,,ჩვენ შევძელით აგრესიის პრევენცია და არსებითად მშვიდი საარჩევნო გარემოს შენარჩუნება”

მიუხედავად ოპონენტების მცდელობისა, განეხორციელებინათ სიტუაციის ესკალაცია და არჩევნების მეორე ტურში, ისევე, როგორც პირველ ტურში აგრესიული ფონი შეექმნათ, მმართველმა გუნდმა თავისუფალი და სამართლიანი გარემოს უზრუნველყოფა შეძლო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ შევძელით აგრესიის პრევენცია და არსებითად მშვიდი საარჩევნო გარემოს შენარჩუნება. ეს არის, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, მმართველი გუნდის პასუხისმგებლობა და ჩვენ ამ პასუხისმგებლობას 2012 წლიდან მოყოლებული პირნათლად ვასრულებთ. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის ჩვენი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა და ჩვენ ამ მიღწევას განსაკუთრებით ვუფრთხილდებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩევნებში ჩართულ ყველა სუბიექტს მოუწოდა, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოავლინონ. კობახიძემ მხარდამჭერებს, შს სამინისტროსა და დამკვირვებლებსაც მიმართა.

„პირველი ტურის შემდეგ დაფიქსირდა საარჩევნო დარღვევების ინდივიდუალური შემთხვევები სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან, რომელიც მთლიანობაში საერთო სურათზე რამე არსებით გავლენას ვერ ახდენს. ახლა, ბუნებრივია, ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, 28 ნოემბერს ამომრჩევლისთვის თავისუფალი და მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა. ჩვენ მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა სუბიექტს, გამოავლინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისა და პროვოკაციებისაგან. ასევე მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, გამოავლინონ მოთმინება და არ წამოეგონ პროვოკაციებს, რა ფორმითაც არ უნდა განხორციელდეს ისინი. მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, პირველ რიგში შს სამინისტროს, სრული მობილიზაციით უზრუნველყონ საარჩევნო პროცესში კანონის დაცვა. ვთხოვ დამკვირვებლებს, უზრუნველყონ საარჩევნო პროცესის მაქსიმალური მონიტორინგი. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი მათ თანადგომისთვის“, – აღნიშნა მან.

ირაკლი კობახიძის თქმით, 28 ნოემბერს საქართველოსთვის კიდევ ერთი პრინციპული ღირსების არჩევნები ტარდება. „ხვალ ჩვენ ვაკეთებთ პრინციპულ არჩევანს. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი პრინციპული ღირსების არჩევნები. ეს არის არჩევანი სიცრუესა და სიმართლეს შორის, ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის, ძალადობასა და ღირსებას შორის, საბჭოთა წარსულსა და ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს შორის. დარწმუნებული ვართ, რომ ქართული საზოგადოება ხვალ კიდევ ერთხელ გააკეთებს ერთადერთ სწორ არჩევანს. ამომრჩეველს მოვუწოდებთ მაქსიმალური აქტიურობისკენ. სწორედ თქვენს აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად დამაჯერებელი იქნება ჩვენი საერთო გამარჯვება“, – აღნიშნა მან.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილმა NDI-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე წინასაარჩევნო გარემო განიხილა
შემდეგი სტატიარუსთავის მერიასთან წინასაარჩევნოდ ილოცეს