“ჩემ თავს ვუთხარი, რომ ცხოვრება მშვენიერია, უნდა ვიბრძოლო და არ დავყარო ფარ-ხმალი“

ქეტი1ეს იწერება ქეთისთვის. ჩემთვის და შენთვის.
ქეთის ერთ-ერთ ტრენინგზე შევხვდი. თითქმის ორი წლის წინ. ტრენინგი, როგორც ტრენინგი – ბევრი ურთიერთობა, ხშირად უინტერესო ან თემის დამკვეთისთვის კონკრეტული პრობლემის გარკვეული მასშტაბით წარდგენა, ახალი ხედვების გაცნობა (რომელიც ხშირად უფრო ახალი პოლიტკორექტული მიდგომებია და ნაკლებად ინფორმაციული) და ა.შ და აუცილებლად ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო.
პირველად ხუთვარსკვლავიან სასტუმროში გაეროს ტრენინგებიდან მოვხვდი, ქობულეთში. წამოსვლისას ერთადერთი ჩანთა სასტუმროში დამრჩა (კარგად მახსოვს, ეს რომ აღმოვაჩინე, დაახლოებით ნახევარი საათი სპორტის სასახლესთან გაჩერებაზე ვიდექი და ვიცინოდი). გაეროს ამ ტრენინგამდე ორი კვირით ადრე ვენაში გაეროს სათავო ოფისში კონფერენციაზე ვიყავი მოწვეული. მაშინ არ განვუთავსებივართ 5 ვარსკვლავიან სასტუმროში. ჰოდა, იმის თქმა მინდა, რომ ტრენინგები არ მიყვარს და ერთადერთი მიზეზი რატომაც დავდივარ (დავდიოდი), არის ის, რომ უბრალოდ, სიარული მიყვარს (გადაადგილება) და თუ გამიმართლა და საინტერესო ხალხსაც შევხვდი, ხომ გადასარევი ამბავია.

ფეისბუქზე ბევრი მეგობარი მყავს – ერთი პერიოდი მიწევდა მათი დაამტება ინფორმაციის გასავრცელებლად. შემდეგ დრო დამენანა უცნობების ამოსაშლელად და ასე შემომრჩა რამდენიმე ათასი მეგობარი. არ ვიცი რა პრინციპით ვხედავ სიახლეებს მთავარ გვერდზე, მაგრამ ძალიან ცოტა ფეისბუქ მეგობრის განახლებულ პოსტებს შორის ქეთის ყოველთვის მიგდებს. ფოტოებზე ჩანს, რომ ის ხან აქ არის, ხან იქ არის, ხან ერთ ტრენინგზე, ხან სხვა შეხვედრაზე, ხან რაღაც აქციაზე, ხან გამოფენა აქვს, ხან კონცერტზეა, ხან საქმელმოქმედო საღამოზე.

მაშინ მომიყვა, რომ 6 წლის ასაკში კიტრით მოიწამლა. ისეთი ძლიერი ინტოქსიკაცია წავიდა, რომ ტვინის შეშუპება დაემართა. 7 საათი კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იყო. ხერხემლიდან სითხე აუღეს. რაღაცნაირად გამოძვრა მდგომარეობიდან. სკოლაში კარგად სწავლობდა. დაახლოებით 15-16 წლის ასაკში დაავადებამ შეახსენა თავი და სიარული ყოველდღე უუარესდებოდა. ამ პერიოდში სამედიცინო კოლეჯში ჩააბარა. ოცნება ექიმობა იყო – მისი მდგომარეობისათვის, ალბათ, ბუნებრივი გადაწყვეტილება, რომელიც არაპროფესიონალი ექიმების გამო განუხორციელებელი გაუხდა. უფრო მეტიც – არაპროფესიონალი ექიმების მიერ დასმული არასწორი დიაგნოზის გამო, რომლის მკურნალობაც, შესაბამისად არასწორი მიმართულებით მიდიოდა, ახლა ქეთი ეტლით მოსარგებლეა.
არ ვიცი ამ შემთხვევაში ექიმის პასუხისმგებლობას რა ქვია – მორალური, პროფესიონალური, ეთიკური. სად გადის ზღვარი ექიმის უყურადღებობის ან პროფესიული უვიცობის დასაშვებ ან მაქსიმალურად დასაშვებ რამდენიმე ხაზზე, რომელის მერეც შესაბამისი სამინისტრო მაქსიმუმ ლიცენზიას ჩამოართმევს, თვითონ კი მხოლოდ იმაზე ინერვიულებს, რომ პროფესიულ საქმიანობას ვერ ეწევა.
რატომ არ ფასდება ექიმის უვიცობა დანაშაულად, რომლის გამოც ქეთი ეტლში ჩაჯდა, ჩემს მეგობარ ბაბილინას მკერდი მოაჭრეს (შეცდომითო, მერე უთქვამს ექიმს), პატარა ეკუნას მშობიარობის ტრამვა მიაყენეს, ტვინის დაზიანება მიიღო და მთელი ცხოვრება პრობლემები ექნება და ა.შ.
სად გადის კანონის წინაშე და საკუთარ თავთან პასუხისმგებლობების ზღვარი და მანამდე ცენზი, რომელიც გაგფილტრავს ყველა მოქმედებაში სხვათა წინაშე და ასევე საკუთარ თავთან. განსაკუთრებით რაიონებში ადამიანები ერიდებიან ექიმის წინააღმდეგ ჩივილს, თუკი ფატალური შემთხვევა არ დადგა.
არ მიკითხავს ქეთისთვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის ექიმი (ან ექიმები) ისევ მუშაობენ. ცხადია, სიამაყის გრძნობით (სხვა შემთხვევაში სინდისი შეჭამდა), პროფესიული ამბიციით (როგორც ეს ექიმების აბსოლუტურ უმრავლესობას ახასიათებს) და კმაყოფილებით (რომ ამ გაჭირვებულ ქვეყანაში მოახერხა და შედგა. მერე რა, რომ ავადმყოფი წამლებზე გაყიდა ან მისი ჯანმრთელობა კლოუნის ბურთივით ათამაშა ხელში).

„უკვე 7 წელზე მეტია ეტლით მოსარგებლე ვარ. ჩემ თავს ვუთხარი, რომ ცხოვრება მშვენიერია, უნდა ვიბრძოლო და არ დავყარო ფარ-ხმალი“ – ამბობს ქეთი და იმხელა პოზიტივი მოდის მისგან, ასე რომ არ ეთქვა, ეს ისედაც ცხადი იყო.
„ეტლი ჩემთვის გადაადგილების საშუალებაა, მეტი არაფერი. თავიდან ვგრძნობდი სიბრალულს, სიცოდვილს ხალხისგან. თანდათან ვამსხვრევ სტერეოტიპს, რომ აქ ამ ეტლში მორჩა ცხოვრება. ვცხოვრობ აქტიურად, ვწერ ჟურნალისთვის, ვესწრები სემინარებს, სპორტულ ღონისძიებებში ვიღებ მონაწილეობას, მთელი საქართველოს ეკლესია-მონასტრები მოვილოცე, ვქარგავ, ვქსოვ, ბრისერებს ვაგებ, ვმონაწილეობ სხვადასხვა ფესტივალებსა და გამოფენებში, 2015 წლის სექტემბრიდან ვარ სახალხო დამცველის შეზღუდული შესაძლებლობის მქონ პირთა გაეროს კონვეციის იმპლემენტაციის და მონიტორინგის საბჭოს წევრი“ – მიყვება ქეთი თავის აქტიურობებზე, რომელსაც მე ყოველდღე ვადევნებ თვალყურს.
„ჩემ თავს ვუთხარი, რომ ცხოვრება მშვენიერია, უნდა ვიბრძოლო და არ დავყარო ფარ-ხმალი“ – ქეთის სიტყვებს ვიმეორებ და ვფიქრობ, რამდენჯერ უთქვამს იგივე მის ექიმს, რომელმაც მინიმუმ ერთი ადამიანის ცხოვრება გადაწყვიტა როგორ უნდა წარმართულიყო.
ქეთის ოპერაცია თურქეთში კეთდება და ის 61 500 დოლარი ჯდება. ეს მისი სიარულის დაწყების შანსია, რომ „ვიცხოვრო ისე, როგორც მინდა. ფეხზე მინდა გავიარო. ერთ-ერთი პირველი, რასაც გავაკეთებ, იერუსალიმში წასვლაა, რომ უდიდეს სიწმინდეებს შევეხო“ – მეუბნება.

ეს დაიწერა ქეთისთვის. ჩემთვის და შენთვის.
ჩვენ ერთმანეთს თანადგომით ვაძლიერებთ.

რეკვიზიტები: დარეკვა მაგთიდან და ბილაინიდან 0901701025
ლიბერთი ბანკი. მიმღები ქეთევანი ჭიღლაძე GE66LBO711115453143000

banner
წინა სტატიაშიგალის რაიონში არასრუწლოვანთა გათხოვების ფაქტები გახშირდა
შემდეგი სტატიარა შემთხვევაში გაუხსნის გერმანიის პოლიცია ცეცხლს მიგრანტებს