დეპუტატ ოდიშარიას თაბორის მთაზე 3000 კვმ მიწის სანაცვლოდ, მუხიანში 35 ათას კვმ მიწას მისცემენ – საკრებულოში ხმაურია მოსალოდნელი

თბილისის საკრებულომ დღეს კენჭი უნდა უყაროს დეპუტატ ბექა ოდიშარიასა და სახელმწიფოს შორის მიწის ნაკვეთების გაცვლას.

„ქალაქ თბილისში, მუხიანის დასახლება, IV მიკრო/რაიონი, რადიოქარხნის მოპირდაპირე მხარეს მდებარე 35047 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ: №01.11.17.005.109) გაცვლის ფორმით პრივატიზების საკითხის შეთანხმების თაობაზე (საკრებულოს №12-031910153-03 11.04.2019)“- აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მეცამეტე ნომრადაა შეტანილი.

შეთანხმების მიხედვით, ოდიშარია სახელმწიფოს საკუთრებაში თაბორის მთაზე მდებარე 3 ათასზე მეტ კვადრატულ მეტრ მიწას აძლევს, სანაცვლოდ კი მუხიანში თითქმის ათჯერ მეტი ფართობის ტერიტორიას მიიღებს. გარიგებას მიუღებლად მიიჩნევს ოპოზიცია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ლევან ხაბეიშვილის თქმით, კალაძე და ოდიშარია გარიგებებს თბილისელების ხარჯზე დებენ:

„კალაძე ამბობს, რომ 3000 კვმ, რომ ჰქონდა ბექა ოდიშარიას თაბორის მთაზე, სადაც შეჩერდა მშენებლობა ახლა 3000 ნაცვლად, 35 000 კვმ უნდა მისცენ მუხიანში სამშენებლო ნებართვით. ანუ ფაქტობრივად ერთი მიკრორაიონის აშენების შესაძლებლობა ექნება ბექა ოდიშარიას მუხიანში. და რა თქმა უნდა ამასთან დაკავშირებით გვექნება კითხვები და საკრებულოს უმრავლესობას მოვუწოდებთ, რომ ასეთ გარიგებაში მონაწილეობას ნუ მიიღებენ თბილისელების ხარჯზე,“- განაცხდა ლევან ხაბეიშვილმა.

“ქართული ოცნების” განცხადებით, წარმოდგენილი წინადადება ქალაქისთვის მხოლოდ დადებითი შედეგის მომტანი იქნება. მათი თქმით, მიწის ღირებულება მთაწმინდაზე და მუხიანში განსხვავებულია და ბექა ოდიშარიას მთაწმინდაზე არსებული მიწის ფასის შესაბამისი ფართი გადაეცემა.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაგრატიონ-მუხრანელი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“ცვლილებები კიდევ იქნება” – სერგეენკომ ქობულიას გადაყენების მიზეზი არ იცის