დევნილებს, რომლებმაც ამხანაგობები შექმნეს, საერთო სარგებლობაში არსებული ფართები საკუთრებაში გადაეცემათ

მთავრობის სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ დევნილებს, რომლებმაც შექმნეს ამხანაგობები, საერთო სარგებლობაში არსებული ფართები საკუთრებაში გადაეცემათ, -ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“აქტიურად მიმდინარეობს პრივატიზაციის პროცესი, დევნილებს გადაეცემათ მათ სარგებლობაში არსებული ფართები საკუთრებაში, თუმცა რჩებოდა ერთი პრობლემა, რომ საერთო სარგებლობის ფართები, როგორიც არის დერეფანი, სხვენი, სარდაფი და ასე შემდეგ, ეს კვლავ სახელმწიფო საკუთრებაში იყო, შესაბამისად დევნილები ვერ სარგებლობდნენ ყველა იმ ბენეფიტით რაც შეიძლება ყოფილიყო მუნიციპალური პროგრამებით,თანადაფინანსებების კუთხით, ამხანაგობების კუთხით. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, როდესაც დევნილებს, რომლებმაც შექმნეს ამხანაგობები გადაეცემათ საერთო სარგებლობაში არსებული ფართები საკუთრებაში და ისინი ლოგიკურად დაკმაყოფილდებიან იმ მოთხოვნით, რაც ჰქონდათ მთავრობის წინაშე და ისარგებლებენ ყველა იმ პროგრამით რაც უკვე ამხანაგობებისთვის აქვთ მუნიციპალიტეტებს”,- განაცხადა გიორგაძემ.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ეხება ყველა ამხანაგობას, რაც აქამდე შექმნილა დევნილების მხრიდან და მომავლაშიც, მათ ავტომატურად გადაეცემა საერთო მოხმარების ფართები. მინისტრის მოადგილის თქმით, ეს არ უკავშირება არჩევნებს.

მისივე ინფორმაციით, დღეს 336 ოჯახს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში,მათ შორის დევნილთა ჩასახლებებში არსებული კოტეჯები საკუთრებაში გადაეცათ.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში მომხდარ შემთხვევას პროკურატურა თვითმკვლელობის მცდელობის მუხლით იძიებს
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია : მივიღეთ ინფორმაცია, რომ ხვალ ჯარის და პოლიციის დიდ ნაწილს არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა არ ექნება