დეკანოზი ილია ჭიღლაძე: მიხიზმის ერესის ნიშნები საქართველოს ეკლესიაში

ეს ტერმინი უდიდესი ღირსი მამის, წმ. თეოდორე სტუდიელის შემოტანილია, რითაც ის აღნიშნავდა მის დროს უკანონო, არასჯულისმიერი ქორწინებების შეწყნარებას ეკლესიის იერარქიის მიერ. შეიძლება ითქვას ეს დარღვევა და რჯულის ღალატი მთელი ძალით და ბევრად უხეში ფორმებით დღეს მოდებულია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში:
1. ილია მეორის პატრიარქობაში, 1980-იანი წლების დასაწყისში ორი მოქმედი მღვდელმთავარი, მთავარეპისკოპოსი თადეოზ იორამაშვილი და ეპისკოპისი ვახტანგ ახვლედიანი დაოჯახდნენ, პირველ მღვდელმთავარს 6 შვილი შეეძინა, მეორეს კი ორი. მათ საეკლესიო კანონებით სამღვდელმთავრო ხარისხიდან სრული განკვეთა უნდა მისჯოდათ, ილია მეორემ კი მღვდელმთავრობაც შეუნარჩუნა და შემდგომში წოდებებიც მოუმატა, მეუფე ვახტანგს მთავარეპისკოპოსობა, წლების შემდგომ მიტროპოლიტობა, მთავარეპისკოპოს თადეოზს კი მიტროპილიტობა მიანიჭა, ისე რომ ორივე მუდამ აგრძელებდა ოჯახში ცხოვრებას, აწგანსვენებული თადეოზი გარდაცვალებანდე, ხოლო მეუფე ვახტანგი კი დღემდე; ეს ფაქტები (მღვდელმთავრის დაოჯახება და მისთვის საეპისკოპოსო ხარისხის და უფლებების შენარჩუნება) იყო და არის ეკლესიის ორიათასწლოვან ისტორიაში უპრეცედენტო.
2. მღვდელმთავართა მეორე კატეგორია, ვინც ფორმალურად გაშორდა ცოლებს ეპისკოპოსად გამორჩევის გამო, აღიკვეცნენ ბერებად და ეკურთხნენ ეპისკოპოსებად, მაგრამ აგრძელებდნენ და აგრძელებენ ცოლთან თანაცხოვრებას ოჯახში: აწგანსვენებული მიტროპ. დავით ჭკადუა, აწგანსვენებული მიტრ. ათანასე ჩახვაშვილი, ეპ. ქრისტეფორე წამალაიძე (1995 წლიდან პოლიტიკური მიზეზით, ე.წ. ზვიადისტობისთვის გარიცხული სინოდიდან), მიტრ. გიორგი შალამბერიძე- დღესაც მოქმედი წევრი სინოდის;
3. მიტროპ. საბა გიგიბერია, რომელსაც ეპისკოპისობაში მორჩილისაგან შეეძინა ვაჟიშვილი, და არანაირი კანონიკური სასჯელი არ დადებია და მოქმედი მღვდელმთავარია, თანაც მილიონერი და საეჭვო წრეებთან ალიანსში მყოფი;
მრუშ ფსევდო ბერ ეპისკოპოსთა ეს სია, რა თქმა უნდა არაა სრული, მაგრამ ესაა ის, რაც საყოველთაოდ განცხადებული ფაქტებია და შიდა საეკლესიო საკითხებში ჩახედული ყოველი ადამიანისათვის კარგად ცნობილია. ეპისკოპოსთა უმეტესობის ბერობა ანუ მონაზვნობა მხოლოდ კუნკულ-ბარტყულის დაფარებაში გამოიხატება, მეტრიან წვერსაც თუ მოუშვებენ უკვე “დიდი სულიერების” იმიჯი მიკრული აქვთ საცოდავ მრევლში, სინამდვილეში სახარებისეულ სულიერებასთან ახლოსაც არ ჩაუვლიათ, მათი ბერობა კი ფარსია.
4. საეკლესიო კანონის მკაცრი აკრძალვის მიუხედავად დიაკვნებად და მღვდლებად კურთხევა იმათი, ვინც მეორე ქორწინებაში იმყოფება. ასეთი ფაქტი არაერთია.
5. მღვდლობაში დაქვრივებულთა ან ცოლს გაშორებულთა მეორედ ქორწინება, რასაც უმკაცრესად გამორიცხავს საეკლესიო კანონი და წესი, მაგრამ ილია მეორემ არაერთი ასეთი სამღვდელო პირი შეიწყნარება, და თვით ხარისხებიც (საეკლესიო ჯილდოები) მოუმატა გარკვეული ხნის შემდგომ, ამისი მაგალითები თავად თბილისის ეპარქიაში პატრიარქის მიერ დაშვებული რამდენიმეა;
6. მღვდელმონაზონთა და იღუმენ-არქიმანდრიტთა მიერ სასულიერო ხარისხების მიტოვება და დაოჯახება, და სინოდის მიერ მათთვის ხარისხების არ აყრა. რაც ფორმალურად მათ იგივე ხარისხში ამყოფებს, მიუხედავად მათ მიერ ბერობის და მღვდლობის მიტოვებისა;
7. არაერთი მოქმედი მღვდელმონაზონის და იღიმენ-არქიმანდრიტის, ასევე ცოლიანი მღვდლებისგან მრუშობაში შვილების შეძენა, რასაც არ მოჰყვა მათთვის ხარისხების აყრა, როგორც ითვალისწინებს საეკლესიო კანონმდებლობა. თუ ასეთები არ ისჯებიან, როცა მრუშობა დამტკიცებული ფაქტია, ფარულად ჩადენილებს ვინღა გამოეკიდება და საეკლესიო კანონიკას ვინ დაიცავს?! მგონი ყველასთვის მისახვედრია საერთო მდგომარეობა.
8. მთელი ეკლესიის სასულიერო დასისთვის და მრევლის ნაწილისთვის კარგად ცნობილი აშკარა მამათმავალი სასულიერო პირების შეწყნარება და საეკლესიო ჯილდოების მინიჭება.
ყველა ამ პუნქტებში ნაგულისხმევია ცნობილი და აღიარებული, პრაქტიკულად საჯარო ფაქტები და პირები, რომელზედაც ყველამ ყველაფერი იცის, არავითარ ეჭვს არ ბადებს დასახელებული ფაქტების ნამდვილობა, პატრიარქმა ილია მეორემ შესანიშნავად იცის ეს ყველაფერი, ბევრ დასახელებულ შემთხვევებზე საჩივრებიც არაერთი იყო აღძრული საპატრიარქოში, მაგრამ არ მოხდა კანონიკური მოთხოვნების განხორციელება-აღსრულება.
ყველა ამ პუნქტებში ნაგულისხმევი სამღვდელოების სახელებიც შეგვიძლია ჩამოვთვალო რაც ვიცი, უფრო ბევრი კი ალბათ არ ვიცი, ან გასაიდუმლოებულია. მაგრამ რაც ცნობილია და ცხადი, ესეც კმარა საქართველოს ეკლესიაში სახარებისეული მორალის ღალატის და კანონიკური წესრიგის სრული უარყოფის საილუსტრაციოდ და ნათელსაყოფად. ამასთან საეკლესიო მმართველთა მიერ ეკლესიაში არსებული ცხადი ცოდვების არ განკანონება ჯაჭვური რეაქციით იწვევს იგივე ცოდვების მასობრივ გავრცელებას ფარულად. ამ ყველაფრის შემყურე სამღვდელოების, მონაზვნობის, სტიქაროსნების, მრევლის პირადი ცხოვრების წესზე ამ ფაქტების ზემოქმედების მასშტაბებს ყოველი გონიერი სული ადვილად გაიაზრებს. დღეს, 21-ე საუკუნეში შესაძლოა ბევრმა იფიქროს, რომ საეკლესიო კანონები და მორალი სექსუალურ და საქორწინო საკითხებზე ზედმეტად მკაცრია, მაგრამ უნდა გვესმოდეს რომ თავად სახარების სწავლებაა ასეთი და თუ ეკლესია ამას ღალატობს, ღალატობს თავის ბუნებას და მისტიურ თავს, უფალ იესო ქრისტეს. მთელი საეკლესიო წესრიგი და კანონიკა მიმართულია იქითკენ, რომ სასულიერო პირი იყოს სანიმუშო და წმინდა პირადი ცხოვრებით და როდესაც ეს ასე არ ხდება და ეს მასობრივი მოცემულობაა, სახეზეა ეკლესიის ხრწნა და მორალური გამაჯანსაღებელი ფაქტორის დაკარგვა. ამის სანიმუშო მდგომარეობაა დღევანდელი საქართველო, რომლის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ნომერ პირველ ნდობას და პატივისცემას უცხადებს ეკლესიას/საპატრიარქოს/პატრიარქს, თუმცა ეს არანაირად არ აისახება ერის მორალურ და სულიერ მდგომარეობაზე პროპორციულად, რადგან ყვავის კრიმინალი, მათ შორის გაუპატიურებები; ასევე ქსენოფობია, განქორწინებები და აბორტები. ეს დისონანსი არის ფაქტი იმისა, რომ ეკლესია ვერ ახდენს ადეკვატურ მორალურ გამაჯანსაღებელ ზემოქმედებას საქართველოს მოსახლეობაზე სათანადო ხარისხით. თუმცა, როდესაც ეკლესიის მეთაური ნომერ პირველ ყაჩაღს, მასობრივი მკვლელობების, გაუპატიურებების და წამებების ინსპირატორ ჯაბა იოსელანს სამშობლოს დიდ დამცველად და გმირად აცხადებდა და ქება-დიდებას უძღვნიდა წლების მანძილზე, ხოლო გარდაცვლილი უდიდესი პატივით დაასაფლავა, სხვა მოცემულობას არც უნდა ველოდოთ იმ ქვეყანაში.
შესაბამისად, შეგვიძლია დარწმუნებით ითქვას, რომ მიხიზმის (ანუ მრუშობის) ერესი მთელი თავისი ანტიეკლესიური მასშტაბით დანერგილია ილია მეორის მიერ საქართველოს ეკლესიაში ისეთი მკვეთრი და წარმოუდგებელი, არაკანონიკური ფორმებით, რაც საეკლესიო ისტორიამ არ იცის, ხოლო წმ. თეოდორე სტუდიელს ფიქრადაც არ მოუვიდოდა გონებაში. რასაც წმ. თეოდორე შეაჩვენებდა და ანათემას გადასცემა, მოსატანიც არაა იმასთან, რაც ახლა ხდება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში…

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია: ეს ზვავი, რომელიც ახლა გრძელდება, არის ამის მტკიცებულება
შემდეგი სტატია„…სანამ სული მიდგას, ვიომებ!“-გენო ადამია