ძალიან შორს წავიდა უკვე „ქართული ოცნება

20-21 ივნისის ღამის საქმეზე პროკურატურის მიერ ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის და ხელში ჩაგდების მუხლით გამოძიების დაწყებას, პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრი, ირაკლი აბესაძე ეხმაურება.

ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ ოპონენტების წინააღმდეგ ამბოხებაზე საუბარი რამდენჯერმე წამოიწყო, ახლა კი ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ რეალურად იპოვეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მტკიცებულებები.

აბესაძის შეფასებით, ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ მიზანს – გიორგი გახარიასთვის თანამდებობის შენარჩუნებას ემსახურება.

„ძალიან შორს წავიდა უკვე „ქართული ოცნება“, როცა საბურავების საქმის თუ “რუსთავი 2”-ის დაცვის საქმის დროს ამბოხებაზე საუბრის შემდეგ, ახლა თითქოს რეალურად იპოვეს ამბოხების ნიშნები. უბრალოდ, ღიმილისმომგვრელია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მინისტრმა გახარიამ შეინარჩუნოს საკუთარი სკამი და საკუთარი თანამდებობა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოებას დაუმალონ სიმართლე, ვისი ბრძანებით და რატომ მოქმედებდნენ ასე სასტიკად სპეცრაზმელები, მაშინ, როდესაც ამის აუცილებლობა არ იყო და რასაც ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვა. ამ ყველაფრის შესანიღბად ისინი იგონებენ ახალ მითებს და ახალ ზღაპრებს, რომ საზოგადოების ყურადღება იყოს სხვა მიმართულებით წასული,“ – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

შეგახსენებთ, ჯგუფური ძალადობისთვის აქციის 4 მონაწილეა დაკავებული. ამის პარალელურად კი, პროკურატურა ამბოხების ორგანიზებასაც იძიებს, რა შემთხვევაშიც ძიების ინტერესი ოპოზიციის ლიდერები არიან.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლის მცდელობა – საპარლამენტო უმრავლესობის დადგენილების პროექტი 20-21 ივნისის მოვლენებზე
შემდეგი სტატიაპროკურატურის განცხადება ნიშნავს პოლიტიკური დევნის დაწყებას – რომან გოცირიძე