დავით ზალკალიანი – მაიკ პომპეოს ვიზიტი სერიოზული გზავნილია, ფაქტია, რომ საქართველო არის რეგიონში ამერიკისთვის ყველაზე ახლო მოკავშირე, ყველაზე ძლიერი დასაყრდენი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც რეგიონშია შექმნილი.

მისივე თქმით, თავად ის ფაქტი, რომ ვიზიტი შედგა, სერიოზული გზავნილია როგორც საქართველოსთვის, ასევე მთლიანად რეგიონისთვის და კიდევ ერთხელ მიანიშნებს, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას.

„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია დროის თვალსაზრისით, ასევე იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც რეგიონშია შექმნილი. მხედველობაში მაქვს ის ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარება და გამოწვევები, რომლის წინაშე დგას არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთლიანად რეგიონი.

ამ დროს ზუსტად მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი მართლაც უაღრესად მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ამ ვიზიტზე ჩვენ დიდი ხანია, ვმუშაობდით, მაგრამ ძალიან კარგია, რომ ზუსტად ამ დროს, ამ პერიოდს დაემთხვა. თავად ის ფაქტი, რომ ვიზიტი შედგა, ეს არის პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანი, სერიოზული გზავნილი ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე მთლიანად რეგიონისთვის, კიდევ ერთხელ მიანიშნებს, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას.

ფაქტია, რომ საქართველო არის რეგიონში ამერიკისთვის ყველაზე ახლო მოკავშირე, საქართველო არის აშშ-ის ყველაზე ძლიერი დასაყრდენი. ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განხორციელდა ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან, ის კონკრეტული შედეგები, რომელიც ჩვენ გვაქვს და ის შეფასებები, ყველა თანხმდება, როგორც საქართველო, ისე ამერიკული მხარე, რომ როგორც არასდროს ისეთ მაღალ ნიშნულზეა სტრატეგიული პარტნირობა ყველა მიმართულებით, მათ შორის თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკური თანამშრომლობა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ხალხთაშორისი ურთიერთობა, ეს არის ის ძირითადი ოთხი მიმართულება, რაზეც ჩვენ მუდმივად სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ვსაუბრობთ ამერიკასთან. შარშან, როდესაც ჩვენ შევაფასეთ სტრატეგიული პარტნიორობის ათი წელი, იმ ყოვლისმომცველ დეკლარაციაში საუბარი იყო სწორედ სტრატეგიული პარტნიორობის იმ მაღალ ნიშნულზე, რომელიც გვაქვს. მაგრამ ამით არ ვკამყოფილდებით, გვინდა კიდევ მეტად დაახლოება აშშ-თან. ჩვენ გვინდა აშშ-ის მუდმივი ყოფნა საქართველოში, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი.

ჩვენ ყველა ვთანხმდებით, როგორც საქართველო, ისე აშშ, რომ თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში ჩვენი თანამშრომლობა უაღრესად აღმავალია, წინა ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ დავიწყეთ თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში ეს თანამშრომლობა 2016 წელს, როდესაც სახელმწიფო მდივანი კერი იმყოფებოდა საქართველოში, გავაფორმეთ მემორანდუმი თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში და ის უაღრესად წარმატებულად შესრულდა. ამის შემდეგ უკვე ახალ ადმინისტრაციასთან დავიწყეთ თავდაცვის პროგრამის გარშემო საქმიანობა და ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი გვაქვს. აშშ-მა საქართველოს გადმოსცა ჯაველინების სისტემა, ჩვენი თავდაცვის, მდგრადობის გასაძლიერებლად. ეს არის ის კონკრეტული მაგალითები, რაზეც დგას ჩვენი თანამშრომლობა, რაც აძლიერებს ჩვენს მდგრადობას იმ გამოწვევების წინაშე, რა უსაფრთხოების გამოწვევების წინაშეც დგას საქართველო. ამ ვიზიტის ფარგლებში რა თქმა უნდა, შეფასდება, სად ვართ, სად ვიმყოფებით, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას წინ, რათა ამერიკასა და შორის იყოს ამ ურთიერთობების მუდმივი სიმჭიდროვე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ჩამოსვლას ამწუთებში ელოდებიან. მაიკ პომპეო ოფიციალურ შეხვედრებს ხვალ დილიდან გამართავს.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი: აშშ-სთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია
შემდეგი სტატიათბილისი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კამპანიას შეუერთდა