გიგა ბოკერია: ეს ზვავი, რომელიც ახლა გრძელდება, არის ამის მტკიცებულება

ირაკლი ღარიბაშვილს პოლიტიკაში ყოფნის მორალური უფლება არც მანამდე ჰქონდა, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რასაც ის აკეთებდა წლების განმავლობაში, რაც ნათქვამი და ჩადენილი აქვს, გნებავთ ქვეყნის შიგნით, გნებავთ ქვეყნის გარეთ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ვითარება შეიცვალა ივანიშვილის რეჟიმისთვის, რადგან ადამიანების უფრო დიდმა რაოდენობამ დაინახა მეტად შემზარავად ხატოვან დეტალებში, რამდენად საშიშია ეს ხალხი ქვეყნის მომავლისთვის და თითოეული მოქალაქისთვის.

„ეს ზვავი, რომელიც ახლა გრძელდება, არის ამის მტკიცებულება. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური ოპოზიციის შეხედულება, რომ ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს მშვიდობიანად და სასურველია, არჩევნების გზით. ეს ხდება კიდევ უფრო ფართო წნევისა და კონსენსუსის საგანი მთლიანად საზოგადოებაში იმის გამო, როგორი საშიშებიც არიან ისინი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. არ ვიზიარებ იმ ემოციურ დამოკიდებულებას, რომელიც აქვს ზოგიერთ ადამიანს, ჩვენ ვესაუბრებოდით თავის დროზე შევარდნაძესა და ასლან აბაშიძეს. ვინც ბოლომდე შეტოპავს ასეთი რეჟიმებიდან, დრამატული ბედი ელოდებათ. ჩვენი ამოცანაა, ნაკლებად შევატოპინოთ და მშვიდობიანად ჩამოსცილდნენ ხელისუფლებას. ჩემთვის არსებითი არის შედეგი, რომელიც არის ამ ხელისუფლების წასვლა. ამ ამოცანისთვის რაც იქნება საჭირო, იმას გავაკეთებთ. ღარიბაშვილს პოლიტიკაში ყოფნის მორალური უფლება არც მანამდე ჰქონდა, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რასაც ის აკეთებდა წლების განმავლობაში, რაც ნათქვამი აქვს და ჩადენილი აქვს, გნებავთ ქვეყნის შიგნით, გნებავთ ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაში“ოცნება” ჩალიჩობს, რომ ხანდაზმულობის ვადაში მოაქციოს – სამუშია აუდიოჩანაწერებზე
შემდეგი სტატიადეკანოზი ილია ჭიღლაძე: მიხიზმის ერესის ნიშნები საქართველოს ეკლესიაში