ბლინკენი ვაშინგტონში მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ვაშინგტონში მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრს ნიკუ პოპესკუს შეხვდა. შესაბამის ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრისას ენტონი ბლინკენი და ნკუ პოპესკუ მიესალმნენ აშშ-მოლდოვის სტრატეგიული დიალოგის განახლებას ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად და აშშ-ის მხრიდან მოლდოვის რეფორმების მხარდაჭერის გასაგრძელებლად.

ამასთან, მოლაპარაკებების დროს სახელმწიფო მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა განიხილეს მოლდოვის ჰუმანიტარული რეაგირება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკ ომზე. როგორც ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, აშშ აგრძელებს მოლდოვის მხარდაჭერას კრიზისის ეკონომიკურ შედეგებთან გამკლავებაში დასახმარებლად და დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში.მხარეებმა ასევე განიხილეს მოლდოვის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებისკენ მომართული ძალისხმევა.

24 თებერვლის შემდეგ, აშშ-მა მოლდოვას ჰუმანიტარული რეაგირების მხარდასაჭერად 30 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარული დახმარება გამოუყო, ასევე 100 მილიონი დოლარი გრძელვადიანი დემოკრატიული და ეკონომიკური მდგრადობის გასაძლიერებლად.

ენტონი ბლინკენთან გამართული შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ინფორმაციას ავრცელებს მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრიც.

„მოლდოვა სარგებლობს აშშ-ის მხარდაჭერით დემოკრატიული განვითარებისა და რეფორმებისთვის, ასევე უსაფრთხოების კრიზისის დროს. ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაორმაგებთ ძალისხმევას მოლდოვის მდგრადობის გასაძლიერებლად, რათა ჩვენ შევძლოთ დამტკიცება, რომ დემოკრატია მუშაობს, რეფორმები კი შედეგიანია“, – წერს ნიკუ პოპესკუ.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტის დამზადება – გამოყენების და ჯგუფურად დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლებისა და დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაშეერთებული შტატები უკრაინის თემაზე მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრას გამართავს