„მალე დახეული ჯინსის ჩაცმის გამო დაგვიჭერენ“

ხელისუფლება საოცრებას საოცრებაზე სჩადის. იუსტიციის მინისტრმა „მომაკვდინებელი“ კომპრომატი აუფრიალა ნინო ლომჯარიას და მთელ ქვეყანას აჩვენა, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი ციხეში დახეული ჯინსით რომ იყო შესული. სანამ ერი დახეული ჯინსის გაკრიმინალების შოკიდან გამოვიდოდა, კახა კალაძემ დრო იხელთა და პარლამენტს ღობე შემოარტყა, – ამტკიცებს, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია უნდა დაიწყოს.
ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ჩხარტიშვილი, დარწმუნებულია, ეს ღობე პარლამენტს იმიტომ შემოარტყეს, რომ ოპოზიციას აქციების მოწყობაში ხელი შეუშალონ. მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ უკვე ვერანაირი ღობე ვეღარ დაიცავს. ოპოზიციონერის აზრით, საერთაშორისო ზეწოლით, ხალხისა და ოპოზიციის აქტიურობით, ივანიშვილსა და მის პარტიას პოლიტიკურ სანაგვეზე მოუწევთ წასვლა.

რა შარში არიან მთავარი მეოცნებე და თბილისის მერი? დააპატიმრებენ თუ არა ადამიანებს დახეული ჯინსის ჩაცმის გამო? რას ნიშნავს დასავლეთში გაკეთებული განცხადებები? რას აპირებს ოპოზიცია? რა უნდა გააცნობიეროს საქართველოს მოსახლეობამ? რას სთხოვენ ლეიბორისტები ავსტრალიელებს? – ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ლაშა ჩხარტიშვილი ესაუბრება:

_ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დახეული ჯინსის ტარება, ლამის, კრიმინალად შეაფასა. ჯინსს კომუნისტები არ სწყალობდნენ. რას ნიშნავს წულუკიანის გამოხტომა XXI საუკუნეში _ საბჭოთა კავშირში გვაბრუნებს?
_ ეს არის ბოლშევიზმი და კომუნიზმი _ იმ დროში დავბრუნდით, როცა რკინის ფარდა იყო ჩამოშვებული, სადაც ჯინსების თაობას ებრძოდნენ. რკინის ფარდის მსგავსი რაღაც დაიწყო „ქართულმა ოცნებამ“. ძალაუფლების დაკარგვასთან ძალიან ახლოს არიან. სკამების დაკარგვის საშინლად ეშინიათ. შიში კიდევ ხომ იცით, რა ოხერია, ადამიანს ყველაფერს გააკეთებინებს. ესენიც აირივნენ და რაღაც აბსურდით ცდილობენ არსებული სიტუაციიდან გამოსვლას. მეორე მხრივ, ისეთ რამეებს აკეთებენ, რომ საზოგადოებას კიდევ უფრო აღიზიანებენ. კუთხეში მიმწყვდეული მხეცებივით არიან. ოთხფეხა მეგობრებს ბოდიშს ვუხდი, ამ ცუდ ხალხს რომ ვადარებ.
რკინის ფარდა შემთხვევით არ მიხსენებია: გამოუცხადა თუ არა წულუკიანმა ბრძოლა ჯინსებს, კალაძემ და ივანიშვილმა მეორე დღესვე პარლამენტის შენობას მწვანე ღობე შემოავლეს. იუსტიციის მინისტრს ციხეში მაყურებლების დაბრუნებაზე პასუხი არ აქვს და სახალხო დამცველის ჩაცმულობაზე ყურადღების გამახვილებით ცდილობს ამ სკანდალის გადაფარვას. დახეული ჯინსის გარდა მან ბასკურ ბერეტზეც გაამახვილა ყურადღება. თავისი აზრით, ამით უფრო დაუმძიმა ომბუდსმენის წარმომადგენელს „დანაშაული“.
_ აშკარაა, რომ მისთვის ქურდული ვარსკვლავი პრობლემა არ არის. სამაგიეროდ, დახეული ჯინსი და ბასკური ბერეტია საშინელება, რომელიც თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა.
_ კი ბატონო, ბასკური ბერეტი თავისუფლების სიმბოლოა, ბასკები ჩვენი მონათესავე ხალხია. ისინი კატალონიელებთან ერთად თავისუფლებისთვის იბრძვიან. თუმცა ეს სხვა და ძალიან რთული თემაა და ამაზე ნუ ვისაუბრებთ. სულაც არ გამიკვირდება, რომ ბასკური ბერეტის გაკრიმინალების შემდეგ ივანიშვილმა ბილბაოს „ატლეტიკოს“ გულშემატკივრობაც აგვიკრძალოს. შეიძლება, „ბარსელონას“ ქომაგობაც დანაშაულად ჩაგვითვალონ.
_ ამ მხრივ თქვენ უნდა იყოთ განსაკუთრებით ფრთხილად: სადაც ლობიოს ჰაერში აყრის გამო დაგიჭირეს, იქ „ბარსელონას“ ქომაგობაც შეიძლება კრიმინალად ჩაგითვალონ.
_ არაა გასაკვირი. არ გამოვრიცხავ, რომ მალე დახეული ჯინსის ტარების გამოც დაგვიჭირონ. ისეთი არაადეკვატურები არიან, არ გამიკვირდება, ასე რომ მოიქცნენ. ასეთ შემთხვევაში ნამდვილად მემუქრება პატიმრობა, რადგანაც ჯინსის მოყვარული ვარ. ხანდახან დახეული ჯინსიც მცმია.
_ თქვენ წულუკიანის სტანდარტით მთლად კრიმინალი ყოფილხართ.
_ ასეა, მათ ჯინაზე ახლა უფრო ხშირად ჩავიცვამ დახეულ ჯინსს. მისი ტარება უკვე პრინციპის საკითხი ხდება. მიხეილ სააკაშვილს პოლიციური რეჟიმი ჰქონდა შექმნილი, ივანიშვილმა კი კრიმინალურ-პოლიციური რეჟიმი ჩამოაყალიბა. ამ შემთხვევაში კრიმინალურ პოლიციას არ ვგულისხმობ, რომელიც, ძირითადად, კრიმინალებით არის დაკომპლექტებული. მხედველობაში მაქვს კრიმინალებისა და პოლიციელების ხელით ავტორიტარული რეჟიმის დამყარება. ივანიშვილისთვის მთავარი დასაყრდენი დღეს ძალოვნები და კრიმინალები არიან.
_ კრიმინალებისა და სამართალდამცველების თანამშრომლობა არჩევნებზე განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა.
_ არა მარტო არჩევნების დროს, ოპოზიციის აქციების დროსაც თვალსაჩინო ხდება მათი თანამშრომლობა. ისინი ძალიან შეწყობილად მუშაობენ. კრიმინალურ ავტორიტეტებს ივანიშვილი მაქსიმალურად იყენებს.
_ შავ სამყაროს არ ეხამუშება პოლიციასთან ერთად მუშაობა? მათი კოდექსით ეს კარგ საქციელად ხომ არ ითვლება?
_ შავ სამყაროსა და კრიმინალებზე მაღალი წარმოდგენის არასდროს ვყოფილვარ. მათ დიდ ნაწილს ხელისუფლება მართავდა. ქურდული სამყარო, ზოგადად, ხელისუფლების შექმნილია. პირადად სულაც არ მიკვირს, რომ ე. წ. ავტორიტეტები მზად არიან, ივანიშვილისა და ხელისუფლების სამსახურში იდგნენ.
_ წულუკიანი მაგიტომ მოსთქვამდა, რაც სტალინმა შექმნა, იმაზე მე პასუხს რატომ მთხოვთო?
_ ეს ინსტიტუტი სტალინამდეც არსებობდა, წულუკიანმა ამდენი უნდა იცოდეს, ჯერ კიდევ მეფის რუსეთში ქურდების ინსტიტუტი იმიტომ შეიქმნა, რომ ციხეები და დამნაშავეთა სამყარო გაეკონტროლებინათ. ეს სამყარო ბევრად უსამართლოა, ვიდრე რომელიმე ავტორიტარული ქვეყნის სასამართლო. ერთადერთი, ვინც ჩემში პატივისცემას იწვევს, ეს გურული ფირალები არიან. ისინი ხელისუფლებასთან არასდროს თანამშრომლობდნენ _ ტყეში იყვნენ გაჭრილები და იქიდან ებრძოდნენ რეჟიმს.
_ 13-ჯერ ხართ ნასამართლევი და კი გეკუთვნით ფირალის სტატუსი. თან გურული წარმომავლობაც გიწყობთ ხელს.
_ მარტო ეს რატომ? ცხენითაც კარგად ვჯირითობ და ტყეშიც გავარდნილი ვარ. ასე რომ, შეგიძლიათ, ამიერიდან პოლიტ-ფირალი დამიძახოთ.
_ ტყეში ვარ გავარდნილიო და სადღაა ტყეები?
_ ტყეებიც გაგვიჩეხეს და ეს იმაზე მეტყველებს, თუ როგორ დაუნდობლად ეპყრობა არსებული ხელისუფლება ბუნებასაც და ადამიანებსაც. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია დღეს ჩვენი ქვეყანა. გუშინ სომხებმა დემოკრატიული ინდექსით გაგვისწრეს, ცოტა ადრე ეკონომიკური ინდექსითაც გვაჯობეს. სომხეთს არაფერს ვერჩი, მაგრამ ამ ქვეყანაზე ბევრად უკეთესად უნდა ვცხოვრობდეთ. მათგან განსხვავებით, ჩვენ ბევრად უკეთესი ბუნებრივი პირობები, კლიმატი და გეოპოლიტიკური მდებარეობა გვაქვს. სომხეთს არც ზღვა აქვს, არც სახარბიელო გეოგრაფიული მდებარეობა, არც კარგი კლიმატი, მაგრამ ეკონომიკურად ჩვენზე წინ არის.
ჩვენთან ყველაფერი იმიტომ არის ცუდად, რომ კორუფცია და კლეპტოკრატია მძვინვარებს. სამართლის პოვნა აქ უკვე შეუძლებელია. ჩამოშლილია სახელმწიფო ინსტიტუტები. საქართველოზე უკვე ვეღარ იტყვი, რომ სახელმწიფოა. თეა წულუკიანმა შემთხვევით არ ახსენა ბოსტანი. ქვეყანა ივანიშვილის ბოსტნად იქცა.
საქართველო ივანიშვილის უსიმინდო სიმინდის რესპუბლიკაა. ჩვენი ქვეყანა ოდითგანვე მიწათმოქმედებას მისდევდა, ამიტომ გვიწოდეს, თავის დროზე, გეორგია. ახლა სოფლის მეურნეობის უხარისხო და მავნე პროდუქტების გასაღების ბაზრად ვიქეცით. ივანიშვილის მოსვლის შემდეგ სოფლები კიდევ უფრო დაიცალა. ივანიშვილი, წინამორბედების მსგავსად მიზანმიმართულად აღატაკებს მოსახლეობას. „ოცნების“ ლიდერი ყველაფერს აკეთებს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაიქცეს საქართველოდან. ეს რომ მისი მიზანია, ამას არც მალავს _ საჯაროდ გვითხრა, რომ ჩვენი გერმანიაში გადასახლება უნდა. მას სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულებთან ურთიერთობა უფრო გაუმარტივდება და ჩვენს ადგილზე სხვებს ჩამოასახლებს.
_ ჩამოსახლებულებთან რატომ გაუადვილდება ურთიერთობა?
_ არავინ იფიქროს, რომ ივანიშვილს ან თურქები უყვარს, ან _ ირანელები, ან _ სხვა ტომის ხალხი. ამ ადამიანს არავინ უყვარს. მისი მთავარი სიყვარული ფულია. ახლა ივანიშვილი თავის ყურმოჭრილ მონა კალაძესთან ერთად ირანულ ფულს იზიდავს. აქტიურად ათეთრებენ ირანულ ფულს.
_ ეს ამბავი გახარიას ბრალდებოდა. თქვენ ამბობთ, რომ კალაძე და ივანიშვილიც არიან ამ საქმეში გარეული?
_ გახარიაც ჩართულია ირანული ფულის გათეთრებაში, მაგრამ ამ საქმეში კალაძე უფრო აქტიურია. მოგეხსენებათ, კალაძის ოჯახი სამშენებლო ბიზნესთანაა დაკავშირებული. ამ ბიზნესთან მჭიდრო კავშირში არიან ირანელებიც.
_ ოჯახში მის უშუალო ოჯახს გულისხმობთ, თუ კრიმინალურ ოჯახს?
_ ერთსაც და მეორესაც. გიორგი გახარია, ბიძინა ივანიშვილი და კახა კალაძე მზად არიან, საქართველო ბინა-ბინა, მტკაველ-მტკაველ მიჰყიდონ ირანელებსა თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს. ამით ისინი დიდძალ ფულს შოულობენ და საქართველოს მკვიდრებს თავიდან გვიშორებენ.
გითხარით, რომ ივანიშვილს სხვა ქვეყნიდან ჩამოსულებთან უფრო გაუადვილდება ურთიერთობა. ახალჩამოსული ემიგრანტი, ბუნებრივია, უფრო მოკრძალებულად იქცევა, ვიდრე ადგილობრივი მოსახლეობა. ჩვენ ბევრად უფრო აქტიურად ვიბრძვით ჩვენი უფლებების დასაცავად. ისინი ასეთ აქტიურობას, პირველ წლებში, ვერ გამოიჩენენ, აქედან გამომდინარე, სტუმრები ურჩევნია ივანიშვილს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კაცი გორბაჩოვისა და მისი მეუღლის ოცნებას ასრულებს _ მათ სურდათ, საქართველო ქართველების გარეშე ეხილათ.
ჩემი აზრით, სასწრაფოდ უნდა გადაიხედოს ბინადრობის უფლებისა და მოქალაქეობის მიცემის კანონი. ევროპაში მოქალაქეობასა და ბინადრობის უფლებას იმ შემთხვევაში აძლევენ, თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე იქ მნიშვნელოვან ინვესტიციას ჩადებს და გარკვეული რაოდენობის ადამიანებს დაასაქმებს. ჩვენთან რა ხდება? _ საკმარისია, ვინმემ სახლი იყიდოს, რომ მას ბინადრობის უფლება ეძლევა. ბინის გაყიდვა სახელმწიფოს რაში არგია? ამით მხოლოდ ის ნახულობს ხეირს, ვინც აშენებს. სამშენებლო ბიზნესში კი კალაძეა ჩართული, მთელი თავისი ოჯახით. ამათ თუ ვაცალეთ, 10 წლის შემდეგ საქართველოში მართლა აღარ დარჩებიან ქართველები. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოება ამას არ დაუშვებს. საქართველო უქართველებოდ არ დარჩება!
_ დარწმუნებული ხართ, რომ ჩვენი ხალხი ამას არ დაუშვებს? უამრავი უკანონობისა და გადაცდომის მიუხედავად, ხალხი ისევ სახლში ჯდომას ამჯობინებს. საზოგადოების დიდი ნაწილი არაფერზე რეაგირებს.
_ ჩვენი საზოგადოება ვალდებულია, გამოფხიზლდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ქვეყნიდან გაქცევა მოუწევს. ისედაც უამრავი ადამიანი გაიქცა უკვე. ყველა სხვა უბედურებასთან ერთად ბიძინა ივანიშვილი და მისი კრიმინალური ოცნება ეკოციდსაც გვიწყობს. ლეიბორისტულმა პარტიამ საერთაშორისო თანამეგობრობისა და ავსტრალიის სახელზე საგანგებო მიმართვა მოამზადა. ჩვენ მათ მოვუწოდებთ, რომ საერთაშორისო ეკოტერორისტ ივანიშვილის ოჯახისგან არ მიიღონ არანაირი ფინანსური დახმარება.
_ ავსტრალიის ხელისუფლებას რატომ მიმართა?
_ „ოცნების“ ლიდერის შვილმა, ბერა ივანიშვილმა, განცხადება გაავრცელა, რომ ეძებს გზებს, რათა ავსტრალიაში ხანძრით დაზარალებულებს დაეხმაროს. ბრაზილიაშიც ხომ გადარიცხეს ფული, ამაზონის ჯუნგლები რომ იწვოდა. ჩვენ ავსტრალიის ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ ეკოტერორისტის ოჯახისგან არანაირი ფული არ მიიღოს. მთელ მსოფლიოს გავაგებინებთ, რომ ივანიშვილის ფული მწვანე სისხლითაც არის ნაშოვნი. დაცინვაა, რომ ეკოტერორისტი გარემოს დაცვის მიზნით რიცხავდეს თანხებს.
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია იმის თქმა, რომ საქართველოს ისრტორიაში ყველაზე დიდი და დაუნდობელი ეკოდამნაშავე ივანიშვილის ოჯახია. ასეთი მსხვილი დამნაშავე არ გვყოლია. იმას არ დასჯერდა, რომ საყდრისი ააფეთქა და მთელი ქვემო ქართლი მოწამლა, გარშემო სულ გაჩეხა ტყეები. ეს გაჩეხილი ტყე პირველებმა სწორედ ჩვენ აღმოვაჩინეთ.
_ თეთრი წყაროში აღმოჩენილ ხეების სასაფლაოზე საუბრობთ?
_ კი. იქ შალვა ნათელაშვილიც იყო ჩასული. მანდ ხეების უზარმაზარი სასაფლაო აღმოვაჩინეთ. შალვამ ადგილიდან გააკეთა განცხადება. მაშინ ამას დიდი სკანდალი მოყვა.
„ქართული ოცნების“ ლიდერმა ბუნება ჰესების გამო გაანადგურა. არადა, ივანიშვილი პირადად დაჰპირდა მოსახლეობას 2012 წელს, რომ გიგანტური ჰესების აშენებას არ დაუშვებდა, მაგრამ მოვიდა თუ არა, მაშინვე დაიწყო მათი მშენებლობა. ეს ჰესები კრიპტოვალუტის წარმოებას სჭირდება, რადგან ის დიდი ოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარს.
_ ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლამდე ისიც თქვა: დაუშვებელია, ვიღაცის ახირების გამო ხეები რომ იჭრებაო.
_ ეს მართლა დაუშვებელია, მაგრამ თავად უარესს აკეთებს. ის ხეებს კი არ ჭრის, მთელ ტყეებს ჩეხს. შაორზე ძვირფასი და იშვიათი ჯიშის ხეების მოჭრა დაიწყო მისი კომპანია „ატუს“ მეშვეობით. იმაზე აღარაფერს ვამბობ, ხეები რომ გადააქვს დენდროპარკში და ამის გამო ათასობით ხე მოაჭრევინა და მოათხრევინა. თან იქით გვამადლის, ამ დენდროპარკს თქვენთვის ვაკეთებო. მისთვის დენდროპარკის გაშენება არავის უთხოვია.
არც ის უთხოვია ვინმეს, თბილისში ხეები გაჩეხეთ და იქ კორპუსები ჩადგითო. ესენი ყოველ ნაბიჯზე კორპუსებს დგამენ და ამისთვის არც ბაღებისა და სკვერების განადგურებას ერიდებიან. რა ხდება ანას ბაღის ირგვლივ, ვხედავთ. კრიმინალი კალაძე ყველაფერს აკეთებს, რომ იქ კორპუსი ააშენოს. სულ არ აინტერესებს, იქ მცხოვრებლებს ჰაერი რომ აღარ ექნებათ.
გარემო კატასტროფულად არის დაბინძურებული. სოციალურ ქსელში რუსთავის ფოტოები იდება და როცა ვუყურებ, გული მისკდება. როცა პირველად შევხედე, მეგონა, სერიალ „ჩერნობილის“ სარეკლამო პლაკატი იყო. ვერაფრით ვიჯერებდი, რომ ასეთი რამე რუსთავში ხდება. თბილისში არანაკლებ მძიმე ვითარებაა გამონაბოლქვის გამო. საშინლად არის დაბინძურებული სხვა ქალაქები _ ჭიათურა, ზესტაფონი, ტყიბული.
_ ქვემო ქართლშიც მძიმე მდგომარეობაა.
_ მანდ საერთოდ კატასტროფა ხდება _ ბუნებასაც ანადგურებს და ხალხსაც წამლავს. ისტორიული მემკვიდრეობაც კი მოსპო, დამატებითი მილიონები და მილიარდები რომ ეშოვა. ჩვეულებრივი კრიმინალი ეკოტერორისტია. როგორ შეიძლება, მისმა ოჯახმა სადმე რამე გადარიცხოს და ბუნების დამცველის იმიჯი შეიქმნას? ისიც საკითხავია, რისთვის აპირებს ამ ფულის გადარიცხვას. მას ბუნება საერთოდ არ აინტერესებს. ჩვენ, ლეიბორისტები, აუცილებლად ვამხელთ ამ ეკოტერორისტს და მთელ მსოფლიოს გავაგებინებთ, რომ ის საკუთარ ხალხს ეკოციდს უწყობს. ამაზე დასავლეთს აუცილებლად ექნება რეაქცია და ის დაუყოვნებლივ მოსთხოვს პასუხს ივანიშვილს.
_ ასეთი დარწმუნებული რატომ ხართ?
_ იმიტომ, რომ ეკოციდის მოწყობა დანაშაულია. წლების წინათ, როცა ივანიშვილისთვის ფინანსური სანქციების დაწესებაზე დავიწყეთ საუბარი, საქართველოში ამაზე ეცინებოდათ კიდევაც. ახლა ამ თემაზე ყველა ლაპარაკობს, მათ შორის, კონგრესმენები, ამერიკული წამყვანი მედიასაშუალებებიც ამაზე წერენ.
აქტიურად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას „ოცნების“ ლიდერის ნამდვილი სახე ვაჩვენოთ. გადამგდები და სიტყვის გამტეხი რომ არის, ყველამ გაიგო, ახლა კი როგორც ეკოტერორისტი, ისე უნდა გაიცნონ. ასეთი ადამიანი არ შეიძლება, მართავდეს ქვეყანას.
მჯერა, რომ ჩვენმა ბრძოლამ უკვე გამოიღო შედეგი და კრიმინალურ ხელისუფლებას პოლიტიკურ სანაგვეზე მოუწევს გადაბარგება. დასავლეთში არ დარჩენილა გავლენიანი პოლიტიკოსი, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ემხილა. ერთი დედა არ უგინებიათ „ოცნებისთვის“, დანარჩენი ყველაფერი უთხრეს.
_ რაც მაგათ ჩვენს ხელისუფლებას შემოუთვალეს, დიპლომატიური გინებაა.
_ გეთანხმები. ეტყობა, ესენი ტრამპის ტვიტერიდან ელოდებიან ჩვეულებრივ გინებას. აშშ-ის პრეზიდენტს ტვიტერზე უხამსი სიტყვების გამოყენება ახასიათებს ხოლმე. შეიძლება, მისგან რაკეტასაც კი ელოდებიან. იმედი მაქვს, გინებას დასჯერდებიან და მთლად რაკეტას არ დაელოდებიან. იმდენს მაინც ნუ იზამენ, რომ პოლიტიკურად სულეიმანის გზას გაუყენონ.
_ რაკეტის სასროლად კი შემოუღობა ივანიშვილმა ადგილი დასავლეთს, პარლამენტს მშვენიერი მწვანე ღობე შემოარტყა.
_ ამ ღობის შემოვლებამ ასლან აბაშიძე და ენვერ ხოჯა გამახსენა _ ალბანეთის დიქტატორი მთელ მსოფლიოს უპირისპირდებოდა. ის აქტიურად თხრიდა ბუნკერებს. შემთხვევით არ დავაწერე მწვანე კედლის აღმართვის პირველ დღეს მას ივანიშვილის ბუნკერი. გამორიცხული არაა, „ქართული ოცნების“ ლიდერმა მართლაც დაიწყოს ბუნკერების თხრა.
_ ბუნკერი უკვე გათხრილი აქვს, ოღონდ სოლოლაკის სასახლის ქვეშ.
_ ეგ თავისთვის აქვს, მაგრამ ყუმოჭრილ მონებსაც ხომ უნდა გაუმზადოს ბუნკერი. არ გამიკვირდება, თუ პარლამენტის სხდომებს მომავალში იატაკქვეშა ბუნკერში გამართავს. საშუალებას თუ მივცემთ, მართლა გათხრის სანგრებს. დარწმუნებული ვარ, ამის გაკეთებას ვეღარ მოახერხებს. დასავლეთის ჩართულობა და საზოგადოების აქტიურობა მას დათმობებზე წასვლას აიძულებს.
მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, რომ საღად შეაფასეს ქვეყანაში არსებული ვითარება. ეს სტიმულია ჩვენთვის, მაგრამ გამარჯვების მოსაპოვებლად მაინც ხალხის აქტიურობაა საჭირო. ხალხიც გააქტიურდება, ახლა პოლიტიკურად მკვდარი სეზონია და პარლამენტიც ისვენებს, მაგრამ როგორც კი მუშაობას განაახლებს, ოპოზიციაც დაიწყებს აქციებსა და პიკეტებს. ხელისუფლებას მაქსიმალური დისკომფორტი უნდა შევუქმნათ და დანაპირების შესრულება ვაიძულოთ. ასე შევძლებთ მივაღწიოთ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, სადაც ხალხი გადაწყვეტს, ვის ანდობს ქვეყნის ბედს. ძალიან კარგია, დასავლეთი რომ აქტიურობს, მაგრამ უცხოელი პოლიტიკოსები ჩვენს ნაცვლად ვერ დადგებიან მიტინგებზე.
ხელისუფლებას უყვარს თავების დათვლა და რაც მეტი ადამიანი გამოვა ქუჩაში, მით უფრო მალე მივაღწევთ შედეგს. ამიტომ მოვუწოდებ საზოგადოებას, თუნდაც ერთი საათით მაინც გამოვიდნენ აქციებზე. ახლა ქუჩაში საქართველოსა და, შესაბამისად, მათი ბედი წყდება. საერთაშორისო მხარდაჭერა გვაქვს და ერთიანობა გვჭირდება, რათა ივანიშვილის მახინჯი მმართველობა დავასრულოთ. მასთან ერთად დავასრულებთ ბოლშევიკურ მმართველობასაც. პროპორციული არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ვერც ერთი პარტია ვერ აიღებს უმრავლესობას და ვერ შეძლებს ქვეყნის ერთპიროვნულ მართვას. ასეთმა მმართველობამ საქართველოს უბედურების მეტი არაფერი მოუტანა. ერთპარტიული მმართველობა წარსულს უნდა ჩაბარდეს.

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაში„ბიუჯეტიდან მოპარული 700 მილიონი ფარცხალაძის სარდაფ-სეიფშია დასაწყობებული“
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: 12 მილიონიანი ბოტანიკური ბაღი კომკავშირულ პარკს ჰგავს ვიდრე დადიანისეულ ბაღს