ცხინვალის ციხეში 2 იანვრიდან მყოფი საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს

ექვსთვიანი “სასჯელის” ვადის გასვლის შემდეგ, რაც გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრებ სერგო გუგუტიშვილსა და თბილისელ თამაზ კახაბრიშვილს ე.წ. “საზღვრის” უკანონოს კვეთის გამო მიუსაჯეს, ისინი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს და ქართულ მხარეს გადასცეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის კგბ ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა შეგნებულად გადაკვეთეს “სახელმწიფო საზღვარი”.

საქართველოს ორი მოქალაქის გათავისუფლების ფაქტს სუს-იც ადასტურებს.

“აღნიშნული პირების უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივ კომუნიკაციას ახორციელებდა ცხელი ხაზის მეშვეობით. პროცესში უშუალოდ იყვნენ ჩართული საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. გარდა ამისა, მათი უკანონო დაკავებისა და დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM), ისე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატებში გამართულ შეხვედრებზე.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით.” ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიბახმუტთან გმირულად დაცემულ აჩიკო დევრისაშვილის ცხედარს საქართველოში ორშაბათს გამოაცილებენ
შემდეგი სტატიალიეტუვის შსს-მ პრეზიდენტს მოციგურავე მარგარიტა დრობიაზკოსთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის რეკომენდაცია მისცა