დე ფაქტო უშიშროების საბჭო ოფიციალურ თბილისთან ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების იდეით გამოდის

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო უშიშროების საბჭო ოფიციალურ თბილისთან ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების იდეით გამოდის და ამას იმით ხსნის, რომ ასეთ შემთხვევაში თვითაღიარებულ აფხაზეთს ექნება შესაძლებლობა, ოფიციალურად ებრძოლოს კონტრაბანდას.

დე ფაქტო უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა სერგეი შამბამ ეს განცხადება 1 თებერვალს გააკეთა, თუმცა მას მალევე მოჰყვა საპირისპირო განცხადებები და სოციალურ ქსელებში შამბას წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია.

შამბას მოსაზრებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ომის ვეტერანთა გაერთიანება და მიმართვას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ “საქართველოსთან ვაჭრობა კატეგორიულად მიუღებელია მანამ, სანამ თბილისი აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს”.

შეგახსენებთ, სერგეი შამბას მხრიდან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ის თბილისთან დიალოგისა და ურთიერთობის აღდგენის ინიციატივით გამოდის. სერგეი შამბამ დეკემბერში თბილისს ერთი-ერთზე დიალოგი შესთავაზა.

საოკუპაციო რეჟიმის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ, “მთავარის” შეკითხვებს უპასუხა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმი თბილისთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის.

იმის მიუხედავად, რომ ორივე მხარეს აქვს თვისი წითელი ხაზები, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის უშიშროების საბჭოს მდივანი დიალოგის განახლების წინადადებით გამოდის, რადგან, შამბას თქმით, არსებობს ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხები, რომელიც სწორედ პირისპირ საუბრით უნდა მოგვარდეს.

banner
წინა სტატიაშიეკა ხოფერიამ აფხაზეთიდან დევნილი მხატვრები უზნაძის ქუჩაზე მდებარე სახელოსნოდან გაყარა!
შემდეგი სტატიაპოლიციამ ზუგდიდში 2010 წლიდან ძებნილი პირი დააკავა