სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილისა და მისი ადვოკატების სასარგებლოდ 12 ათასი ევროს გადახდა დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლო საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

როგორც გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, მოსარჩელე მხარე აცხადებდა, რომ ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა და მისი დაკავება ხელისუფლების მიერ პოლიტიკიდან ჩამოშორების მიზნით იქნა გამოყენებული. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, მოხდა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა, რომელიც უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს ეხება. “ხსენებულ უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციით დაშვებული შეზღუდვები გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ მათთვის გათვალისწინებული მიზნებისათვის“, – ნათქვამია კონვენციის მე-18 მუხლში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქართველოს ხელისუფებას ვანო მერაბიშვილისა და მისი ადვოკატების სასარგებლოდ კომპენსაციის სახით სამი თვის განმავლობაში 12 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. თავად მოსარჩელე მხარე არამატერიალური ზარალისა და ხარჯების ანაზღურების მიზნით დაახლოებით 55 ათას ევროს ითხოვდა.

სტრასბურგის სასამართლომ დაასკვნა, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეში არ მომხდარა კონვენციის მეხუთე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა. განმცხადებელი აცხადებდა, რომ მისი წინასწარი დაკავების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება სამართლებრივი საფუძველს მოკლებული იყო შიდა კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის ნაკლოვანებების გამო, რაც მეხუთე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა იყო.

ვანო მერაბიშვილის დაცვის მხარე აცხადებდა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებები მისი წინასწარი პატიმრობის შესახებ უსაფუძვლო იყო, რითაც დაირღვა კონვენციის მეხუთე მუხლის მესამე პუნქტი. სტრასბურგის სასამართლომ დაასკვნა, რომ საქარველოს სასამართლოს 2013 წლის 22 და 25 მაისის გადაწყვეტილებით არ მომხდარა კონვენციის მეხუთე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევა. თუმცა სტრასბურგის სასამართლომ დარღვევად ცნო 2013 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში დატოვების შესახებ.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: ვფიქრობ, “ქართულ ოცნებას” კვირიკაშვილის ლიდერობით ალტერნატივა არ გააჩნია
შემდეგი სტატია“ჩვენ ხომ ვიცით ვინ იყო მერაბიშვილი, სტრასბურგის სასამართლოს შესაბამისი ორგანოები უპასუხებენ”