“დამემუქრნენ მეუღლის გაუპატიურებით, მიშვერდნენ ელექტროშოკს”- ებრაელი ბიზნესმენი ქართველ სამართალდამცველებზე

ებრაელი ბიზნესმენი ქართველ სამართალდამცველებს ფიზიკურ ზეწოლასა და ქვეყნიდან გაძევების მცდელობაში ადანაშაულებს. დაბა ლაითურში მცხოვრები იგორ ასკაროვი “გურიის მამბესთან” გუშინ მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის დეტალებს იხსენებს.

“გუშინ 07.12.16, შებინდებისას, ჩემს სახლში შემოვარდა 6 საეჭვო მამაკაცი, ყოველგვარი საბუთების წარდგენის გარეშე. მათ დაიწყეს უცნაური მოთხოვნების წამოყენება, ტელევიზორის გამორთვა, გაუნძრევლობა, ოთახიდან გაუსვლელობა,საპირფარეშოშიც კი არ შემიშვეს …ყოველგვარი საბუთების წარდგენის გარეშე დაიწყეს სახლის ჩხრეკა ჩემი თანდასწრების გარეშე, რას ეძებდნენ, ან რა გაიტანეს, მე არ ვიცოდი მანამ, სანამ არ მოვიდა ჩემი ადვოკატი.ადვოკატის მოსვლის შემდეგ მას აუხსნეს, რომ ისინი ფინანსური პოლიციიდან არიან და ეძებენ არაყს, რომელიც, ნახევარი წლის წინ, აუქციონზე იყო ნაყიდი ჩემი ნათლულის მიერ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან, რომელიც ინახებოდა ჩემს სახლში. არაყი მთლიანად გაიტანეს. როგორც ამიხსნეს, რაღაც გარემოებების დადგენამდე. მას შემდეგ, რაც ჩემი ადვოკატი წავიდა, 00 საათსა და 30 წუთზე, ჩემს სახლში შემოვიდნენ სხვა პოლიციელები და განაცხადეს, რომ მიყავთ ჩემი მეუღლე. მე ეს არ დავუშვი, რადგანაც, წინა დარბევისას, დამემუქრნენ მისი კამერაში გაუპატიურებით, ამიტომ, მოვითხოვე დალოდებოდნენ ადვოკატის ხელმეორედ მოსვლას. რის შემდეგადაც, მივიღე ხელით ძლიერი დარტყმა საფეთქელში მოთხოვნით- წავთრეულიყავი ჩემს იერუსალიმში, სანამ ციხეში არ ამოვულპივარ. მიშვერდნენ სახეში ელექტროშოკს. ღამის 2 საათზე მოვიდნენ ადვოკატები და ჟურნალისტები, რომლებიც გვიცავდნენ დილის 4 საათამდე. გამთენიისას, ვიღაცეები კიდევ ცდილობდნენ ჩემთან შემოღწევას, მაგრამ, ძაღლებმა ისინი არ შემოუშვეს. ავმდგარიყავი დამენახა ვინ იყო, აღარ შემეძლო, ძალაც არ მქონდა ამისი. დილით კი, აღმოვაჩინე ბევრი გატეხილი ბოთლი, დამტვრეული კედლები და ფარეხის ჭიშკარი, მთელი პირუტყვი ქუჩაში იყო გამოშვებული. საუზმის მომზადებისას აღმოვაჩინე რომ დანები, რომლებიც ისრაელიდან ჩამოვიტანე –გამქრალი იყო. კიდევ რა არის გამქრალი, ჯერ არ ვიცი. ასევე არ ვიცი რა იქნება ამის მერე, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ჩემს ისრაელში, ყოველთვის შემიძლია დავბრუნდე, და ამაში ხელს ვერავინ ვერ შემიშლის, მანამდე კი, ვნახოთ რას მოიგონებენ ისინი”-აცხადებს ასკაროვი.
კანადისა და ისრაელის მოქალაქის იგორ ასკაროვის მიმართ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დევნა 200-ე მუხლით დაიწყო, რაც 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.საფუძველი კი უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვაა. პროდუქცია იგორ ასკაროვის საცხოვრებლიდან ჩხრეკისას ამოიღეს.თავად ბიზნესმენი აცხადებს, რომ ნაწარმი ფინანსთა სამინისტროს აუქციონზე პირადი მოხმარებისთვის შეიძინა.

წყარო: “გურიის მოამბე”

banner
წინა სტატიაშიდღეს ღამით საქართველოში ძლიერ ყინვას ელოდებიან
შემდეგი სტატია„თითქმის მივაღწიეთ მიზანს”- დონალდ ტუსკი ვიზალიბერალიზაციაზე