იყოს გარკვეული რისკების შემცველი, თუმცა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლოა, გარკვეული შეზღუდვები დავაწესოთ“, – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძე ზოოპარკისგან სირაქლემას ითხოვს
შემდეგი სტატიარუსეთის რეაქცია ბრიტანეთში “ნოვიჩოკით” კიდევ ერთ მოწამვლასთან დაკავშირებით