ბრიუსელში დღეს ნატოს თავდაცვის მინისტერიალი გაიხსნება

საქართველოსაც შეუძლია ნატო-ს იმედი ჰქონდეს

ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, დღეს თავდაცვის მინისტერიალი გაიხსნება. მინისტერიალში მონაწილეობას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელიც მიიღებს.
თავდაცვის უწყების ინფორმაციით, მინისტერიალის ფარგლებში თინა ხიდაშელი ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს. დაგეგმილია ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა 28+1-ის ფორმატში, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი გახსნის.
თავდაცვის მინისტრი ნატოს შტაბ-ბინაში ორმხრივ შეხვედრებს უცხოელ კოლეგებთანაც გამართავს.
“შესაძლებლობა გვექნება, ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში შევიკრიბოთ. ბოლო პერიოდის განმავლობაში ამ ფორმატმა რეგულარული ხასიათი მიიღო. ბოლო სამი მინისტერიალია მუდმივმოქმედია. ეს კარგად აჩვენებს ჩვენი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას. ბუნებრივია, ყველას ერთი და იგივე ამოცანა გვაქვს, რაც შეიძლება მეტად დააახლოვდეს ჩვენი შეიარაღებული ძალები, ერთი მხრივ, იყოს მაღალი თავსებადობა და, მეორე მხრივ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გამყარდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. ოპტიმისტური გეგმები არსებობს ვარშავის სამიტისთვის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიმართულებით. სწორედ, ამ საკითხზე ვისაუბრებთ ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში,” – აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.
ბრიუსელიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე დასასწრებად გაემგზავრება.
“კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრს ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების გამოწვევებზე ექნება გამოსვლა. ჩვენ ძალიან ბევრი ორმხრივი შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი, როგორც ჩემს კოლეგებთან, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან,” – განაცხადა საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

banner
წინა სტატიაშიშსს უკონტაქტო პატრულირებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
შემდეგი სტატიაცენტრალურ მაგისტრალებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია