რუსეთის რეაქცია ბრიტანეთში “ნოვიჩოკით” კიდევ ერთ მოწამვლასთან დაკავშირებით

“ეს ძალიან საგანგაშო ამბავია და ცხადია, ღრმა შეშფოთებას იწვევს, რადგანაც მსგავსი შემთხვევა პირველი არ არის დიდ ბრიტანეთში. ცხადია, ჩვენ შეშფოთებულები ვართ. მაინც ევროპაა და მსგავს ნივთიერებას განმეორებით იყენებენ. თუმცა, მეორეს მხრივ, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რა ნივთიერება იქნა გამოყენებული და როგორ” – ასეთი კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა ბრიტანეთში “ნოვიჩოკით” მოწამვლის ახალ ფაქტზე, რომელიც რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი.

რუსეთის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს პირველმა დირექტორმა სერგეი სტეპაშინმა კი თქვა, რომ მომხდარიდან ჩანს, რომ ბრიტანეთს მომწამვლელი ნივთიერებების შენახვის პრობლემა აქვს: “ყველაფრიდან გამომდინარე, ბრიტანეთის მთავრობას მომწამვლელი ნივთიერებების შენახვაზე პრობლემები აქვს ლაბორატორია პორტონ-დაუნში. ამიტომ, ბრიტანეთმა მიზეზები თავისთან უნდა ეძებოს – პორტონ-დაუნის რაიონში და საბოლოოდ უარი თქვას ბოდვით ვერსიაზე რუსეთის მონაწილეობის შესახებ, მაგრამ, ცხადია, რომ ბრიტანეთი დამოუკიდებლად ვერ იძიებს სოლსბერისა და ეიმსბერის ინციდენტებს” – სერგეი სტეპაშინმა რუსულ მედიასთან განაცხადა.

45 წლის ჩარლი როული და 44 წლის დონ სტერჯესი სახლიდან საავადმყოფოში 30 ივნისს გადაიყვანეს. თავდაპირველად ექიმებს ეგონათ, რომ წყვილს ჰეროინის ან კოკაინის მოწამვლა ჰქონდა. ანალიზების შემდეგ, რომელიც ქიმიურ ლაბორატორიაში გააგზავნეს, დადგინდა, რომ დაშავებულები “ნოვიჩოკით” არიან მოწამლული.
შემთხვევა ქალაქ ეიმსბერიში მოხდა, რომელიც სოლსბერიდან 11 კილომეტრში მდებარეობს, სადაც 4 მარტს სკრიპალები მოწამლეს.

როული და სტერჯესი ბრიტანეთის მოქალაქეები არიან. სტერჯესების ოჯახმა მომხდარის შესახებ მედიიდან შეიტყო. დაშავებულები, ექიმების შეფასებით, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან.

პოლიცია ფიქრობს, რომ ისინი თავდასხმის ობიექტები არ იყვნენ, სავარაუდოდ, ისინი “ნოვიჩოკთან” კონტაქტში შემთხვევით შევიდნენ.

banner
წინა სტატიაშიძალოვანი უწყებების სახელმწიფო შესყიდვებზე შესაძლოა, გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს
შემდეგი სტატია129 დაკავებული – ესპანეთში კრიმინალური დაჯგუფების ქართველი და სომეხი წევრები დააკავეს