8-9 თებერვალს პარიზის ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართება

8-9 თებერვალს, პარიზის „ბერსის“ სასახლე ძიუდოს უპრესტიჟულეს გრანდ სლემს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 117 ქვენის 688 სპორტსმენი. საქართველოს ნაკრები პარიზის გრანდ სლემზე გადახალისებული შემადგენლობით იჭიდავებს, გუნდში არ იქნებიან მსოფლიოს ჩემპიონები – ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) და გურამ თუშიშვილი (მძიმე). საქართველოს ნაკრები, რომელსაც ნოდარ მეტრეველი წვრთნის შეჯიბრზე 17 ძიუდოისტით წარდგება – 12 ვაჟი და 5 გოგონა.

გუნდის ყველაზე გამოცდილი წევრი ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანია (100 კგ), რომელიც პარიზის გრანდ სლემზე ტრადიციულად წარმატებით ჭიდაობს და შარშანდელი ტურნირის გამარჯვებულია. პარიზში მედლისთვისმ იბრძოლებს ნაკრების ასევე გამოცდილი წევრი, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (90 კგ).

საქართველოს ნაკრებისთვის ეს იქნება ახალი სეზონის პრაქტიკულად პირველი შეჯიბრი, აქამდე ჩვენი გუნდი მხოლოდ ისრაელში გამართულ გრან პრიზე გამოვიდა და იქაც ლიდერების გარეშე. წლევანდელი სეზონი საქართველოს ნაკრებისთვის ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან წინ არის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები, რომლის დაწყებამდე 6 თვე დარჩა და ოლიმპიადამდე დარჩენილი თითოეული შეჯიბრი მნიშვნელოვანია, მითუმეტეს რომ ჩვენს გუნდს ჯერაც მოსაპოვებელი აქვს ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიები და ამ მხრივ პარიზის გრანდ სლემი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტურნირია – შეჯიბრის გამარჯვებული 1000 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

წლევანდელი შეჯიბრის მთავარი ინტრიგა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ძიუდოისტის, მძიმეწონოსანი ფრანგის, ტედი რინერის ჭიდაობაა, რომელიც პარიზულ ტატამს 2013 წლის შემდეგ პირველად დაუბრუნდება და, ცხადია ფრანგი გულშემატკივრებისგან მხარდაჭერილი მხოლოდ ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. რინერი პრაქტიკულად დაუმარცხებელი სპორტსმენი და ჩვენი მსოფლიოს ჩემპიონის, გურამ თუშიშვილოის მთავარი კონკურენტი იქნება ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე. გადაიკვეთება თუ არა მათი გზები ოლიმპიადამდე რთული სათქმელია. ამის შანსი პარიზში იყო, მაგრამ თუშიშვილმა წლევანდელი სეზონის გახსნა დიუსელდორფის გრანდ სლემით გადაწყვიტა, რომელიც 21-23 თებერვალს გაიმართება.

პარიზის ტურნირმა როგორც ყოველთვის, სპორტული ჟურნალისტების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, თუმცა წლევანდელი შეჯიბრი ამ თვალსაზრისითაც გამრჩეულია – პარიზში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მედია-საშუალებებიდან 200-ზე მეტი ჟურნალისტი იმუშავებს, რაც გრანდ სლემის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა.

პარიზში გარდა სპორტსმენებისა საქართველოს კიდევ ორი ადამიანი წარმოადგენს – ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მსაჯი ვლადიმერ ნუცუბიძე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში სტაბილურად ინარჩუნებს ერთ-ერთი წამყვანი მსაჯის სტატუსს და ახლაც, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა რეიტინგში გამორჩეული ადგილი უჭირავს და ასევე, დიქტორი გიორგი ჭანიშვილი, რომელიც პარიზის გრანდ სლემს ზედიზედ მესამედ გაუძღვება. პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ვლადიმერ ნუცუბიძეც და გიორგი ჭანიშვილიც იმუშავებენ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ძიუდოს შეჯიბრზე – ნუცუბიძისთვის ეს რიოს ოლიმპიადის შემდეგ მეორე ოლიმპიური თამაშები იქნება, ხოლო ჭანიშვილი დიქტორის რანგში პირველად წარდგება ოლიმპიადაზე და საერთოდაც ეს იქნება პირველი შემთხვევა ქართული სპორტის ისტორიაში, როდესაც ქართველი ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე დიქტორის სტატუსით იმუშავებს.

banner
წინა სტატიაშიპეკინის გამზირზე მაღაზია რედბერი გაძარცვეს
შემდეგი სტატია„ბიუჯეტიდან მოპარული 700 მილიონი ფარცხალაძის სარდაფ-სეიფშია დასაწყობებული“