დავით კირკიტაძის საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 3 მაისს ჩაინიშნა

დავით კირკიტაძის მორიგი სასამართლო პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში 3 მაისს ჩაინიშნა. დღევანდელ პროცესზე კი ბრალდების მხარის 4 მოწმე დაიკითხა. მოსამართლის ნუნუ ნემსიწვერიძის გადაწყვეტილებით, სხდომა კვლავ დახურულ რეჟიმში წარიმართა და მას მხოლოდ ოფიციალური მხარეები ესწრებოდნენ.

კირკიტაძის ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განმარტებით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა 16 დეკემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხეს. შემდეგ სასამართლო პროცესებზე კი დაცვის მხარის მტკიცებულებების მოკვლევა დაიწყება.

„ამჟამად ჩვენ ვიკვლევთ ბრალდების მხარეს მტკიცებულებებს. გამოცხადდა 4 მოწმე, ესენი იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომლებმაც აღიდგინეს იმ დღევანდელი მოვლენები, კონკრეტულად ინაუგურაციასთან დაკავშირებით და საზოგადოების ფაქტობრივად ველისციხეში განვითარებულ მოვლენებზე იყო საუბარი. უკეთესი იქნება ყველაფერი ეს ღია საჯარო პროცესზე ჩატარდეს ხოლმე, რა თქმა უნდა არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. არგუმენტაციით შევეცადეთ მოსამართლე დაგვერწმუნებინა, რომ არავითარი წესრიგის დარღვევის პრეცედენტები არ ყოფილა იმდაგვარი, რომ საბოლოოდ ყოფილიყო სხდომა დახურული, თუმცა სამწუხაროდ არ იქნა ეს გათვალისწინებული,“ – განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

საქმის პროკურორმა სხდომის დახურვის მიზეზები განმარტა. სანდრო გიორგაშვილის განცხადებით,სხდომის დახურვის მიზეზი, დამსწრეთა ხმაური იყო.

„გრძელდება ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვა. დღეს გამოკითხულ იყვნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, 4 მოწმე იქნა გამოკითხული. კანონის თანახმად მოსამართლეს აქვს უფლება საქმის გარემოებიდან გამომდინარე სრულად ან ნაწილობრივ დახუროს სასამართლო სხდომა. რამდენჯერმე იყვნენ გაფრთხილებულნი დარბაზში მსხდომები, რომ ხელი არ შეეშალათ სასამართლოს ნორმალური მსვლელობისთვის. მათი მხრიდან არა ერთ გზის ადგილი ჰქონდა წესრიგის დარღვევას და ფაქტიურად იძულებული გახდა მოსამართლე მიეღო აღნიშნული გადაწყვეტილება,“ – აცხადებს სანდრო გიორგაშვილი.

banner
წინა სტატიაშიოზურგეთში ორსართულიანი ხის სახლი მთლიანად დაიწვა
შემდეგი სტატიაზაალ უდუმაშვილი შს მინისტრს ოპონენტების დევნაში და არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს