დავით უსუფაშვილი საქართველოს კონსტიტუციაში ახალი ჩანაწერის შეტანის ინიციატივით გამოდის

თუ არა “რესპუბლიკური პარტია”, მმართველი კოალიცია ვერ შედგებოდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოს კონსტიტუციაში ახალი ჩანაწერის შეტანის ინიციატივით გამოდის.

როგორც დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ინიციატივა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ეხება და განპირობებულია პარლამენტში იმ განაცხადის შეტანით, რომელიც საქართველოს უბლოკო სტატუსის შეეხება.

„საქართველოს პარლამენტში ორშაბათს, 15.00საათზე გაიმართება პარლამენტის ბიუროს სხდომა. ბიუროს სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილება საქართველოს პარლამენტში შემოსული განაცხადი საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც აპირებენ, შეაგროვონ საქართველოს მოქალაქეების ხელმოწერები და საქართველოს კონსტიტუციაში მოითხოვონ უბლოკო სტატუსის ჩაწერა, ანუ კონსტიტუციურად აუკრძალონ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამ ინიციატივის ავტორები არიან, როგორც გითხარით, საქართველოს მოქალაქეები, ქალბატონი ნინო ბურჯანაძე და სხვები“,-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, პარლამენტი არც ერთი წუთით არ შეაყოვნებს იმ გადაწყვეტილებების მიღებას, რასაც ამ დროს ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა. მათ ექნებათ საშუალება, მათი წინადადება განიხილონ ისე, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს.

„კიდევ ვიმეორებ, ორშაბათს, ბიუროზე ჩვენ არავის არ შევუქმნით პრობლემას ამასთან დაკავშირებით. მაგრამ, მინდა განვაცხადო, რომ ასეთი თემებით ასე სპეკულირება და საარჩევნო ქულების დასაწერად ქცევა ყველაფრის, მათ შორის საქართველოს ფუნდამენტური სახელმწიფო ინტერესებით, არის დაუშვებელი და მიუღებელი. მე, როგორც პარლამენტის წევრი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვერ ვიქნები ამ მოვლენების პასიური მაყურებლის როლში. ამიტომ გადავწყვიტე, მივმართო ჩემს კოლეგებს, საქართველოს პარლამენტის წევრებს და პარლამენტში შევიტანოთ ინიციატივა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების ჩაწერის, იმ ცვლილებისა, რომელიც სჭირდება საქართველოს, მის უსაფრთხოებას, მის მომავალს და მის კეთილდღეობას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში, სადაც საუბარია, თუ რა სურს ქართველ ხალხს, რისთვის სჭირდება მას სახელმწიფო, დაემატოს ფრაზა – „დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების, უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში. ეს იქნება, ჩემი აზრით, ადეკვატური პასუხი ყველა იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, ვინც ამ საკითხს უყურებს ისე, როგორც ამ საინიციატივო ჯგუფის წევრები და ეს იქნება ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის გამოხატულება“,-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითურქეთის ელჩი: ანკარა და მოსკოვი ურთიერთობებს დასავლეთის სურვილის მიუხედავად გააგრძელებენ
შემდეგი სტატიაალეპოელი ექიმები ობამას დახმარებას სთხოვენ