ბიძინა ივანიშვილი: ვფიქრობ, “ქართულ ოცნებას” კვირიკაშვილის ლიდერობით ალტერნატივა არ გააჩნია

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბეჭდური და ონლაინ-მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას აღნიშნა, რა დოზით არის ჩართული საარჩევნო კამპანიაში.

ბიძინა ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ თუ თეორიულად წარმოვიდგენთ, რომ „ქართული ოცნება“ კურსს შეიცვლის, მხარს დაუჭერს იმას, ვინც ქვეყანას სწორი მიმართულებით წაიყვანს.

„მე არ ვარ პროცესებში ჩართული. „ოცნების“ საარჩევნო პროცესებში ჩართვა შეიძლება, გადაჭარბებული იყოს. მე შტაბში არ დავდივარ. შეიძლება თვეში ერთხელ შეკრებას დავესწრო, თუ ვინმეს რაიმე კითხვა გაუჩნდება. პროცესები მიდის ჩემს გარეშე. რაც შეეხება ჩემი, როგორც მოქალაქის აქტიურობას, ჩემი სურვილია, რომ “ოცნებას” მხარდაჭერა გამოვუცხადო, ვინაიდან ეს არის ერთადერთი პარტია, რომელიც ევროპული მიმართულებით გააგრძელებს სიარულს. მხოლოდ ამ მიზეზით ვუჭერ მხარს. თუ წარმოვიდგენთ თეორიულად, რომ „ოცნება“ შეიცვლის მიმართულებას და ღირებულებებში აღრევა მოხდება, მე მას დავუჭერ მხარს, ვინც ქვეყანას სწორი მიმართულებით წაიყვანს. გუნდში არის უამრავი წარმატებული პიროვნება, ვინც იზიარებს ამ კურსს. ამ მიმართულებით „ოცნებას“ ალტერნატივა არ ჰყავს და მე მოვუწოდებ მოსახლეობას, არ დაემორჩილონ იმ აგიტაციას, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” აკეთებს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა მოუწოდა ექსპერტებს, მივიდნენ „საზოგადოება 2030“-ის ორგანიზებულ ეკონომიკურ ფორუმზე და დაასაბუთონ, რისი გაკეთება შეიძლებოდა 3-4 წელიწადში.

„ეკონომიკური სიდუხჭირით სპეკულირება არის გარკვეული ხიფათი იმისთვის, რომ მოსახლეობას გაუჭირდეს არჩევანის გაკეთება. არავინ ამბობს, რომ მთავრობამ გააკეთა მაქსიმალური. ამბობენ, გადით რეგიონებში რამდენი გაჭირვებულიაო. გაჭირვებული იქნება და ამის აღმოფხვრა 3-4 წელიწადში შეუძლებელია. ეს უნდა მოხდეს 10-15 წელიწადში. მოსახლეობამ უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი. მე ვფიქრობ, რომ “ქართულ ოცნებას” კვირიკაშვილის ლიდერობით ალტერნატივა არ გააჩნია. დიდი სურვილი მაქვს, მოსახლეობამ ამის ანალიზი გააკეთოს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: ,,ნაციონალურ მოძრაობას“ ბარიერის გადალახვა გაუჭირდება
შემდეგი სტატიასტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილისა და მისი ადვოკატების სასარგებლოდ 12 ათასი ევროს გადახდა დააკისრა