ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს.

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა კანონმდებლებს წარუდგინა, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითხოვს.

ცვლილებები ეხება კოდექსის 236-ე მუხლს, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებით დადგენილი წესების დარღვევას ითვალისწინებს.

შალვა ხუციშვილის განმარტებით, პროექტის შესაბამისად, ზუსტდება დისპოზიცია და იცვლება გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, დამზადების, გადაზიდვის, გადაგზავნისა და გასაღებისათვის.

კომიტეტის წევრთა უმრავლესობა დაეთანხმა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ცეცხლსასროლი იარაღის ტარებაზე პასუხისმგებლობა მართლაც უნდა გამკაცრდეს, მაგრამ ეს არ უნდა შეეხოს შენახვას. მომხსენებლის განცხადებით კი, სტატისტიკა სულ სხვა რამეზე მეტყველებს და მთავრობაც ამის გამო შემოვიდა საკანონმდებლო ინიციატივით.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას წინადადებით, ვინაიდან მოსაზრებები ორად გაიყო, კანონპროექტზე კენჭისყრა გადაიდო და გადაწყდა, რომ დამატებითი კონსულტაციები გაიმართება.

banner
წინა სტატიაში(video) აფხაზეთში ვითარება კულმინაციას უახლოვდება–ოპოზიცია პრეზიდენტის სასახლისკენ დაიძრა
შემდეგი სტატიადავით ნარმანია საკრებულოში თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს წარადგენს