დღეს გააფორმებენ გადაწყვეტილებას, რომელიც კულუარებში უკვე მიღებულია-ნაზი ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოში პარლამენტისთვის წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ექვსი კანდიდატის შერჩევის პროცედურა მიმდინარეობს.

როგორც სხდომის დაწყებამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, დღევანდელი კენჭისყრა ფორმალური იქნება. მისი თქმით, საბჭოს წევრები გადაწყვეტილებას წინასწარ, კულუარულად იღებენ და სხდომაზე მხოლოდ ოფიციალურად აფორმებენ წინასწარ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

„გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, იქნება იმ პროცესების გაგრძელება, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და რომლის დროსაც უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევის პროცესში იყო სერიოზული დარღვევები. ამ დარღვევებით მოვიდნენ ის ადამიანები დღეს, რომელთა კენჭისყრაც გაიმართება. დარჩა 33 ადამიანი. ამ 33 კანდიდატს შორის არის სავარაუდოდ, თამარ ონიანის ყოფილი მაზლი, ასევე სხვა ადამიანებიც, რომლებიც დარღვევებით მოვიდნენ აქამდე. მოლოდინი მაქვს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, უმრავლესობა, წინასწარ მორიგდებიან და მიიღებენ გადაწყვეტილებას. დღეს, საბჭოს სხდომაზე უბრალოდ გააფორმებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც სავარაუდოდ, სადღაც კულუარებში უკვე მიღებულია. ფორმალური პროცესია რაც დღეს ხდება საბჭოში, ჩემი როლი არის მინიმალური, რადგან მე მაქვს ერთი ხმა და ჩემი ხმა გადამწყვეტი არასოდეს ყოფილა არცერთი მოსამართლის დანიშვნის დროს“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშუახევში სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა
შემდეგი სტატიაჯ.გამახარია – აფხაზეთში ქართული მოსახლეობის ასიმილაციას უნდა დავუპირისპირდეთ