ჩემთვის მთავარი ამოცანაა, საქართველოში ყველა ახალგაზრდას ჰქონდეს განცდა, რომ ამ ქვეყნის მომავალი მის ხელშია

ყოველთვის გქონდეთ იმის რწმენა, რომ ამ ქვეყნის მომავალი თქვენს ხელშია, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ახალგაზრდებს, რომლებსაც დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა სტუდენტებსა და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს განათლების მასშტაბური რეფორმის დეტალები გააცნო და მათ კითხვებს უპასუხა.

პრემიერმა განათლების პრიორიტეტულობის ბიუჯეტში ასახვის აუცილებლობასა და 21-ე საუკუნეში ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„თუ განათლების სექტორს არ აქვს ეკონომიკაში მინიმუმ 10-11 ან უკეთეს შემთხვევაში, 12 პროცენტი, ასეთი სახელმწიფოები ვერ ახერხებენ ადამიანური კაპიტალის შექმნას ან მაღალ დონეზე შენარჩუნებას. ჩვენთან ეს ციფრი ძალიან დაბალია, რაც არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც აღმოვჩნდით ასეთი გამოწვევების წინაშე. განათლება და ეკონომიკა ერთმანეთს დაშორდა. განათლებაზე იხარჯებოდა ნაკლები ინვესტიცია, ამ სფეროში იყო ყველაზე დაბალი ხელფასები, ხოლო პრიორიტეტი იყო დიპლომის გაცემა და არა თავად განათლების პროცესი. ჩვენი ამოცანაა, უზრუნველვყოთ, რომ ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტში განათლებას ჰქონდეს 11 პროცენტი. ეს რომ უზრუნველვყოთ, ჩვენ, როგორც სახელმწიფომ, ექვსი პროცენტი უნდა დავხარჯოთ განათლებაზე. ეს კერძო სექტორს საშუალებას მისცემს, თავის მხრივ, ჩადოს ინვესტიციები და შედეგად მაღალ ნიშნულზე გავიდეთ. ეს ნიშნავს, რომ ყოველწლიურად ჩვენი ბიუჯეტის 25 პროცენტი უნდა მივმართოთ განათლებაზე. დიახ, ეს არის სწორი გზა და ეს ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 2,5-ჯერ უნდა გავზარდოთ ინვესტიციები განათლებაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გაზრდილი დაფინანსება ხუთი მიმართულებით მიიმართება – სკოლამდელი განათლება, საშუალო განათლება, უმაღლესი განათლება, პროფესიული განათლება და მეცნიერება. მთავრობის მეთაურის შეფასებით, რეფორმამ უნდა უზრუნველყოს მძლავრი ადამიანური კაპიტალის განვითარება, რაც ქვეყანას ყველა გამოწვევის დაძლევის საშუალებას მისცემს.

პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა ინიციატივის საკანონმდებლო დონეზე გამყარების აუცილებლობას, რაც ყველა ხელისუფლებას დაავალდებულებს, ბიუჯეტის მინიმუმ მეოთხედი მიმართოს განათლებაზე, რაც რეფორმის წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

„ჩვენ გასულ წელს ვიზეიმეთ პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილე. ერთ-ერთი პირველი კანონი, რაც პირველმა რესპუბლიკამ მიიღო, განათლებას ეხებოდა. მათ შეძლეს და ორი წლის განმავლობაში 1200 ახალი სკოლა გახსნეს საქართველოში. ჩვენს დიდ წინაპრებსაც საქართველოს წარმატებისა და ნამდვილ ევროპულ ქვეყნად ჩამოყალიბების ერთადერთ სწორ გზად სწორედ განათლება მიაჩნდათ. ვფიქრობ, ეს ყველაზე ნათელი პასუხია. შესაბამისად, ეს არის სწორედ ეროვნული იდეა, რომელიც დაგვაძლევინებს ყველა გამოწვევას. განათლებაში არის ხსნა და განათლებაში არის თავისუფლება, თავისუფლება ოკუპაციისგან და თავისუფლება სიღარიბისგან. ჩვენ ვამაყობთ იმ შედეგებით, რაც გვაქვს ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, სადაც ჩვენ მეექვსე ადგილზე ვართ. მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებული წარმატება იქნება ის, რომ ჩვენ ადამიანური კაპიტალის ინდექსში ვიყოთ ლიდერები. მწამს, ჩვენ ამას შევძლებთ, მაგრამ ამისთვის საჭიროა კონსოლიდაცია, ერთსულოვნება და ეროვნული ინტერესების ერთგულება. ჩვენ გვჭირდება რწმენა იმისა, რომ მომავალი არის თქვენს ხელში, ახალგაზრდების ხელში. ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის მთავარი ამოცანაა, საქართველოში ყველა ახალგაზრდას ჰქონდეს განცდა, რომ ამ ქვეყნის მომავალი მის ხელშია“, – მიმართა ახალგაზრდებს პრემიერმა.

შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მას 150-მდე ახალგაზრდა ესწრებოდა.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში ყინულის მოედანზე ამიაკის გაჟონვისგან 14 ადამიანი მოიწამლა
შემდეგი სტატიადე-ფაქტო აფხაზეთში საპარალმენტო არჩევნები დაინიშნება არა უგვიანეს 25 ივლისისა