დასანანია, რომ „ნაციონალური მოძრაობა” კვლავ სიძულვილის ენით, ლანძღვა-გინებით ცდილობს პოლიტიკური მიზნების მიღწევას

დასანანია, რომ „ნაციონალური მოძრაობა” აგრძელებს დაპირისპირების რიტორიკას, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 16 დეკემბერს შესაძლოა ოპოზიციამ თელავში აქცია გამართოს.

„დასანანია, რომ „ნაციონალური მოძრაობა” აგრძელებს დაპირისპირების რიტორიკას და კვლავ სიძულვილის ენით, ლანძღვა-გინებით ცდილობენ თავიანთ პოლიტიკური მიზნებს მიაღწიონ, რაც პირადად ჩემთვის მიუღებელია”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კითხვაზე, არის თუ არა პოლიტიკური კრიზისი და საჭიროა თუ არა პროპორციული სისტემით ვადამდელი არჩევნების ჩატარება, ზოიძე ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ არის.

„რაც ეხება ვადამდელ არჩევნებზე ულტიმატუმების ენით საუბარს, ეს მიუღებელია”, – აღნიშნა ზოიძემ.

კითხვაზე, თუ სად არის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი და მიმდინარე მოვლენებზე, ასევე ოპოზიციის მოთხოვნაზე როგორი პოზიცია აქვს მას, დეპუტატი პასუხობს, რომ “ივანიშვილი არის იქ, სადაც აქამდე იყო”.

“ახლა საქმე გვაქვს საკეთებელი, არ შეიძლება სულ პოლიტიკურ პროცესებზე ვიყოთ ორიენტირებული, უამრავი დაპირება გვაქვს შესასრულებელი, ბიუჯეტი მისაღები. ეს დაპირებები ბიძინა ივანიშვილმა კი არა, ჩვენ გავეცით, როგორც გუნდმა. ცალკე მდგომი ბიძინა ივანიშვილი არ არსებობს, არსებობს პარტია, მისი თავმჯდომარე და მისი მთავრობა. ახლა ჩვენ უნდა შევასრულოთ დაპირებები, რომელიც აქამდე გავეცით”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

banner
წინა სტატიაშილანჩხუთში ნაპოვნ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით ამ წუთებში კიდევ რამდენიმე ადამიანის გამოკითხვა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაგიორგი კაკაურიძე – „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანია თანხას არ იხდის და ამ მიზეზით ვერ იღებს აქციზურ მარკებს