დღეს პრაქტიკულად, ადამიანი საპყრობილიდან მართავს ქვეყანას – კობა ნაყოფია სააკაშვილზე

“ქვეყანა არის ამ რეჟიმისგან გასათავისუფლებელი და ზუსტად ამ ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლის ავანგარდში არის და იქნება მიხეილ სააკაშვილი” – “ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივანი, კობა ნაყოფია გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტთან შესახვედრად მივიდა.

მან გუშინ გამართულ სასამართლო პროცესს ისტორიული უწოდა და თქვა, რომ სამარცხვინოა, როდესაც ყველაზე წარმატებულ პრეზიდენტს ბიძინა ივანიშვილის სასამართლო ასამართლებს.

“ნამდვილად ისტორიული პროცესი იყო გუშინდელი პროცესი, მიხეილ სააკაშვილს 2 თვის განმავლობაში პირველად მიეცა საშუალება, რომ მას ჰქონოდა კომუნიკაცია საზოგადოებასთან. ეშინოდათ მისი ხმის, ეშინოდათ მისი წერილების, ტელეფონის ზარების, ფანჯრიდან გადმოხედვის, ეს ყველას გვახსოვს და ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მას რომ მიეცა შესაძლებლობა გუშინ, რომ მას პირდაპირ ესაუბრა და ელაპარაკა ქართველ ხალხთან და საქართველოს საზოგადოებასთან, ეს ნამდვილად ისტორიული ფაქტია. სამარცხვინოა, როდესაც ყველაზე წარმატებულ ადამიანს, ყველაზე წარმატებულ პრეზიდენტს, რომელმაც პრაქტიკულად შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო, ასამართლებს ივანიშვილის სასამართლო”, – თქვა კობა ნაყოფიამ.

ის დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან მალე დატოვებს საპყრობილეს და შეუერთდება იმ ბრძოლას, რომელსაც “საქართველოს თავისუფლება” ჰქვია.

“ძალიან კარგად ახსნა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, მან თქვა, რომ შეცდომები, შეიძლება ყველას ჰქონდეს, ვინც არ მუშაობს, მხოლოდ ის არ უშვებს შეცდომებს, მან თქვა, რომ შეიძლება ყოფილიყო გადაცდომები, მაგრამ პრეზიდენტი სააკაშვილი არ ყოფილა დამნაშავე და აი ეს არის აქ ყველაზე მთავარი. ჩემთვის საინტერესო იყო რას იტყოდა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პრაქტიკულად ყოველ დღე, ამ ქვეყანაში ქმნის დღის წესრიგს, დღეს პრაქტიკულად, რეალურად, ადამიანი საპყრობილიდან მართავს ქვეყანას”, – თქვა ნაყოფიამ.

წინა სტატიაშიკობახიძე – სააკაშვილის სახით გუშინ ვიხილეთ ყოფილი დიქტატორი, რომელიც მისტირის ჭარბ ძალაუფლებას
შემდეგი სტატიაპოლიცია მოქმედებდა ღია აგრესიით, სცდებოდნენ უფლებამოსილების ფარგლებს – NGO-ები სასამართლოსთან განვითარებულ მოვლენებზე