ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში წასვლა სიცოცხლის რისკთან იყო დაკავშირებული-ზოიძე

ოპონენტები ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ, რომ საქართველო შეისყიდა და თურმე, 3 მილიარდი იმისთვის დაუხარჯავს, რომ 25 წლის თავზე პოლიტიკაში მოსულიყო, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა.

დეპუტატის შეფასებით, ასეთ ადამიანებთან საუბარს აზრი არ აქვს, მაგრამ თუ საზოგადოებაში კითხვები არსებობს, რა მოტივაცია აქვს ბიძინა ივანიშვილს, მან ამას დღევანდელ ინტერვიუში ნათელი პასუხი გასცა.

„სოციალური მეწარმეობა და სოციალური ბიზნესი არსებობს. არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ არა პირად სარგებელზე, არამედ ქვეყნის სარგებელზე, თუ ქვეყანასა და ათასობით ადამიანს სიკეთეს მოუტანენ, ეს მათ დიდ სიამოვნებას ანიჭებთ. მსოფლიოში ცოტაა ისეთი ბიზნესმენი, რომლებიც ასეთ დიდ სოციალურ პრობლემებს ეჭიდებიან და საკუთარი თავის რეალიზებად მიაჩნიათ უდიდესი პრობლემების გადაჭრა, ეს იქნება სოციალური პრობლემები, ეკოლოგია, კაცობრიობის განვითარებისკენ მიმართული თუ სხვა“, – განაცხადა ზოიძემ.

დეპუტატის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში, სწორედ ასეთი სახის მეწარმეობაზეა საუბარი.

„რაც მან საქართველოში გააკეთა, სოციალური მეწარმეობის ხასიათს ატარებს, ეს იქნება საბანკო თუ სხვა საქმე. ბიძინა ივანიშვილი ფუნდამენტის როლს ასრულებს, რომელზეც სხვა მეწარმეებმა, ბიზნესმენებმა უნდა ააგონ ისეთი სამუშაოები, საწარმოები, რაც ქვეყანას ათიათასობით სამუშაო ადგილს მოუტანს. ეს არის არსი სოციალური მეწარმეობისა და ქველმოქმედების. ბიძინა ივანიშვილი საკუთარი თავის რეალიზებას იმაში პოულობს, რომ ათასობით ადამიანის პრობლემებს წყვეტს. ეს რუსთაველიდან დაწყებული, ევროპის რენესანსის მომტანი, ამაღორძინებელი ადამიანებისთვის არის ცხოვრების არსი“, – განაცხადა ზოიძემ.

მისი თქმით, არავის უნდა უკვირდეს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში წასვლა სიცოცხლის რისკთან იყო დაკავშირებული.

„მგონი, 2011-2012 წლები დაგვავიწყდა და ისიც, იმ დროინდელ პოლიტიკურ რეჟიმს რა რეაქცია ჰქონდა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლაზე, მათ შორის, ლიკვიდაციაზე რომ არ იტყოდნენ უარს, ამაზე პატარკაციშვილის მაგალითი მეტყველებს. ამის გაბაიბურება და დაკნინება არავის გამოუვა, ვისაც 2011 წელი ახსოვს. ამხელა ქონების პატრონს არანაირი პირადი ვალდებულება აქ ჰქონდა, პოლიტიკაში მოსულიყო“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

banner
წინა სტატიაში“ეს ბიძინა ივანიშვილის პირადი ფულია”-კახა კალაძე მთაწმინდის პროექტზე
შემდეგი სტატია“რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია”-ბიძინა ივანიშვილის ხედვა ქველმოქმედებაზე