ჩვენთვის გერმანული მოდელი არის მიუღებელი

მეორე მხარეს მედიატორების ჩართულობით კიდევ ერთხელ ავუხსენით, რომ ჩვენთვის გერმანული მოდელი არის მიუღებელი, ვინაიდან არის ანტიკონსტიტუციური, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მმართველ გუნდსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრა რაიმე არსებით საკითხზე კონკრეტული შეთანხმებით ვერ დასრულდა.

„საკმაოდ გრძელი საუბარი და დროც წაიღო იმაზე მსჯელობამ, რომ მეორე მხარეს მედიატორების ჩართულობით კიდევ ერთხელ ავუხსენით, რომ ჩვენთვის გერმანული მოდელი, მათ შორის ის მოდელი და გერმანული სისტემის მოდელის ვარიაცია, რომელიც დარეგისტრირდა პარლამენტში არის მიუღებელი, ვინაიდან არის ანტიკონსტიტუციური, რაც არ უნდა პარლამენტში რეგისტრირებული მოდელის ერთი ნაწილი იყოს მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემა. შესაბამისად, ამან წაიღო დიდი დრო, ვინაიდან ჩვენ მათ კიდევ ერთხელ ვუხსნიდით, რომ ეს არის მიუღებელი“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, დისკუსიის მეორე ნაწილში საერთაშორისო პარტნიორებმა დააყენეს წინადადება ორივე მხარის წინაშე – ხომ არ ემსჯელათ მხარეებს იმაზე, რომ არსებული კონსტიტუციის ფარგლებში, სადაც საქართველოს პარლამენტი არის ნახევრად მაჟორიტარული და ნახევრად პროპორციული, საქართველოს პარლამენტის ერთი ნახევარი იყოს არა ერთმანდატიანი მაჟორიტარული, არამედ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული.

„ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვთქვით, რომ ვიმსჯელოთ, რატომაც არა, განვიხილოთ ეს წინადადება, რომელიც ერთ-ერთმა ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა ზეპირად წაიკითხა და შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება რეალურად ჩავიხედოთ დეტალებში და ოპოზიციამაც განაცხადა იგივე, რომ მათ რა თქმა უნდა, შიგნით დასჭირდებათ მსჯელობა, კონსულტაციები და შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, მოსწონთ, აწყობთ თუ არა პოლიტიკურად ეს მოდელი. ეს იყო დღევანდელი შეხვედრის ძირითადი მომენტები და ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება იმაზე, რომ დღეს წამოჭრილი საკითხი განვიხილოთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაში„ქართულ ოცნებას“ სხვა გზა არ აქვს
შემდეგი სტატიაშემდგომი შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი იქნება, თუ როგორ დაკომპლექტება მაჟორიტარული ადგილები პარლამენტში