“დემოკრატიული მოძრაობა” პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვს

“დემოკრატიული მოძრაობა” საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარისაგან დაუყოვნებლივ ახსნა-განმარტებას მოითხოვს.
“რა ვალდებულებები გაქვთ ბატონებო აღებული ასეთი დასავლეთთან და რით ვეღარ დაასრულეთ მათი შესრულება, რომ მზად ხართ საბოლოოდ დააქციოთ და გაწიროთ ქვეყანა?!” – ამ შეკითხვით მიმართა ხელისუფლებას “დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
“დემოკრატიული მოძრაობის” ინფორმაციით, გიგლა ბარამიძე გამოეხმაურა კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის გუშინ გამოთქმულ განცხადებას, სადაც საუბარია ჩვენი ქვეყნის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებაზე, ნატო-ს წესდების მეხუთე პუნქტის გავრცელების ვალდებულების გარეშე.
მისი განცხადებით, ეს ნიშნავს, რომ საქართველო მზადაა გახდეს ნატო-ს წევრი ქვეყანა, შეასრულოს ნატო-ს ყველა მოთხოვნა-ვალდებულება, იმ პირობითაც კი, თუ მას არ დაიცავს მეხუთე პუნქტი, რაც გულისხმობს იმას, რომ ნატო არ იქნება ვალდებული დაიცვას საქართველო ომის შემთხვევაში.
“საზოგადოებისათვის დიდი ხანია ცნობილია რომ “რესპუბლიკური პარტია”, მზადაა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ფასად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშეც დასთანხმდეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, გუშინ კი გაიჟღერა კიდევ ერთმა საგანგაშო და ანტისახელმწიფოებრივმა პოზიციამ.
საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების სურვილი პირდაპირ უკავშირდებოდა უსაფრთხოების გარანტიების მიღებას ამ ორგანიზაციისაგან და არა იმას, ჩვენი ჯარისკაცები იღუპებოდნენ ნატო-ს სამხედრო მისიებში, საქართველოში განთავსდეს ნატო-ს ბაზები და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები, ხოლო სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში ნატო არ იყოს ვალდებული დაგვიცვას და ჩვენ აღმოვჩნდეთ მარტონი, უთანასწორო ბრძოლაში, ისევე როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს”, – განაცხადა გიგლა ბარამიძემ.
მისი თქმით, “დემოკრატიული მოძრაობა” კატეგორიულად მოითხოვს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისაგან დაუყოვნებლივ ახსნა-განმარტებას საკუთარი უმრავლესობის წევრის პოზიციასთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაში100 წელი ფარდობითობის თეორიიდან
შემდეგი სტატია“ამიტომ ვერიდები ხოლმე კომენტარებს და მიყვარს პირდაპირი ეთერი”