ბუტა რობაქიძის საქმეზე, ყოფილ პატრულს გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში არსად აქვს ნახსენები, რომ შემთხვევის ადგილზე 2 ავტომატი ნახა

ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებული შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსის გურამ დონაძის მტკიცებით, მოწმე დავით გიგაშვილს გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში არსად არ აქვს ნახსენები, რომ შემთხვევის ადგილზე ორი ავტომატი ნახა. როგორც დონაძემ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დავით გიგაშვილი პროკურატურას ჰყავდა მოწმეთა სიაში, თუმცა ის 6 წლის განმავლობაში სასამართლოში არ მოიყვანა, ვინაიდან ის ბრალდების სასარგებლო ჩვენებას არ იძლეოდა. დონაძის თქმით, მოწმე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და ნახა როგორ ამოიღო პატრულმა იარაღები.

“დავით გიგაშვილი არის პროკურატურის მოწმე, რომელიც სახელმწიფო ბრალდებამ 6 წლის განმავლობაში არ მოიყვანა სასამართლოში და მოვიყვანეთ ჩვენ. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში გიგაშვილმა დაწერა, რომ შემთხვევის ადგილზე ნახა იარაღები და არსად მის ჩვენებაში არ წერია სიტყვა “ორი ავტომატი”. მან ნახა ავტომატი მგზავრის წინა მხარეს და ნახა საბარგულზეც. თუ აქ სადმე სიტყვა „ორს“ იპოვით პასუხისმგებელი ვარ ყველაფერზე. ამავე მოწმემ თქვა ისიც, რომ მივიდა შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში და ნახა იარაღის ამოღება, დაადასტურა, რომ იქ არანაირი სცენები არ დადგმულა”, – განაცხადა გურამ დონაძემ.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ ასევე იმ ექსპერტის დაკითხვაც დაიწყო, რომელმაც საქმეში არსებულ ვიდეომასალას 2013 წელს ექსპერტიზა ჩაუტარა.

“ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა დაადასტურა, რომ ჩვენს მიერ გადაცემულ კადრებში არ არის მონტაჟი, არ არის წყვეტა, არ არის ხარვეზი, არ არის სპეცეფექტები გასროლიდან იარაღების პოვნამდე მონაკვეთში და მეორე მონაკვეთში, სადაც ბუტა რობაქიძე დაჭრილია და პატრულებს დააქვთ იარაღები. ბოლოს ექსპერტმა ასევე თქვა, რომ 2018 წლის პროგრამაც, 2013 წლისაც, 2004-საც და 2020-საც, ყველა ერთნაირად პოულობს კადრის წყვეტას და მონტაჟს. განსხვავება არის მხოლოდ ის, რომ დამატებითი დეტალების პოვნაა შესაძლებელი”, – აღნიშნა დონაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებულ ზაზა ბაქრაძისთვის დღეს დაკითხული არც ერთი მოწმის ჩვენება სანდო არ არის. როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პირველი მოწმის ჩვენება, რომელიც პატრულის ყოფილი თანამშრომელი იყო არაფრისმომცემია, რადგან ის შემთხვევის ადგილზე ცოტა ხანი იმყოფებოდა. ბაქრაძის თქმით, მოწმემ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებაც შეცვალა და დღეს იარაღების თაობაზე აღარ საუბრობს.

ამირან (ბუტა) რობაქიძე 2004 წლის 24 ნოემბერს, წერეთლის გამზირზე მოკლეს.

banner
წინა სტატიაშიჩემი გვარი გამოყენებულია უკანონო გამოძალვისთვის, რასაც ვემიჯნები, აუცილებლად მივმართავ სასამართლოსა და პროკურატურას
შემდეგი სტატიაგორი-მეჯვრისხევის გზაზე ავარიას მოტიციკლის მძღოლი ემსხვერპლა