„ბიუჯეტიდან მოპარული 700 მილიონი ფარცხალაძის სარდაფ-სეიფშია დასაწყობებული“

ზვიად კუპრავა: „ირაკლი შოთაძე ივანიშვილს შავი ფულის გასათეთრებლად სჭირდება“

2018 წლის მაისის ბოლოს ირაკლი შოთაძე იძულებული გახდა, მთავარი პროკურორის პოსტი დაეტოვებინა. მას წასვლა ხალხმა აიძულა, რომელიც ქუჩაში ხორავას საქმესთან დაკავშირებით გამოტანილმა განაჩენმა გამოიყვანა. ის ამ საქმის მასალების მთავარ გამყალბებლად მიიჩნევა. ეს შემზარავი მკვლელობა დღემდე აქტუალურია, თუმცა მთავარი მეოცნებისთვის – არა. ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, ირაკლი შოთაძე კიდევ ერთხელ დააბრუნოს მთავარი პროკურორის პოსტზე. მთავარ პროკურორად შოთაძის მეორედ მოსვლის ამბავს საზოგადოებაში სერიოზულო პროტესტი მოყვა. პროტესტის ფონზე მოუწევს პარლამენტს მისი არჩევაც. ოპოზიცია პირობას დებს, რომ ამ საქმეს ასე არ დატოვებს.

შოთაძეს აქციებს ჰპირდება სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავაც. მას შემდეგ, რაც შოთაძის მეორედ მოსვლის ამბავი გავრცელდა, კუპრავამ რამდენიმე აქცია უკვე გამართა პროკურატურასთან. ერთ-ერთ აქციაზე ის დააკავეს კიდეც. „ქრონიკა+“-სთან კუპრავა ამბობს, რომ თუ შოთაძე მთავარ პროკურორად დაინიშნება, ის მას სისხლს გაუშრობს.

რატომ აბრუნებს ძველ კადრებს ბიძინა ივანიშვილი? რა შავი საქმეების დაფარვა სურს „ოცნების“ ლიდერს? რაზე მეტყველებს ლევან იზორიას ძმასთან დაკავშირებული სკანდალი? ვინ დაამცირა პოლიცია? რა ფულით მოისყიდის ოლიგარქი ამომრჩევლებს? – ამ თემებზე ზვიად კუპრავა გვესაუბრება:

_ ირაკლი შოთაძე 2018 წლის 31 მაისს თანამდებობიდან გადადგა. იმ დღეს მთავარ პროკურატურასთან ხმაურიანი და ხალხმრავალი აქცია გაიმართა. ამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი თქვენ იყავით. მაშინ, ალბათ, ვერ წარმოიდგენდით, რომ წელიწად-ნახევრის შემდეგ ივანიშვილი მის მთავარ პროკურორად დაბრუნებას გადაწყვეტდა.
_ შოთაძის მთავარ პროკურორად დაბრუნება მარტო ერთი ან ორი ადამიანის ან ოპოზიციის სირცხვილი არ არის _ ეს მთელი ქვეყნისთვის თავის მოჭრაა. ივანიშვილი ყველას შეურაცხყოფს. როგორ შეიძლება, მთავარი პროკურორის პოსტზე წარადგინონ ის კაცი, რომელსაც ორი მოზარდის სისხლში აქვს ხელები გასვრილი?! მან გააყალბა ხორავას ქუჩის საქმე და ხალხმა მას ამის გამო დაატოვებინა თანამდებობა. მთელმა საქართველომ იცის, რომ მან შეთითხნა ეს საქმე. შოთაძის ნებართვა რომ არ ყოფილიყო, ვერც მირზა სუბელიანი გააწყობდა რამეს და ვერც რომელიმე სხვა პროკურორი. შოთაძის გარდა ამ საქმის გაყალბებაში მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მიიღო მონაწილეობა. ივანიშვილმა ისიც დააწინაურა და შს მინისტრობიდან პრემიერად გადაიყვანა.
პატარა ბავშვების სისხლში გასვრილი ადამიანის 6 წლით მთავარ პროკურორად დასმას საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ შეეგუება. დაილია ამ ქვეყანაში იურისტები, ეს სისხლიანი კაცი რომ არ დააბრუნონ მთავარ პროკურორად? ისეთი იურისტები გვყავს, პირდაპირ დაფრინავენ. რომელიმე მათგანი წარედგინათ ამ თანამდებობაზე. უამრავი კვალიფიციური იურისტი ჰყავს ამ ქვეყანას. შევხედოთ არასამთავრობო სექტორში მყოფ იურისტებს, ისეთი განათლება აქვთ, რომ თავისუფლად შეძლებენ, უხელმძღვანელონ საგამოძიებო უწყებას.
_ უდიპლომო კადრის დანიშვნაც შეიძლებოდა მთავარი პროკურორის პოსტზე. ერთი უდიპლომო მთავარი პროკურორი ხომ უკვე გვყავდა.
_ უდიპლომო მთავარი პროკურორი ახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა. უდიპლომო ნამდვილად არ გვინდა, იურისტებისა და თანაც კარგი იურისტების მეტი რა არის ამ ქვეყანაში. განათლებული კადრის მოძებნა „ოცნებაშიც“ შეიძლებოდა, მაგრამ აქ სხვა რამესთან გვაქვს საქმე _ ეს არის ბიძინა ივანიშვილის ხუშტური, რომელსაც უნდა, რომ ქართველ ხალხს დასცინოს.
მან გასულ წელსაც დაგვცინა: მთელი სამი თვე საზოგადოება შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდა, ეს კიდევ ადგა და დააწინაურა. შოთაძის მთავარი პროკურორობაც ხალხის დაცინვაა. საზოგადოება ამას არ მოითმენს. პირადად მე ამას არ შევეგუები. სისხლს გავუშრობ ირაკლი შოთაძეს. არ გავჩერდები, დაუშვებელია ამ ადამიანის მთავარ პროკურორად დასმა.
_ მის წინააღმდეგ რამდენიმე აქცია გამართეთ, მაგრამ ხალხი არ მოვიდა. რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ საზოგადოება მის პროკურორად დანიშვნას არ შეეგუება?
_ აქციები ხალხმრავალი არ იყო, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. ხალხის განწყობა მაიმედებს. გამოვკითხოთ ადამიანები, რას ფიქრობენ შოთაძის მთავარ პროკურორად დაბრუნებაზე. დარწმუნებული ვარ, გამოკითხულთა 99.99% ამას უარყოფითად შეაფასებს. რამდენად ორგანიზებადია საპროტესტო მუხტი, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოება შოთაძის მობრუნების წინააღმდეგია. ამას მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრები და კიდევ ერთი ადამიანი მიესალმებიან.
ხორავას ქუჩის საქმე შოთაძეს მძიმე ტვირთად აწევს, მაგრამ მის სახელს კიდევ არაერთი ხმაურიანი საქმე უკავშირდება: მათ შორის, მუხთარლის გატაცება, „ციანიდის საქმე“ და ა. შ. განა, ძნელია ამ საქმეების გამოძიება? უბრალოდ, ამის პოლიტიკური ნება არ არის. რისი გამოძიების ნება არ აქვს ივანიშვილს, მისი გამოძიების ნებაც არ ექნება შოთაძეს. არადა, პროკურატურა ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ორგანოა.
შოთაძის პროკურორად დაბრუნებასთან დაკავშირებით ერთი მნიშვნელოვანი დეტალი მინდა გავიხსენო. დამალული არაა, რომ ბიძინა ივანიშვილი და ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ბიზნესპარტნიორები არიან ფულის გათეთრების საქმეში. ოლიგარქთან ერთად შოთაძის დაბრუნებას ოთარ ფარცხალაძეც უჭერს მხარს. ამ ხალხს იმიტომ უნდა შოთაძის მთავარ პროკურორად დაბრუნება, რომ შავი ფული შეინარჩუნონ.
_ რა შავ ფულზე საუბრობთ?
_ ბიუჯეტიდან გამქრალ 700 მილიონს ვგულისხმობ. ეს ფული დღგ-ებთან დაკავშირებული თაღლითობით მიიტაცეს. ეს სკანდალური საქმე უკვე თვეებია, მიდის. ბიუჯეტიდან მოპარული ფული, როგორც ამბობენ, ფარცხალაძის სარდაფში აწყვია. მოგეხსენებათ, 700 მილიონი ცოტა არაა და ამდენი კუპიურა ერთ პატარა ოთახში ვერ დაეტევა. ფარცხალაძეს წყნეთში სარდაფ-სეიფიანი დიდი სახლი აქვს და ეს ფული იქაა შენახული.
_ ეს დაზუსტებული ინფორმაციაა?
_ დაზუსტებული არ არის, ამის შესახებ რამდენიმე წყარო ყვება. ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია. ამ მოპარულ შავ ფულს ბიუჯეტის ქურდები ვერც ერთ ბანკში ვერ შეინახავენ. სარდაფ-სეიფის შესახებ ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს. ეს უნდა შეამოწმოს პროკურატურამ. შოთაძე მაგიტომ ბრუნდება საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელად, რომ ეს სარდაფი არავინ შეამოწმოს.
პროკურატურას ამ საქმეზე გამოძიება უკვე უნდა ჰქონდეს დაწყებული, ფარცხალაძის სახლებიც გაჩხრეკილი უნდა იყოს. ნავთობკომპანიების წარმომადგენლებმა სასამართლოზე ღიად დაადეს ხელი ოთარ ფარცხალაძეს. 700 მილიონის მოპარვის სქემაში ყოფილი მთავარი პროკურორია პირველი პირი. შოთაძე ამ საქმეს არ გამოიძიებს, ფარცხალაძე და ივანიშვილი კი ამ შავ ფულს არჩევნებზე ხალხის მოსასყიდად გამოიყენებენ. ძალიან არ უნდათ, რომ ეს ფული ასე აქვთ დასაწყობებული, მაგრამ ვერც ერთ ბანკში ვერ გაათეთრებენ ამ რაოდენობის შავ ფულს.
_ მხოლოდ ამიტომ თუ აბრუნებს შოთაძეს ივანიშვილი პროკურორად, სხვა ვინმე დაენიშნა და არც ის მოინდომებდა ფარცხალაძის სარდაფ-სეიფის შემოწმებას, თუკი ასეთი არსებობს.
_ მთავარი პროკურორის შერჩევა მარტივი არაა, ეს საფრთხილო თემაა. ივანიშვილი ვერ გარისკავდა. პროკურატურა დამოუკიდებელი უწყებაა და მის ხელმძღვანელს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. ივანიშვილმა და ფარცხალაძემ შოთაძესთან დაკავშირებით დანამდვილებით იციან, რომ ეს უკანასკნელი ბუნებით მათი „შნირია“. კონსტიტუციით რაც არ უნდა დამოუკიდებლობა მიანიჭო, ის ამათი ქვეშევრდომია და მორჩა! სხვაზე ასეთი დარწმუნებულები ვერ იქნებიან. მათ გარანტირებული მონა სჭირდებათ, რომელიც რაც არ უნდა მოხდეს, მათ წინააღმდეგ გამოძიებას არ დაიწყებს.
გავიხსენოთ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. მასზე ივანიშვილმა თქვა, რომ ხასიათი გამოავლინაო და ამიტომ გადაემტერა. მარგველაშვილი, როგორც პრეზიდენტი, დამოუკიდებელი ფიგურა გახდა. არადა, „ოცნების“ ლიდერს ეგონა, რომ ის მისი „შნირი“ იქნებოდა. პრეზიდენტობამდე შეიძლება, ასეც იყო, მაგრამ პრეზიდენტის რანგში გიორგი მარგველაშვილმა ოლიგარქის „შნირობა“ უკვე აღარ იკადრა.
ეს ყველაფერი მწარედ ახსოვს ბიძინას, ამიტომ ფრთხილობს მთავარი პროკურორის შერჩევისას. ეშინია, სხვამაც არ გამოავლინოს ხასიათი. მთავარი პროკურორის თანამდებობა დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას იძლევა. შოთაძე გარანტირებული ტიპია, სხვა მონა კი შეიძლება აუყირავდეთ, დაჩი ბერაიასავით სპარტაკი გამოვიდეს და მათ წინააღმდეგ ამბოხება მოაწყოს.
_ დაჩი ბერაიას მოწყობილი ამბოხი არ გაიშვა.
_ დაჩი ბერაიამ ამ „ამბოხებით“ დაამტკიცა, რომ მონებს შორის ყველაზე ერთგული მონაა. ისევ მთავარი პროკურორის თემაზე გავაგრძელებ და მიმაჩნია, რომ ძალიან ბევრი ღირსეული კანდიდატია, მათ შორის, გიორგი მშვენიერაძე. მე სიამოვნებით ვიხილავდი მას მთავარი პროკურორის პოსტზე. ეს ადამიანი იმსახურებს ნდობას. ის თუ გახდება მთავარი პროკურორი, ხალხს ამ უწყების მიმართაც გაუჩნდება ნდობა. სწორედ გიორგიმ გააშიშვლა სასამართლო სისტემა, როცა კანდიდატები პარლამენტში მივიდნენ გასაუბრებაზე. მონობას რომ თავი დავანებოთ, ამ ადამიანების განათლება და აზროვნების დონე კრიტიკას ვერ უძლებს.
სახელმწიფოსთვის უმჯობესია, მაღალ პოსტებზე ის პირები დაინიშნონ, ვისაც ხალხის ნდობა აქვს, მაგრამ ხალხში მაღალი ნდობა ნიშნავს, რომ ამ ადამიანს მონობის სურვილი არ აქვს. ასეთი კადრები კი ივანიშვილს არ სჭირდება. მას ისეთი ხალხი აწყობს, ვინც ყველა ახირებასა და დავალებას შეუსრულებს.
_ ძველ პოსტებზე დაბრუნება აქტუალური გახდა. ივანიშვილმა ვახტანგ გომელაური შს მინისტრად დააბრუნა. ეს რას ნიშნავს?
_ მარტო გომელაური რატომ? მინისტრად დააბრუნა კახელების კლანის შეფი ირაკლი ღარიბაშვილი.
_ გომელაურისგან განსხვავებით ირაკლი ღარიბაშვილი სულ სხვა პოსტზე დააბრუნა.
_ რა მნიშვნელობა აქვს? ამის საქმე უფრო სერიოზულია -კაცი პრემიერი იყო, იქიდან გააგდეს, ლანძღეს, ახლა მოაბრუნეს და თავდაცვა ჩააბარეს. საუბარია, რომ კიდევ ერთი ყოფილი პრემიერის, მამუკა ბახტაძის დაბრუნება იგეგმება.
_ ამბობენ, რომ განათლების მინისტრის სავარძელს უმზადებს მას ბიძინა ივანიშვილი.
_ ეს იმას ნიშნავს, რომ ოლიგარქი ერთ წრეზე ტრიალებს და ბევრი მონა არ ჰყავს. ეს, ერთი მხრივ, კარგის ნიშანია. არც ვარგა, როცა ქვეყანაში ბევრი მონა ცხოვრობს. ბახტაძესაც მონების ნაკლებობის გამო დააბრუნებს განათლების მინისტრად. მოქმედმა ხომ ააშენა ჩვენი განათლება და ახლა ეს თუ მოვიდა, სულ ააყვავებს ამ სისტემას.
ერთადერთი, რაც მოქმედმა მინისტრმა ჩხენკელმა გააკეთა, ის იყო, რომ ივანიშვილი ექვთიმე თაყაიშვილს შეადარა. იმ კაცს შეადარა, რომელსაც საქართველოს საგანძური ებარა, თითქმის მშიერი დადიოდა, თხას წველიდა და ამით ირჩენდა თავს, მაგრამ საგანძურს ხელი არ ახლო _ ყველაფერი სამშოლოში ჩამოიტანა. ბიძინა ივანიშვილი კი საქართველოს საგანძურს ითვისებს და ყიდის. მეწველ თხად ბიუჯეტი მიაჩნია.
ოლიგარქი სახელმწიფო ბიუჯეტს უყურებს, როგორც საკუთარ შავ ფულს. იმ მოპარულ ფულს, რომელზედაც ზემოთ ვისაუბრეთ, ივანიშვილი არჩევნებზე გამოიყენებს. გიჟია, საკუთარი ფული დახარჯოს, როცა შეიძლება, შავი საქმე ბიუჯეტიდან მოპარული ფულით გააკეთოს?! 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ძალიან ბევრი ფულის დახარჯვა მოუწევს „ქართული ოცნების“ ლიდერს. უამრავი კრიმინალის, „კანონიერი ქურდის“ მოსყიდვა დასჭირდება. აღარაფერს ვამბობ ამომრჩეველზე, რომელიც მას აღარ ენდობა.
_ როგორც ყოფილ პოლიციელს, მინდა გკითხოთ იმ სკანდალზე, რომელიც ამ დღეებში ვიხილეთ და სადაც ლევან იზორიას ძმა ფიგურირებს. ამაზე რას იტყვით, რა ხდება?
_ ეს ძალიან მძიმე საქმეა. აუცილებლად უნდა დადგეს ლევან იზორიასა და მისი ძმის პასუხისმგებლობის საკითხი. პირველ რიგში კი ის მაღალჩინოსნები უნდა დაისაჯონ, რომლებმაც ხელი დააფარეს უკვე თავისუფლებააღკვეთილ იზორიას. უკვე დაკავებული პირის განთავისუფლება დანაშაულია. ამის უფლება მხოლოდ პროკურორს აქვს, ეს ადამიანი კი უკვე დაკავებული იყო (როგორც კი ადამიანს პოლიცია თავისუფლებას შეუზღუდავს, ის დაკავებულად ითვლება). იზორიას ძმას ხელბორკილებიც დადებული ჰქონდა და პოლიციის მანქანაშიც იჯდა, მაგრამ მაღალჩინოსანმა ის მაინც გაათავისუფლა.
იმ მაღალჩინოსნებმა, რომლებმაც კიტა იზორია გაათავისუფლეს, უნდა წარმოადგინონ პროკურორის შესაბამისი ბრძანება. დაკავებულის განთავისუფლების უფლება შინაგან საქმეთა მინისტრსაც კი არ აქვს. პროკურორის ბრძანება არ არსებობს, ამიტომ მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. გარდა იმისა, რომ შს სამინისტროს მაღალჩინოსნებმა კანონი დაარღვიეს, შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებს, რომლებმაც ლევან იზორიას ძმა დააკავეს. ტრაგედია და განსაკუთრებული ამბავი არ არის, რომ ლევან იზორიას ძმა დააკავეს _ მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებს სხვაგანაც აკავებენ, თუ მათ კანონი დაარღვიეს. ტრაგედია ისაა, რომ უკვე დაკავებული გაათავისუფლეს უკანონოდ,
ყველაზე აღმაშფოთებელი და დამამცირებელი იყო მაღალჩინოსნის მხრიდან ბოდიშის მოხდა. ამ ბოდიშით მთელ პოლიციას მიაყენეს შეურაცხყოფა. ფაქტობრივად, მუნდირის ღირსება გათელეს ფეხქვეშ. ამ მაღალჩინოსანს საკუთარი სახელით რომ მოეხადა ბოდიში, კიდევ არა უშავს, მაგრამ მან მთელი უწყების, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრის, მინისტრის მოადგილეების, დეპარტამენტების ხელმძღვანელების სახელით მოიხადა ბოდიში. პირველ რიგში, ამიტომ არის დასასჯელი ეს ადამიანი.
_ მაგ უწყებაში ეტყობა, ბოდიში ტრენდულია, გახარიამ ბოდიშით არ დაიწყო, როცა შს მინისტრი იყო?
_ ეს პოლიტიკური ბოდიში იყო და სულ სხვა რამეა. ამ შემთხვევაში მაღალჩინოსანმა იმიტომ მოიხადა ბოდიში, რომ პოლიციამ რომელიღაც მინისტრის ძმა დააკავა. თანამდებობის პირის ოჯახის წევრის დაკავების გამო შსს-ს სახელით ბოდიშის მოხდა უმსგავსობაა. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ დაკავებული პროკურორის ბრძანების გარეშე გაათავისუფლეს, რაც უკვე კანონის დარღვევაა.
გიორგი გახარიას ბოდიშს რაც შეეხება, ეს არ იყო გამაღიზიანებელი. მან ქუჩაში პროტესტის გამოსახატავად გამოსულ ახალგაზრდებს მოუხადა ბოდიში და იმ მომენტისთვის ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს ბოდიში ერთგვარი იუდას ამბორი გახლდათ.
_ იუდას ამბორი რატომ?
_ ამ ბოდიშიდან ერთ წელიწადში ახალგაზრდებს თვალები დასთხარა, იმ მომენტში კი ბოდიშით დაძაბული ვითარება განმუხტა. ეს ბოდიში კი, რომელიც შსს-ს მაღალჩინოსანმა მოიხადა, სულ სხვა რამეა. ეს თანამშრომლებისა და პოლიციის მუნდირის შეურაცხყოფაა. იმ ბიჭების სულების შეურაცხყოფა იყო, რომლებიც კრიმინალებთან ბრძოლაში დაიღუპნენ.
ძალიან კარგია, რომ ამ ამბავს ამხელა გამოხმაურება მოყვა. ოპოზიციის აქტიურობასაც მივესალმები. არასამთავრობოებსაც ადეკვატური რეაქცია ჰქონდათ. მანამდე უნდა იყოს პროტესტი ამ საქმის გარშემო, სანამ ის მაღალჩინოსნები არ დაისჯებიან, რომლებმაც პოლიციას შეურაცხყოფა მიაყენეს და მუნდირის ღირსება ფეხქვეშ გათელეს.
ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ, თუ როგორი ქვეყანა გვინდა. თუ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ, მაშინ არავის უნდა ჰქონდეს ინდულგენცია _ დაარღვიე კანონი, პასუხიც უნდა აგო. რა სასჯელს მიიღებს, ეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. რა საჭირო იყო პოლიციელების ასეთი დამცირება?! სხვა გზითაც შეეძლოთ იზორიას განთავისუფლება. წაეყვანათ მაღალჩინოსნის დაკავებული ძმა სასამართლოში, სადაც მას დააჯარიმებდნენ და გამოუშვებდნენ. შესაძლებელია, ჯარიმის გარეშეც გაეთავისუფლებინათ.
_ ამ კადრების გასვლის შემდეგ პოლიციელების დიდ ნაწილს, ალბათ, პროტესტი გაუჩნდებოდა არსებული ხელისუფლების მიმართ.
_ რა თქმა უნდა. წლები ვიმუშავე პოლიციაში და ბევრ მათგანთან დღემდე მაქვს ურთიერთობა. იმედგაცრუებულები არიან. სხვანაირად ვერ იქნება, ეს იყო პოლიციელის მუნდირის შეურაცხყოფა.
პროკურატურასთან მოწყობილი აქციის დროს კიდევ ერთხელ დამაკავეს. მაშინაც მომიწია პოლიციასთან საუბარი. ამ ადამიანებს უკვე საკუთარი თავი ეზიზღებათ, რომ ამ სისტემაში მუშაობენ.
_ რატომ არიან ასეთი განწყობით?
_ პოლიციელებსაც ხომ აქვთ თავიანთი უფლებები? სახელმწიფომ ისინიც უნდა დაიცვას. როცა პოლიციელი უკანონოდ იჩაგრება და ამაზე უწყება ხმას არ იღებს, ეს ძალიან მძიმე ასატანია. მაღალჩინოსნის მობოდიშებაც პოლიციელების უფლების დარღვევაა. აი, ამიტომ ეზიზღებათ საკუთარი თავი, სამართალდამცველ სტრუქტურებში რომ მუშაობენ.
_ რატომ არ მიდიან სისტემიდან?
_ ოჯახები ჰყავთ, ცოლ-შვილს ხომ უნდა რჩენა. იძულებული არიან, დარჩნენ და ბევრი დამცირება აიტანონ. ამ ადამიანებთან ასე მოქცევა არ შეიძლება. ისინი მოვალეობის შესრულებისას საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ.
პროკურატურის ეზოში ბოტასების გადაყრის გამო ჩემი დაკავების ამბავს გიყვებოდით. ეს კადრები ყველამ ნახა. რამდენიმე წუთი დამდევდა პატრული და მერე დამაკავეს. ჩამსვეს მანქანაში და წამიყვანეს, როგორც წესია. მანქანაში ძალიან საინტერესო და, ამავე დროს, აღმაშფოთებელი ამბის მომსწრე გავხდი: მანქანაში მყოფ ერთ-ერთ პოლიციელს გენერალური ინსპექციიდან დაურეკეს და საყვედური უთხრეს. ეუბნებოდნენ, სურათი გადაგიღეთ, დაკავების პროცესში უქუდოდ იყავიო. ამაზე აუტეხეს ერთი ამბავი. ჩემი დაკავება უკანონო იყო, მაგრამ იმაში არაფერი ყოფილა დანაშაული, რომ პოლიციელს ქუდი არ ეხურა. როცა დასაკავებელ ობიექტს დასდევ, იქ ან ქუდი მოგძვრება, ანდა _ ღილი გაგეხსნება. ესეც მიუთითებს, რომ პოლიციელები დაუცველები არიან. მათ მიმართ სოლიდარობაა საჭირო. ადამიანებს, რომლებიც კრიმინალს ებრძვიან, ჩაგრავენ.
_ ვინ ჩაგრავს?
_ თავისივე ხელმძღვანელობა. უამრავი შეურაცხყოფის გადატანა უწევთ. რიგითი პოლიციელების მიმართ სრული სოლიდარობა მაქვს და მზად ვარ, მათი უფლებების დასაცავადაც ვიბრძოლო. ეს ბოლო სკანდალი, რაც ჩვენ ვიხილეთ, იმედია, ბევრ რამეს შეცვლის. ჩვენ იმ მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას უნდა მივაღწიოთ, რომელმაც ჯერ უკანონოდ გაათავისუფლა დაკავებული და მერე მთელი შსს-ს სახელით ბოდიში მოიხადა, რითაც როგორც უკვე ვთქვი, მუნდირის ღირსება შეურაცხყო.

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაში8-9 თებერვალს პარიზის ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართება
შემდეგი სტატია„მალე დახეული ჯინსის ჩაცმის გამო დაგვიჭერენ“