,,ცვლილებების წარდგენა ხდება და უცებ მზად არის სამთავრობო პროგრამაც, მიკვირს, სად ასწრებენ ამ პროგრამების შემუშავებას”

region
ავტ.: region სექტემბერი 4, 2019 15:57

,,ცვლილებების წარდგენა ხდება და უცებ მზად არის სამთავრობო პროგრამაც, მიკვირს, სად ასწრებენ ამ პროგრამების შემუშავებას”

ჩავერთვებით ცვლილებების განხილვებში, მოვისმენთ სამთავრობო პროგრამას, მაგრამ მხარს ვერ დავუჭერთ, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მთავრობის მიერ წარდგენილი სისტემური ცვლილებები ყოველთვის მოკლებულია მეცნიერულ ანალიზს, ამასთან, საზოგადოება ვერ იღებს განმარტებას, რატომ მიდის თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრი, რომელზეც ამბობენ, რომ წარმატებული პრემიერია.

„ბოლო შვიდი წლის განმავლობაში საქართველოში რამდენჯერმე შეიცვალა პრემიერ-მინისტრი და მთავრობის შემადგენლობა. ყოველი ამ ცვლილების დროს ვერ ვისმენთ განმარტებას პრემიერ-მინისტრისგან, რატომ მიდის დაკავებული პოსტიდან, რა არგუმენტაცია აქვს, არადა, გვესმის შეფასებები, რომ ის იყო წარმატებული პრემიერ-მინისტრი, მაგრამ რატომ მიდის პოსტიდან, მისი მხრიდან განმარტებები არ გვესმის, რაც მიმაჩნია საზოგადოების უპატივცემულობად. ყოველთვის უნდა იყოს განმარტებული, რატომ მიდიხარ პოსტიდან. სამწუხაროდ, ცვლილებები, რასაც წარმოადგენს მთავრობა, სისტემური ცვლილებები, მოკლებულია ხოლმე მეცნიერულ ანალიზს. რჩება განცდა, რომ ეს ყველაფერი სპონტანურად არის ხოლმე წარმოდგენილი შემდგომ პარლამენტში“, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა.

მაგალითად, მისი თქმით, „პატრიორტთა ალიანსი“ თავის დროზე კულტურისა და განათლების სამინისტროს გაერთიანების წინააღმდეგი იყო.

„ამაზე ოპონირებას მიწევდა უმრავლესობა, მაგრამ დღეს აღმოჩნდა, რომ შესაძლოა, ისევ მოხდეს ცალ-ცალკე გაყოფა ამ სამინისტროების. ან რატომ ერთიანდება, ან რატომ იშლება. მეცნიერული მიდგომა სამწუხაროდ არ არსებობს. ასევე საკადრო შემადგენლობა, რაც თავისთავად პრობლემატურია, რატომ ინიშნება ესა თუ ის პირი ამა და ამ თანამდებობაზე, რა არის არგუმენტაცია, რატომ, ან როგორ უნდა დავუჭიროთ ჩვენ მხარი მთავრობის წარმოდგენილ შემადგენლობას, როდესაც არ და ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას ამაზე. ჩვენი წარმოდგენილი მთავრობა არ არის ეს და მეორე, არავითარ კონსულტაციას არასდროს მთავრობა და უმრავლესობა არ გადის ოპოზიციასთან, რა ცვლილებების განხორციელებას აპირებს. ყველა ნორმალურ ქვეყანაში, როდესაც ცვლილებები იგეგმება, ამ ცვლილებების განხილვა ხდება ოპოზიციასთან, საქართველოში კი, ასე არ ხდება. შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა ჩავერთვებით განხილვებში, მოვისმენთ პროგრამას, მაგრამ მხარს ვერ დავუჭერთ“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, საკვირველია, ცვლილებების წარდგენისთანავე, როგორ ასწრებენ პროგრამის მომზადებას.

„უცებ ხდება ხოლმე ცვლილებების წარდგენა და უცებ თურმე, მზად არის პროგრამაც, მიკვირს ხოლმე, სად ასწრებენ ამ პროგრამების შემუშავებას მთავრობის წარმომადგენლები და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. ვერ გავეცანი ჯერ პროგრამას. გახარიას კანდიდატურა უკვე წარდგენილია. ჩვენ არ ვართ ჯერ მთავრობა და უმრავლესობა, რომ ჩვენ გვქონდეს პრეროგატივა მთავრობის წარდგენის. შესაბამისად, პასუხისმგებლობას ამ შემთხვევაში უმრავლესობა იზიარებს და ხელისუფლება, რომელმაც ეს კანდიდატურა წარადგინა“, – აღნიშნა ინაშვილმა.

ინაშვილმა 20-21 ივნისის მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ვითარებაში მიუღებელი და ყოვლად დაუშვებელი იყო რეზინის ტყვიების გამოყენება.

„ჩვენ სათანადო საკანონმდებლო ცვლილებით შემოვალთ, რომ არ მოხდეს ადამიანისთვის სიცოცხლისთვის საშიში რეზინის ტყვია იქნება თუ სხვა იარაღის გამოყენება მომავალში და მეტი ბარიერები იყოს ჩადებული კანონმდებლობაში. მაგრამ ყველაფერს აქვს ორი და რამდენიმე მხარე. სააკაშვილის რეჟიმის პირობებში ჩვენც ვმართავდით საპროტესტო აქციებს, ძალიან მწვავე აქციებს, მაგრამ არასდროს გვქონდა მცდელობა, შევჭრილიყავით სახელმწიფო დაწესებულებებში. არ გვქონდა მცდელობა სახელმწიფო გადატრიალების მოხდენის“, – აცხადებს ინაშვილი.

მისივე თქმით, გაკეთდა განცხადებები, რომ ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს გამოძიება, რა ხდებოდა 20-21 ივნისს. ინაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ გამოძიების შედეგებს საზოგადოება მოისმენს.

„რამდენიმე მხარე აქვს პროცესს, ერთი, რომ რეზინის ტყვიები არ უნდა გამოყენებულიყო, მაგრამ მეორე მხარეა, როდესაც დგება შეტევა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ეს ინსტიტუტები.

პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დგას და ის იზიარებს, მაგრამ ვინაიდან გამოძიება დასრულებული არ არის, მე სამართლებრივ შეფასებას ამას ვერ მივცემ“, – განაცხადა ინაშვილმა.

region
ავტ.: region სექტემბერი 4, 2019 15:57

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,233
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics