ზურაბ ჯაფარიძე ზოოპარკისგან სირაქლემას ითხოვს

13 ივლისს სასამართლოში ზურა ჯაფარიძის პროცესი იმართება. პოლიტიკურმა პარტიამ, „გირჩმა” ზოოპარკს წერილით მიმართა, 13 ივლისს სასამართლო პროცესზე ნახევარი დღით ათხოვონ სირაქლემა.

ზოოპარკის ადმინისტრაციისთვის გაგზავნილ წერილს ,,თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ.

„თბილისის ზოოპარკის დირექტორს, ბ-ნ ზურაბ გურიელიძეს. ბ-ნო ზურაბ, გაცნობებთ, რომ ამა წლის 13 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, გაიმართება ზურაბ ჯაფარიძის გადადებული პროცესი, რომელზეც ბ-ნ ზურაბს პოლიცია დაუმორჩილებლობასა და პოლიციისათვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავება.

მიუხედავად იმისა, რომ ზურაბ ჯაფარიძეს 12 მაისის ღამით რუსთაველის გამზირზე ზემოთ აღნიშნული დანაშაული არ ჩაუდენია და შსს-მ სასამართლოზე ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, გარდა პოლიციელთა ცრუ ჩვენებებისა. სასამართლოსთან ჩვენი ურთიერთობის გამოცდილება არ გვიტოვებს იმედს, რომ პროცესი წარიმართება შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით და სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას.

გირჩი მიიჩნევს, რომ საქართველოში არ არსებობს სასამართლო და საერთო სასამართლოების სისტემა მთლიანად გადაქცეულია ქვიშაში თავჩარგულ სირაქლემად, რომელიც არ იმჩნევს ქვეყანაში გამეფებულ უსამართლობას.

ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ამ რეალობის თვალსაჩინოდ დემონსტრირებისთვის, გთხოვთ, 13 ივლისისთვის, ნახევარი დღით გვათხოვოთ ერთი დედალი სირაქლემა.

სირაქლემას ტრანსპორტირებას თბილისის საქალაქო სასამართლომდე და უკან ზოოპარკში, უზრუნველვყოფთ ჩვენ. ასევე, როგორც კი გვექნება თქვენი დასტური, ჩვენვე ჩავაყენებთ საქმის კურსში საპატრულო პოლიციას, რომ სირაქლემას ტრანსპორტირების დროს თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი შესაძლო ექსცესი.

საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიყოთ ერთი სირაქლემების პროფესიონალი მომვლელი, რომელიც ამ ნახევარ დღეს გაატარებს ჩვენთან ერთად, მოგვცემს რეკომენდაციებს, დააკვირდება პროცესს და დარწმუნდება, რომ ცხოველის მიმართ ადგილი არ ექნება არაადამიანურ მოპყრობას.

წინასწარ გიხდით მადლობას დახმარებისთვის. ერთად შევქმნათ სამართლიანი სასამართლო საქართველოში! პატივისცემით, იაგო ხვიჩია, თავმჯდომარე, გირჩი”

გირჩის წერილს გამოეხმაურა თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე. მისი თქმით თბილისის ზოოპარკს სირაქლემა არ ყავს და ეს ემუა, ამასთანავე ზოოპარკიდან ცხოველის ან ფრინველის დროებით თხოვება გამორიცხულია, რადგან ეს ცხოველებისთვის სტრესთან არის დაკავშირებული.

banner
წინა სტატიაშიდღეიდან „შტადლერის“ მატარებლებში, მგზავრებს საკვებისა და გამაგრილებელი სასმელების შეძენა შეეძლებათ
შემდეგი სტატიაძალოვანი უწყებების სახელმწიფო შესყიდვებზე შესაძლოა, გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს