დავით ბაქრაძე : ოპოზიციის ვალდებულება იყო პროცესი შეგვეჩერებინა და მცირე დრო მაინც გვქონდეს იმის გასაცნობად, რა წერია უმრავლესობის კანონპროექტში

ძალიან სასიამოვნო გოგოა ნინო ლომჯარია, მაგრამ მისი აზრი გვაინტერესებს ამ კანონთან დაკავშირებით და თუ ვიმსჯელებთ და დავამთავრებთ, მერე რაღად გვინდა ომბუდსმენი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დეპუტატები არ იცნობენ კანონპროექტის იმ ვერსიას, რომელიც უმრავლესობამ ვენეციის რეკომენდაციების გარკვეული პუნქტების შემდეგ ჩაასწორა, ამიტომ პლენარულ სხდომაზე გამოცხადებული შესვენების პერიოდს დოკუმენტის გაცნობაზე დახარჯავენ.

„დღევანდელ სხდომაზე ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ უმრავლესობა არა მარტო გვიკანონებს ამ ქვეყანაში მურუსიძის სასამართლოს, არამედ ამას აკეთებს ყოველგვარი პროცედურისა და ნორმის დაცვის გარეშე. საკითხი გამოდის ისე, რომ იურიდიულ კომიტეტს საერთოდ არ უმსჯელია კომიტეტის სხდომაზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე. საკითხი ისე გამოდის, რომ არცერთ პარლამენტარს არ უნახავს კანონპროექტი და დღეს დილით დაარიგეს რაღაცა, რომელსაც აწერია „არაოფიციალური ვერსია“. რას ნიშნავს არაოფიციალური ვერსია, როდესაც პარლამენტში მიიღება ქვეყნისთვის მთავარი კანონი სასამართლო რეფორმის შესახებ და საუბარი არის ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებაზე? კომიტეტზე განხილვის გვერდის ავლით, საპარლამენტო მოსმენის გვერდის ავლით, რაღაც არაოფიციალური დოკუმენტების დარიგებით კეთდება ყველაფერი და თურმე მთელმა საქართველომ ახლა ანრი ოხანაშვილის პირით უნდა შეიტყოს სიმართლე, როგორი იქნება სასამართლო და ყველა უნდა დავეთანხმოთ. ჩვენი, როგორც ოპოზიციის ვალდებულება იყო, ეს პროცესი შეგვეჩერებინა, ელემენტარულად მცირე დრო მაინც გვქონდეს, გავეცნოთ, რა წერია არაოფიციალურ დოკუმენტში და სხვათაშორის, პარლამენტის რეგლამენტი არ ითვალისწინებს არაოფიციალური დოკუმენტების სხდომაზე დარიგებას. ეს არის ის, რაზეც ბიძინა ივანიშვილთან უმრავლესობა შეთანხმდა და ახლა მთელმა საქართველომ ანრი ოხანაშვილის პირით და არაოფიციალური დოკუმენტებით უნდა შეიტყოს თურმე. ასე არ ხდება. დღეს რაც იკადრა „ქართულმა ოცნებამ“, იყო რეგლამენტის და პროცედურის ელემენტარული პატივისცემის წინააღმდეგ წასვლა,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ და როგორც აღნიშნა, აქვს მოლოდინი, რომ დოკუმენტში ბევრი შინაარსობრივი პრობლემაც იქნება.

banner
წინა სტატიაშიდაბა ჯვარის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მანქანაში ქალი ამშობიარა
შემდეგი სტატიასაგანგებო შეკრება კობახიძის კაბინეტში-ხმაურიან სხდომაზე გამოცხადებული შესვენების პარალალურად მმართველი გუნდი პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდება