დანიელსონი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს დღეიდან დაიწყებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს დღეიდან დაიწყებს.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, კრისტიან დანიელსონი დილიდან პირველ შეხვედრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართავს, რის შემდეგაც პოლიტიკურ მხარეებთან შეხვედრები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გაგრძელდება.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს დაბრუნდა. დანიელსონმა გუშინ შეხვედრები გამართა საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

როგორც დანიელსონმა არასამთავრობოებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ექვსი პუნქტი, რომელიც წარმოდგენილია პრეზიდენტ მიშელის მიერ, არის ის ჩარჩო, რომლის ირგვლივაც მუშაობენ. მისივე თქმით, ექვს პუნქტს შორის არის საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმები.

ამასთან, როგორც დანიელსონმა აღნიშნა, ევროკავშირი სრულად არის ჩართული, რათა საქართველოს კრიზისის გადალახვაში დაეხმაროს, თუმცა კრიზისის გადაჭრაზე პასუხისმგებლობა ეკისრება არა ევროკავშირს, არამედ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 22 მარტს განაცხადა, რომ მისი პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში დაბრუნდებოდა.

შეგახსენებთ, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მას ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისგან საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაცია დაევალა. დანიელსონმა 12-14 მარტს შეხვედრები გამართა როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ამის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა ვიზიტი გაახანგრძლივა. გაიმართა ერთობლივი შეხვედრები ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობითაც, თუმცა უშედეგოდ.

დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა. გამგზავრებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე კრისტიან დანიელსონმა იმედი გამოთქვა, რომ პარტიებს ექნებათ კომპრომისის სურვილი, რომელიც შედეგის შესაძლებლობას იძლევა.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე: COVID-ზე ვაქცინაცია, დიდი ალბათობით, კანონმდებლობით სავალდებულო არ გახდება
შემდეგი სტატია27 წლის ექთნის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის შუალედური დასკვნა სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი