“ჩვენ, წლების განმავლობაში დახურული სასამართლო დარბაზები, მედიისთვის გავხსენით”

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე სასამართლო სისტემის ხარვეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლებას მძიმე მემკვიდრეობა დახვდა.

ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში მანანა კობახიძემ აღნიშნა, რომ დღეს, საქართველოში სასამართლო სისტემა იდეალური არ არის და ვერც იქნება, გამომდინარე იმ მემკვიდრეობიდან, რაც ამ ხელისუფლებას ხვდა წილად.

“როდესაც დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები “დახურულ კარზე” საუბრობენ, სწორედ რეფორმების პირველი ფაზა გახლდათ ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო გამჭვირვალე გახდა. უფრო მეტიც, მოსამართლის შესარჩევ კონკურსებზე არასამრავრობო სექტორი ჩართული იყო. ცვლილებების მეორე ეტაპიდან, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო სასამართლო დარბაზების ღიაობა. ჩვენ შევძელით ის, რომ წლების განმავლობაში დახურული სასამართლო დარბაზები, მედიისთვის გავხსენით. უფრო სწორად, როგორც კი ხელისუფლებაში მოვედით, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ გახსოვთ, რომ ტელევიზიებს სასამართლოს ეზოშიც კი ეკრძალებოდათ ყოფნა. შეუძლებელი იყო მობილური ტელეფონით დარბაზში შესვლა. ის, რომ დღეს ჩვენ სასამართლო დარბაზების კარები გავხსენით, ეს ზრდის სასამართლოს ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე, რაც ჩვენი ხელისუფლების მიღწევაა”,- განაცხადა მანანა კობახიძემ.

საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერის თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ პარლამენტი აბსოლიტურად გაემიჯნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, იმ მხრივ, რომ პარლამენტის წევრები უშუალოდ აღარ მონაწილეობენ საბჭოს შემადგენლობაში.

“ჩვენ ეს ბერკეტი თავად ჩამოვიცილეთ. იგივე ნიკა გვარამია, თუ სწორად მახსოვს, ჩართული იყო მოსამართლეების დანიშვნის თუ გათავისუფლების საკითხებში. რაც შეეხება რეფორმების მესამე ტალღას, პარლამენტს დიდი სურვილი აქვს მიიღოს აღნიშნული კანონპროექტი და დასრულდეს ეს ეტაპი, მაგრამ შექმნილი რეალობა ისეთია, რომ თუნდაც დღეს უკვე კოალიციიდან გასულმა წევრებმა, გარკვეულ ცვლილებას მხარი არ დაუჭირეს. აღარ ვსაუბრობთ “ნაციონალურ მოძრაობაზე”. იმის გამო, რომ ჩვენ ამ კანონის ჩავარდნა არ გვსურს და მისი 76 ხმით მიღება გვინდა, გარისკვა არ შეიძლება. ის რომ გარკვეული მუშაობა საჭიროა, ამაში გასაკვირი არაფერია”,- განაცხადა მანანა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში(video) აფხაზმა პოლიციელებმა სომეხი ფეხბურთელები სცემეს
შემდეგი სტატია“იქნებ უკეთესი ყოფილიყო, არჩევნებამდე “რუსთავი 2″-ის საქმეზე გადაწყვეტილება არ მიღებულიყო”