“ჩამოვედი, რომ მხარი დაგიჭიროთ ევროპისკენ და ნატოსკენ მიმავალ გზაზე” – სლოვაკეთის პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტ ანდრეი კისკასთან პირისპირ შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე პრეზიდენტებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე ისაუბრეს.

განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევის გახშირებული ფაქტები.

მოლაპარაკებების შემდეგ პრეზიდენტებმა ერთობლივი პრეს კონფერენცია გამართეს.

ჩამოვედი, რომ მხარი დაგიჭიროთ ევროპისკენ და ნატოსკენ მიმავალ გზაზე – ეს განცხადება სლოვაკეთის პრეზიდენტმა გააკეთა. ანდრეი კისკას თქმით, მას აქვს მოლოდინი, რომ ვარშავის სამიტზე საქართველოს ნატოს მიმართულებით ექნება მნიშვნელოვანი პროგრესი.

„ასოცირების შეთანხმება საქართველოს აძლევს დიდ ძალას და რამდენიმე წლის წინ ეს წარმოუდგენელიც კი იყო. ბოლო სამიტის შემდეგ კარგი მოლოდინები უნდა გქონეთ იმისათვის თუ როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა ამ ორგანიზაციასთან,“ – განაცხადა ანდრეი კისკამ.

საქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი მარგველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში ისტორიული უწოდა.

“მიმაჩნია, რომ თქვენი ევროკავშირის პრეზიდენტობა, რომელიც სულ ცოტა ხანში იწყება, იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა საქართველოსთვის, რათა უფრო გააღრმავოს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ტემპი,” – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

სლოვაკეთის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს ბიზნეს ფორუმში. დღის ბოლოს ასევე დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.

banner
წინა სტატიაში“ძალადობა, როგორც ფაქტორი, პოლიტიკაში არ უნდა იყოს“ – გია ჟორჟოლიანი
შემდეგი სტატია,, საქართველოს დასაკარგი და მოსაკვეთი არავინ ჰყავს, მთავარია, ადამიანი დროზე მიხვდეს შეცდომებს და მოინანიოს”