ცენტრალურ მაგისტრალზე განმეორებითმა სტიქიამ აღდგენითი სამუშაოები შეაფერხა

როგორც “თაიმერს” ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, გამთენიისას, ინტენსიური წვიმის ფონზე, მდინარე ჩხარა ისევ ადიდდა და დაზიანებულ მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები შეაფერხა.

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე კილომეტრზე, ინტენსიური წვიმების შედეგად მდინარე ჩხარას ადიდების გამო დაზიანებულ საგზაო მონაკვეთზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კოორდინაციით, წუხელ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისა და დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები.

გამთენიისას, ინტენსიური წვიმის ფონზე, მდინარე ჩხარა ისევ ადიდდა და დაზიანებულ მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები შეაფერხა. კერძოდ, ღამის განმავლობაში ჩალაგებული წყალგამტარი მილების წალეკვის თავიდან ასაცილებლად აუცილებელი გახდა მათი დემონტაჟი, შეფერხდა შედუღაბების სამუშაოებიც. თავიდან გადაირეცხა და დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია.

დილიდან დაიწყო განმეორებითი სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია და დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოებიც განახლდა. კერძოდ, იწმინდება მდინარის კალაპოტი და თავიდან ეწყობა წყალგამტარი მილები. სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და ავოტორანსპორტის მოძრაობა მაქსიმალურად მოკლე ვადებში იქნება აღდგენილი.

ამ დროისათვის, მოძრაობა გადართულია ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

banner
წინა სტატიაშილოტკინზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა, სავარაუდოდ, დეკემბერში შეუწყდება