დეკანოზს მეუფე იაკობისა და სხვა პირების მიმართ მტკიცებულებები აქვს, თუ როგორ იფლანგებოდა ფული საპატრიარქოდან

მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დეკანოზს მეუფე იაკობისა და სხვა პირების მიმართ მტკიცებულებები აქვს, თუ როგორ იფლანგებოდა ფული საპატრიარქოდან.

როგორც ადვოკატმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, დეკანოზს ამ საკითხზე საუბარი სინოდის სხდომის ფორმატში სურს, თუმცა გარკვეული ჯგუფები მას ამის საშუალებას არ აძლევენ.

„დეკანოზმა რამდენიმე ხნის უკან მოინდომა რაღაც საკითხებზე საუბარი. თუ წმინდა სინოდის სხდომაზე ექნებოდა ამის საშუალება, იტყოდა სიმართლეს, რითაც ყველაფერს ნათელი მოეფინება, თუ რა კანონდარღვევებია საპატრიარქოში. ეს მისთვის ცნობილი იყო მოკვლევის შედეგად, რომელსაც პირადად პატრიარქის დავალებით ახორციელებდა. ამიტომ ხდებოდა დეკანოზის დაბლოკვა, რომ ყველანაირად ხელი შეშლოდა, რათა სინოდის სხდომაზე არ მომხდარიყო საუბარი ყველა იმ მტკიცებულებით, რაც მოიპოვა”, – განაცხადა ადვოკატმა.

კითხვაზე, აქვს თუ არა დეკანოზს მეუფე იაკობის წინააღმდეგ მტკიცებულებები, ადვოკატის განცხადებით, „რადგანაც ფინანსებს განკარგავს ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ამ შემთხვევაში, ყოფილი ქორეპისკოპოსი, რა თქმა უნდა, მის პირად დარღვევებზეცაა საუბარი”.

„მოგეხსენებათ, ყოფილი ქორეპისკოპოსი იაკობი იყო ფინანსური დეპარტამენტის უფროსი. შემდეგ ამ დეპარტამენტის გაყოფა მოხდა სისტემურად და ქონებასა და ფინანსებთან დაკავშირებით საკითხების ხელმძღვანელად დაინიშნა დეკანოზი. დეკანოზ მამალაძის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებში საუბარია იმ თანხებზე, რომელიც არამიზნობრივად იხარჯებოდა საპატრიარქოდან”, – განაცხადა რამიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ოქრუაშვილმა ადვოკატები აიცილა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი წყალტუბოს აღორძინების პროექტს იწყებს