ზაალ უდუმაშვილი შს მინისტრს ოპონენტების დევნაში და არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს

„იმის მაგივრად, რომ შს მინისტრი ებრძოდეს კრიმინალს და იცავდეს საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოებას, ის ზუგდიდში დაკავებული არის პოლიტიკური ოპონენტების დევნით და არჩევნების გაყალბების მცდელობით,“ – ეს განცხადება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა , თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა.

უდუმაშვილი “ოცნების” წარმომადგენლებს და სამართალდამცავებს გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის და მისი საარჩევნო შტაბის წევრების დევნაში ადანაშაულებს.

„ბოლო კვირების განმავლობაში “ოცნების” შტაბის უფროსები და მათი აქტივისტები, მათ შორის, კრიმინალური წარსულის მქონე პირებიც, აქტიურად ცდილობენ ხელი შეუშალონ სანდრა რულოვსის კარდაკარ შეხვედრებს. ამის მაგალითები ჩვენ ვნახეთ კომბინატის დასახლებაში, სოფლებში – ურთაში, ნარაზენში, ჭითაწყარში. უფრო მეტიც, პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც უშუალოდ ხელმძღვანელობს ზუგდიდის პოლიციის უფროსი, ირაკლი ფაცაცია, ახორციელებენ სანდრა რულოვსის და გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრების მიმართ უკანონო თვალთვალს,“ – განაცხადა უდუმაშვილმა.

მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დევნის ამსახველი ფაქტების შესახებ სამართალდამცავი უწყებები საქმის კურსში ჩააყენეს, მათ გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს წაუყენეს ბრალი და დააჯარიმეს.

ზაალ უდუმაშვილი ოპონენტების დევნაში შს მინისტრს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გიორგი გახარიას დავალებებს ზუგდიდში მისი მოადგილე, ლევან კაკავა ასრულებს.

„სამართალდამცავმა ორგანოებმა ამ ფაქტზე არათუ გამოძიება არ დაიწყეს, არამედ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წამოიწყეს დევნა და მურუსიძის მიერ მართულმა სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება გამოიტანა და პირიქით, ჩვენი, გაერთიანებული ოპოზიციის, წარმომადგენლები დააჯარიმა. ეს მოსამართლეები გახლავთ ირაკლი აბშილავა და მანუჩარ ჩაჩუა. საერთოდ, რაზე ვსაუბრობთ, როდესაც გუშინ სოფელ გრიგოლიშში, “ოცნების” შტაბის უფროსმა მძიმე დაჭრა ასევე “ოცნების” აქტივისტი. ამ უკანონობას პირადად ხელმძღვანელობს შს მინისტრი გიორგი გახარია, რომლის უშუალო მითითებებსაც ადგილზე ასრულებს მისი მოადგილე ლევან კაკავა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდის უდიდეს ნაწილს ატარებს სწორედ ზუგდიდში. ეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში კრიმინალი დაახლოებით, 60 პროცენტით არის გაზრდილი,“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ზაალ უდუმაშვილმა ბრიფინგზე გაერთიანებულ ოპოზიციას და ქართულ ოცნებას შორის არსებულ მთავარ განსხვავებებზეც ისაუბრა.

„19 მაისს ზუგდიდი გააკეთებს ზუგდიდისთვის და საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესს არჩევანს, ზუგდიდისა და საქართველოს მომავლის არჩევანს. ჩვენთვის ზუგდიდის მომავალი არის ქალაქის და სოფლების განვითარება, მოქალაქეებზე ზრუნვა, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტები, წესრიგის აღდგენა, კრიმინალთან ბრძოლა, პროექტების და პორტების მშენებლობა, მშვიდობა და ინვესტიციები.

მათი ზუგდიდი არის გაბატონებული კრიმინალი, კორუფცია, ძალადობა, ზუგდიდელების დაუსჯელი ძარცვა და ყაჩაღობა, სიღატაკე და უპერსპექტივობა. სწორედ ამიტომ, ჩვენი კამპანიაა ზუგდიდელებთან უშუალო შეხვედრები, მათთან საუბარი, მათი პრობლემების მოსმენა და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე ფიქრი. “ოცნების” კამპანია არის ხელის შეშლა, პროვოკაციების ორგანიზება, ძალადობა და მოსყიდვა,“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით კირკიტაძის საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 3 მაისს ჩაინიშნა
შემდეგი სტატია,, ეს ის პოლიტიკური საფლავია, სადაც ივანიშვილს ჩაწოლა აუცილებლად მოუწევს”-ელენე ხოშტარია