დავით სერგეენკო „რუსთავი2“-ზე – ვფიქრობ, სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიმართული იქნება დავის სამართლიანი გადაწყვეტილებისკენ

ეს ახალი დეტალები რამდენად არის ახალი გარემოება, ეს იურისტებმა და სასამართლომ უნდა გადაწყვიტონ, – ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ”რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

”გუშინ მედიიდან გავიგე, რომ გამოიკვეთა ახალი დეტალები ამ სასამართლო დავაში. მე ვფიქრობ, რომ ჩემს კომპეტენციას სცილდება იმაზე მსჯელობა ეს მიიღოს თუ არ მიიღოს სასამართლომ წარმოებაში. თუმცა მე ვფიქრობ, ერთი მხრივ, გამომდინარე საზოგადოების მაღალი ინტერესიდან, მეორე მხრივ, ეს ცალსახად უნდა იყოს კერძო პირებს შორის დავა და არა სახელმწიფო ჩარევა. ვფიქრობ, სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიმართული იქნება ამ დავის სამართლიანი გადაწყვეტილებისკენ. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვასხვავოთ ერთი რამ – გუშინ, ცნობილი გახდა, რომ გამოიკვეთა ახალი დეტალები, ეს ახალი დეტალები რამდენად არის ახალი გარემოება, ეს იურისტებმა და სასამართლომ უნდა გადაწყვიტონ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ახალი დეტალია თუ ახალი გარემოება, განმარტება იურისტებმა უნდა გააკეთონ”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

საქართველოს უზენაესი სასამართლო ”რუსთავი 2”-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს სავარაუდოდ დღეს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ავრცელებს.

”5 სექტემბერს, უზენაესმა სასამართლომ, კანონის ყველა შესაბამისი ნორმის დარღვევით, შესაძლოა არ მიიღოს განსახილველად ჩვენი საკასაციო საჩივარი და დაასრულოს არა მარტო ”რუსთავი 2”-ის საქმე, არამედ უარყოფითად გადაწყვიტოს ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი და პერსპექტივა მოუკლას ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს. ვნახოთ, რას იზამს საქართველოს უზენაესი სასამართლო და მისი კოლეგია ეკატერინე გასიტაშვილის, ბესარიონ ალავიძის და პაატა ქათამაძის შემადგენლობით”, – წერს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი : ლარმა ჯანსაღად აჩვენა საკუთარი თავი სწორი ეკონომიკის პირობებში
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი „პატრიოტთა ალიანსზე“ – ვერ გავიგე მაგათი პლატფორმა რა უნდათ