ჩემი გვარი გამოყენებულია უკანონო გამოძალვისთვის, რასაც ვემიჯნები, აუცილებლად მივმართავ სასამართლოსა და პროკურატურას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მიიჩნევს, რომ „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ ჩანაწერში მისი გვარი აშკარად უკანონო გამოძალვისთვისაა გამოყენებული.

დიმიტრი ქუმსიშვილმა განცხადება სოციალური ქსელით გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ აუცილებლად მიმართავს პროკურატურასა და სასამართლოს.

„გუშინ და დღეს მოვისმინე აუდიოჩანაწერები, რომელშიც ისმოდა ჩემი გვარი და გამოყენებულია ჩემი გვარი აშკარად უკანონო გამოძალვისთვის. ეს ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი. აბსოლუტურად ვემიჯნები მთელ ამ პროცესს. ჩემი ადვოკატი გააკეთებს ჩვენს იურიდიულ ქმედებებზე განცხადებას. ჩვენ აუცილებლად გადავდგამთ ნაბიჯებს და მივმართავთ, როგორც სასამართლოს პატივისა და ღირსების შელახვისთვის, ასევე პროკურატურას – თაღლითობის ნაწილში.

მე კატეგორიულად მოვითხოვ და ვთხოვ პროკურატურას, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ საქმის და საკითხის გამოძიება. აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი სახელი და რეპუტაცია, რომლის შელახვასაც სხვადასხვა დაინტერესებული ადამიანები თუ ჯგუფები, მათ შორის ძალიან გავლენიანი ადამიანები ცდილობდნენ ადრეც და ცდილობენ ახლაც.

მე ვფიქრობ, რომ იქნება ორი იურიდიული ქმედება: ერთი სავარაუდოდ, ზაზა ოქუაშვილის მიმართ ჩემი სახელის და რეპუტაციის შელახვის გამო და მეორე – ლევან ყიფიანთან მიმართებაში.

მე ჩემს გადაწყვეტილებებში ყოველთვის ვხელმძღვანელობდი ქვეყნის ინტერესებით და ყველა ჩემი ნაბიჯი ქვეყნის ინტერესებიდან გამოდიოდა. ყოველთვის ვებრძოდი სახელმწიფოს ხარჯზე გამდიდრების მოსურნე ადამიანების არაჯანსაღ ინტერესებს და სხვათა შორის, დიდწილად სწორედ ამას ვუკავშირებ ჩემს მიმართ წარმოებულ შავ პიარს.

ამ კონკრეტულ საკითხზე მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ომეგა ჯგუფს“ აქვს მრავალმილიონიანი დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტში და რა თქმა უნდა, ყველამ უნდა გადაიხადოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადები, თუ ვინმე ამას იყენებს პირადი გამდიდრებისათვის ან პირადი სარგებლის მიღებისათვის, მან აუცილებლად უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე“, – ნათქვამია ქუმისშვილის განცხადებაში.

დღეს გავრცელდა ფარული ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ მენეჯმენტის წარმომადგენლები საუბრობენ. ჩანაწერის მიხედვით, ყიფიანი ორი მინისტრის ნოდარ ხადურისა და დიმიტრი ქუმსიშვილისთვის ავტომობილებს ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის ქუთაისის შენობაში პოლიციის რეგიონული ცენტრი განთავსდება
შემდეგი სტატიაბუტა რობაქიძის საქმეზე, ყოფილ პატრულს გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში არსად აქვს ნახსენები, რომ შემთხვევის ადგილზე 2 ავტომატი ნახა