ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლის მცდელობა – საპარლამენტო უმრავლესობის დადგენილების პროექტი 20-21 ივნისის მოვლენებზე

რუსი დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და 20 ივნისის ღამის სისხლიანი დარბევა – მმართველმა გუნდმა დადგენილების პროექტი შეიმუშავა.

დადგენილება ათი პუნქტისგან შედგება და მასში ნათქვამია, რომ საქართველოს კონსტიტუციური წესწყობილების დაცვა და პატივისცემა საქართველოს ხელისუფლებისა და საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია. პროექტში ასევე წერია, რომ ხელისუფლებამ 20-21 ივნისს დაიცვა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.

დადგენილების პროექტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ პოლიტიკოსებმა მშვიდობიანი პროტესტი საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენეს.

“ცალკეული პოლიტიკოსების თუ პოლიტიკური ჯგუფების მიერ მოქალაქეთა მშვიდობიანი პროტესტის საბაბად გამოყენება კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული აქტის განსახორციელებლად, უხეშად ეწინააღმდეგება როგორც სამართლებრივ, ისე, პოლიტიკის მორალურ პრინციპებს.

აღნიშნული განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც მას წინ უსწრებს ცალკეული პოლიტიკოსების სისტემატური საჯარო მოწოდებები ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლის შესახებ;

საქართველოს კონსტიტუციური წესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად უნდა იქნეს განხილული საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი სახელმწიფო მმართველობის სისტემის ცენტრალური ორგანოს – საქართველოს პარლამენტის სასახლეში შეჭრის მცდელობა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, რომელიც წარმოშობს უშუალო საშიშროებას, როგორც სახელმწიფო და საზოგადოებრივი, ისე ცალკეული მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის, რაც დადასტურდა კიდეც 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენებით;

ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართულია კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ და საფრთხეს უქმნის სახელმწიფო, საზოგადოებრივ და მოქალაქეთა უსაფრთხოებას, საჭიროებს სათანადო რეაგირებასა და გამოძიებას სახელმწიფოს მხრიდან, სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად,”-ნათქვამია დადგენილების პროექტში.

ასევე დოკუმენტში ნათქვამია, რომ პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საპასუხოდ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, ხოლო “ძალადობრივი ქმედებების აღკვეთის დროს” სამართალდამცავთა მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების შემთხვევები აუცილებლად მოითხოვს ხელისუფლებისგან სათანადო რეაგირებას.

დადგენილების პროექტში აღნიშნულია, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს ხელისუფლების ყველა შესაბამის ორგანოს, განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართოს 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამოსაძიებლად.

დადგენილების პროექტი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ წარადგინა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ გიორგაძემ მინისტრის მოადგილის თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა
შემდეგი სტატიაძალიან შორს წავიდა უკვე „ქართული ოცნება