ბოკერია: ნიკა მელიას პოლიტიკური დამცირება სურთ

“ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა ნიკა მელია პოლიტიკური დაკვეთით დაიჭირა – მისი პოლიტიკური დამცირება სურთ, ეს არის ივანიშვილის რეჟიმის სახე” , – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა.

„ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს თუ გაუვიდა, რა თქმა უნდა, დიდი სურვილი ექნება ყველა ოპონენტის პოლიტიკური ნეიტრალიზაციის. ამ შემთხვევაში ნიკა მელიასი. ასეთი სურვილი რომ აქვთ, ეს ცნობილია. იმედი მაქვს, ამას საბოლოო ჯამში, ვერ შეძლებენ. ამ შეთანხმებამ, ამ შეცდომამ, იმის მაგიერ, რომ მათთვის ვითარება გაერთულებინა , პირიქით, შეუმსუბუქა და ეს იყო შეცდომა. ამ მძიმე პოლიტიკურ შეცდომაზე პასუხისმგებლობას სამწუხაროდ, ის პოლიტიკური ძალები ინაწილებენ, ვინც ამ შეთანხმებას ხელი მოაწერა და გამარჯვებად გამოაცხადა.

ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა ნიკა მელია პოლიტიკური დაკვეთით დაიჭირა. რა თქმა უნდა, ნებისმიერ წამს, როცა მიიღებენ გადაწყვეტილებას, შეუძლიათ უმარტივესი გზით გაათავისუფლონ. ეს სურვილი რომ არ აქვთ, პოლიტიკური ოპონენტების დასუსტება, მორალური დისკრედიტაცია და ძალის დემონსტრირება რომ სურთ, ეს იცით. სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა გაუზარდა შეთანხმებამ, ამას ჩვენ ყველა ვხედავთ “, – აცხადებს ბოკერია.

ბოკერიას თქმით, „ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს“ პოლიტიკური ოპონენტების, რეჟიმის კრიტიკოსების პოლიტიკური დასუსტება და განადგურება სურს.

„ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ხელშია, როცა მოუნდებათ, მარტივი მექანიზმია – აღკვეთის ღონისძიებას ცვლი, ეს უმარტივესად ხდება. ოღონდ, მათ სურთ პოლიტიკური ოპოზიციის, პოლიტიკური ოპონენტების, რეჟიმის კრიტიკოსების პოლიტიკური დასუსტება და განადგურება, ამ შემთხვევაში ეს ნიკა მელიას ეხება. ამ ვითარებას იყენებენ, რაშიც სამწუხაროდ, ხელი შეუწყვეს იმ ოპოზიციურმა პარტიებმა, ვინც გაუაზრებლად და ნაჩქარევად მოაწერა ხელი. ახლა რასაც ვუყურებ, იქაც მისი პოლიტიკური დამცირება სურთ, ეს არის ივანიშვილის რეჟიმის სახე“, – აცხადებს ბოკერია და დასძენს, რომ „საბოლოო ჯამში, ივანიშვილის რეჟიმს, ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება მოუწევს, პირველ რიგში, ნიკა მელიასი“.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშითბილისის მერია: მედიით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მერია გეგმავს 33 00 ნათურის 65 მლნ ლარად შესყიდვას, სრული სიცრუეა
შემდეგი სტატიაბოკერია მელაშვილზე თავდასხმაზე: ამ საზიზღრობაზე პასუხისმგებელი ივანიშვილის რეჟიმია